დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კანდიდატების საწყისი კაპიტალი
2017/10/17 15:07:40

არჩევნებზე პარტიების მიერ წარმოდგენილი კანდიდატების კვალიფიკაცია და ბინესი ყოველთვის მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა

საქართველომ“ იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებისა და პირველი ნომრების კვალიფიკაციები და ბიზნეს-ინტერესები შეისწავლა. შესწავლა ძირითადად, საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით და კანდიდატების მიერ შევსებული დეკლარაციებით მოხდა.


არჩევნებში მონაწილე წამყვანი 5 პარტიიდან, მერობის კანდიდატი იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ჰყავს “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” და საარჩევნო ბლოკ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.

 

საარჩევნო ბლოკ „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი არ ჰყავს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ხოლო საარჩევნო ბლოკ „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალ საქართველოს” მერობის კანდიდატები ჰყავს ქუთაისში, ხარაგაულში, ზესტაფონსა და წყალტუბოში. რაც შეეხება „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსს”, მერობის კანდიდატები არ წარუდგენიათ საჩხერეში, ბაღდათსა და ხონში.

 

იმერეთის მუნიციპალიტეტებში მერობის 73 კანდიდატს შორის მხოლოდ ხუთია ქალი.საკრებულოს არჩევნებისათვის წარდგენილი პარტიული სიების პირველ ნომრებს შორის 20 ქალია, აქედან ორი ქალი კანდიდატი მმართველმა პარტიამ წამოაყენა. ყველაზე მეტი ქალი პარტიული სიის პირველ ნომრად (9 კანდიდატი) პარტია, “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზამ” დაასახელა.

 

კვლევის მიხედვით, 11 კანდიდატი გამოიკვეთ, რომელმაც პარტიისთვის შემოწირულობა გაიღო.

 

„შესწავლილი კანდიდატები, ძირითადად, საკუთარ პარტიებს ურიცხავენ შემოწირულობებს. კახაბერ მახათაძემ – “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა 2016-2017 წლებში, კანდიდატებს შორის, ყველაზე მეტი თანხა გაიღო პარტიისთვის, კერძოდ, მან “ქართულ ოცნებას” ჯამში 90 000 ლარი გადაურიცხა. 89 234 ლარი შესწირა საკუთარ პარტიას საარჩევნო ბლოკ “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის”  თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა და პარტიული სიის პირველმა ნომერმა ხვიჩა წკეპლაძემ.“ – განაცხადა ლელა მოწონელიძემ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კოორდინატორმა იმერეთში.

 

„ქართული ოცნების” 12 კანდიდატიდან 6 მერობის კანდიდატი არის ბიზნეს-კომპანიების მეწილე ან/და ხელმძღვანელი.

 

ქუთაისი – გიორგი ჭიღვარია:

გიორგი ჭიღვარიას მიერ 2017 წლის მარტში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ სამ სახლს ქუთაისში, თბილისსა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში, ასევე მიწის ნაკვეთს ქუთაისში (1995 წელს გიორგი ჭიღვარიას მამამ საცხოვრებელ სახლში 10 000 აშშ დოლარი, გიორგი ჭიღვარიამ 2007 წელს მიწის ნაკვეთში 5600 ლარი, მეუღლემ, თამთა ფოფხაძემ კი, 2013 წელს თბილისში ბინის შესაძენად 39000 აშშ დოლარი გადაიხადა). გიორგი ჭიღვარია ასევე არის შპს “კოლეგიოს” (ს/კ – 204562179) მეწილე, თუმცა მას აღნიშნული ინფორმაცია არ აქვს დეკლარირებული. ჭიღვარია აღნიშნავს, რომ შპს-ს არ უმუშავია.

