ცნობილია, ადამიანი უძველესი დროიდან ცდილობდა მოეძებნა ისეთი საშუალება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნებდა ჯანმრთელობას და ამავე დროს გაუხანგრძლივებდა სიცოცხლეს. ადამიანის დღეგრძელობის საკითხი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა საზოგადოებაში და არა მარტო მკვლევართა და სპეციალისტთა შორის.
2500 წლის წინ ელადაში უზარმაზარ კლდეზე ამოკვეთილი იყო სიტყვები: „თუ გინდა ძლიერი იყო_ირბინე, თუ გინდა ლამაზი იყო_ირბინე, თუ გინდა ჭკვიანი იყო_ირბინე.“ 500 წლის შემდეგ ჰორაციუსი წერდა, „თუ ჯანმრთელი არ ირბენ, ირბენ, როცა დაავადმყოფდები.“
შემთხვევითი არ უნდა იყოს ისიც, რომ გამოჩენილი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი პითაგორა ოლიმპზე მუშტიკრივში გამარჯვებული გამოვიდა, პლატონი ჭიდაობაში იღებდა მონაწილეობას, პოეტი თიმოკრეონი ცნობილი ათლეტი იყო, სოფოკლე დადიოდა ტანვარჯიშის სკოლაში, ევრიპიდეს ოლიმპიადაში გამარჯვებისთვის გვირგვინი ერგო.
ილია მართლის სიტყვებიც არ დავივიწყოთ: „მოძრაობა და მარტო მოძრაობაა ქვეყნის სიცოცხლისა და ძალის მომცემი.“
ჩვენს ჰიპოდინამიისა და დაავადებების „გაახალგაზრდავების“ საუკუნეში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით, რაც გულისხმობს სწორ კვებას, წონის რეგულაციას, მავნე ჩვევებისაგან (ალკოჰოლი, თამბაქო და სხვა) განთავისუფლებას, ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას, ამასთან უნდა გავითვალისწინოთ_საუკეთესო შედეგებს ის კი არ აღწევს, ვინც ყველაზე ბევრს ვარჯიშობს, არამედ ის, ვინც მეცადინეობის პროცესში თავის დატვირთვას შეუხამებს ფიზიკურ შესაძლებლობებს.
ინსულტის, ინფარქტის, ათეროსკლეროზის, ალცჰაიმერის დაავადების, ასევე ტვინისა და მეხსიერების სხვა პრობლემების რისკები მკვეთრად შემცირდება, როცა ყურად იღებთ პროფესიონალთა რჩევებსა და რეგულარულად გაიკონტროლებთ არტერიულ წნევას, სისხლში ქოლესტერინისა და ინსულინის დონეს, პერიოდულად ჩაიტარებთ პრევენციულ გამოკვლევებს.
იყავით მუდამ ახალგაზრდა და მოხდენილი, შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა, რომ იყოთ დღეგრძელი!
მოამზადა ქეთევან ბახუტაშვილმა