 

ზესტაფონი კახაბერ მახათაძე:

1988-1998 წლებში მუშაობდა თბილისის შამპანურის ქარხანაში ინჟინერ-ტექნოლოგად; 1998-1999 წლებში იყო ხაშურის ძეხვეულისა და ნაყინის ქარხნის დირექტორი; 1999-2003 წლებში  ეკავა საქართველოს საპატრიარქოს „ხაშმის“ ღვინის ქარხნის დირექტორის თანამდებობა; 2003-2011 წლებში იყო საპატრიარქოს აგროსამრეწველო დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2009-2010 წლებში იყო საპატრიარქოს წარმომადგენელი, სამთავრობო კომისიის წევრი; 2011 წლიდან კვლავ საქართველოს საპატრიარქოს „ხაშმის“ ღვინის ქარხნის დირექტორია.

 

კახაბერ მახათაძე შპს „კაფ – ჯგუფისა“, შპს „ჯეოლოტო და შპს „გრუზსპირტპრომი” 100% წილის მფლობელია, ასევე 65% წილის მესაკუთრეა შპს „იმერეთი 2011- ში“ და შპს „GVMT Group-ში“ 50% წილს ფლობს, ხოლო შპს „იმერეთი 777” -ში 34% წილის მესაკუთრეა. მან მიმდინარე წლის სექტემბერში სხვა პირებს გადააბარა, როგორც ხელმძღვანელი პოზიციები, ასევე წილების მართვა.

 

შპს “იმერეთი 2011”-მა 2015 წელს გამარტივებული შესყიდვით 3 ხელშეკრულება დადო, რომელთა საერთო ღირებულებამ 1355 ლარი შეადგინა. მახათაძემ “ ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს ”2016 წელს  50 000 ლარი, ხოლო 2017 წლის 1 აგვისტოს – 40 000 ლარი შესწირა.

 

თერჯოლა – ბონდო სოფრომაძე,   არის    შპს “ახალი დონის” 100% წილის მესაკუთრე, რომელსაც ხელმძღვანელობს მისი შვილი გიორგისოფრომაძე.

 

ბაღდათი – არჩილ გოგსაძე – ააიპ თელავის მუნიციპალიტეტის „ღვინის პარკის“ დირექტორის თანამდებობას იკავებს; ამასთან, არჩილ გოგსაძე შპს „აგუნას“ დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელია, ასევე შპს “გრანდის” 50% წილის და შპს “არქიტექსის” 50%-იანი წილის მესაკუთრეა, თუმცა შპს “არქიტექსის” წილი დეკლარაციაში მითითებული არ აქვს .

 

ხონი –  ლადო ჯურხაძე – იგი რამდენიმე შპს-ის დირექტორი და მეწილეა, კერძოდ: შპს “გლობალ ენერჯი სოლუშენს” – დირექტორი და 100% წილის მფლობელი; შპს “ბატონო ტრეველიძე” – დირექტორი და 100% წილის მფლობელი; შპს “მახაუტო” – დირექტორი და 100% წილის მფლობელი.

 

სამტრედია ვალერიანე ფოცხვერია – შპს “ელიტა 5 +” 20% წილის მესაკუთრეა.

 

“ევროპული საქართველოს” მერობის  ერთი  (კობა მოდებაძე – საჩხერე) და “პატრიოტთა ალიანსის”  სამი კანდიდატი  არის ბიზნესკომპანიების მეწილე ან/და ხელმძღვანელი (გრიგოლ ბახტაძე – ქუთაისი; ხვიჩა წკეპლაძე – თერჯოლა; პაატა კიკნაძე – ხარაგაული).

 

„ხოლო რაც შეეხება პარტიული სიების პირველ ნომრებს, წარდგენილი კანდიდატებიდან “ ქართული ოცენების” 2 კანდიდატი (ნიკოლოზ ლატარია – ქუთაისი, მანანა ბარბაქაძე – ხარაგაული), ხოლო  “ნაციონალური მოძრაობის” 3 კანდიდატი (ბესიკ ბრეგაძე – ქუთაისი; პაატა ლეჟავა – ვანი; მამაუკა საღარეიშვილი – წყალტუბო)  არის ბიზნესკომპანიების მეწილე ან/და ხელმძღვანელი.“ – აცხადებს ლელა მოწონელიძე.

 

მაკა ჩინიჯიშვილი

 

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2658
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია