საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მოქალაქეებმა არ იციან, რა მექანიზმებს ფლობენ ისინი და როგორ შეუძლიათ, ჩაერთონ თვითმმართველობის პროცესში
2017/09/07 19:25:06

მოსახლეობა ყოველ ოთხ წელში ერთხელ ადგილობრივ ხელისუფლებას ირჩევს.  

წინასაარჩევნო პერიოდები და არჩევნების დღე თითქმის ყოვეთვის მღელვარე და ემოციურია.  თუმცა, შედეგების გამოცხადებიდან მეორე დღეს მოქალაქეთა უმეტესობა ,,ხელებს იბანს“ და თავიანთი ქალაქის ან სოფლის ბედიღბალს მთლიანად ძალაუფლებამინიჭებულებს ანდობსმაშინ, როცა ხელისუფლების კონტროლის და მმართველობაში ჩართვის სხვადასხვა მექნიზმები არსებობს.


ორი წლის წინ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შევიდა ახალი რეგულაციები, თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით. მოქალაქეთა მმართველობაში  მონაწილეობის ფორმებს კოდექსის მე–9 თავი ეთმობა.

 

კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის, სოფლის/დაბის /ქალაქის  მოსახლეობას უფლება აქვს, გამართოს დასახლების საერთო კრება, რომელიც მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებს და თვითმმართველობას პრობლემების გადაჭრისა და მოგვარების გზებს შესთავაზებს.  მუნიციპალიტეტში მცხოვრებლების ერთ პროცენტსა და საერთო კრებას  შეუძლია, საკრებულოს მიმართოს პეტიციით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების მიზნით.  კოდექსის მიხედვით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის გამგებელის სათათბირო ორგანო. სამოქალაქო საბჭოს შემადგენელობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელები. სათათბიროში არანაკლებ 10 წევრი უნდა იყოს და მათ დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ამტკიცებს. სათათბიროს შეხვედრა მინიმუმ სამ თვეში ერთხელ უნდა მოხდეს.

 

კოდექსი ასევე ავალდებულებს საკრებულოს წევრებსა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს,  წელიწადში ერთხელ მაინც შეხვდნენ საკუთარ ამომრჩეველს და ანგარიში წარუდგინონ. ხოლო ამომრჩეველს კი, საშუალებას აძლევს, ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაესწროს საკრებულოს სხდომას.

 

მიუხედავად კანონით მინიჭებული  შესაძლებლობებისა, ამომრჩეველი  პასიურია. მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად არც თვითმმართველობები გეგმევენ ეფექტურ ღონისძიებებს.

 

,,საერთაშორიო გამჭვირვალობა საქართველომ“   ჩაატარა კველევა და 2015-2016 წლებში მოქალაქეთა ჩართულობის ზემოთ აღნიშნული ფორმები იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში განიხილა.

 

,,როგორც მუნიციპალიტეტებიდან მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, დასახლების საერთო კრება არ ჩატარებულა თერჯოლის, საჩხერის, სამტრედიის, ტყიბულის, ზესტაფონისა და ხონის მუნიციპალიტეტებში. ზოგ შემთხვევაში მიზეზი მოქალაქეთა გამოუცხადებლობა გახლდათ, ხოლო იქ, სადაც ჩატარდა, ყველა შემთხვევაში ინიციატორი არა მოქალაქეთა ჯგუფი, არამედ მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.  აღნიშნულ პერიოდში (2015-2016) იმერეთში მხოლოდ ერთი პეტიცია ხონის მუნიციპალიტეტში დარეგისტრირდა. რაც შეეხება მრჩეველთა საბჭოებს, ყველა მონიციპალიტეტში შექმნილია, დებულებაც  განსაზღვრულია, თუმცა, თერჯოლაში, ტყიბულში, ხარაგაულსა და ვანში მრჩეველთა საბჭოს სხდომები ამ დრომდე ერთხელაც არ ჩატარებულა.  ასევე არცერთ მოქმედ საბჭოში არ არის გათვალისწინებული კანონის მოთხოვნა საბჭოს შეკრების პერიოდულობის შესახებ – საბჭო კანონის შესაბამისად სამ თვეში ერთხელ უნდა შეიკრიბოს.“ – აცხადებს  “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ქუთაისის ოფისის კოორდინატორი ლელა მოწონელიძე.

 

ქუთაისის თვითმმართველობამ ამ მიმართულებით ცოტა უფრო მეტი იმუშავა.  2015–2017 წლებში ქუთაისის საკრებულოს სახელზე პეტიცია არ ყოფილა რეგისტრირებული, თუმცა, ქალაქის საკრებულოს რეგლამეტი ნებისმიერ პირს აძლევს საშუალებას, დაესწროს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის , საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებს. სხდომის თავმჯდომარის თანხომობით,  მათ აქვთ უფლება, დასვან შეკითხვები, გააკეთონ განმარტებები, განცხადება და მიმართვა.

 

საკრებულოს საქმიანობის გამჭირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით ქუთაისის საკრებულო უზრუნველყოფს ადგილობრივ ტელევიზიაში სხდომების პირდაპირ ტრანსლაციას.

 

ანგარიშის ჩაბარების მიზნით, საკრებულოს წევრები პერიოდულად მართავენ შეხვედრებს მოსახლობასთან. ქუთაისის მერიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, გამოსცა გაზეთი ,,ანგარიში ხალხს“,  მერიის სამსახურებმა ცალ–ცალკე წარუდგინეს ანგარიში საზოგადოებას მათ მიერ გაწეული საქმიანობების შესახებ.

 

ქუთაისს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 13 წევრისგან შედგება, საბჭოს წევრები მერიის მრჩევლები, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები  არიან. საბჭო სულ სამჯერ შეიკრიბა. თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

 

,,ჩვენი პოზიციით, მერის მრჩევლები საბჭოში არ უნდა იყვნენ, რაგან მათი თანამდებობრივი პოზიცია როგორც მრჩევლისა, ისედაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის პირველი პირისთვის კონსულტაციების გაწევას. მრჩეველთა საბჭოს ფუნქცია მუნიციპალიტეტის პირველი პირისთვის განსხვავებული მოსაზრებების შეთავაზებაა  და ამიტომ არის აუცილებელი საბჭოში არა მერიის, არამედ სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფის წარმომადგენლების ყოფნა.“ – აცხადებს ლელა მოწონელიძე.

 

ჩვენ კომენტარისთვის დავუკავშირდით ქუთაისის თვითმმართველობას, თუმცა მათ თავი აარიდეს ჩვენს კითხვებს.

 

რეზიუმეს სახით კი, ზემოთ აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით, ორი პრობლემა დგას: პირველი, მოქალაქეებმა არი იციან, რა მექანიზმებს ფლობენ ისინი და როგორ შეუძლიათ, ჩაერთონ მმართველობის პროცესში და მეორეც –  აღნიშნული ფორმები არაეფექტურია.

 

მაკა ჩინიჯიშვილი

 

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4771
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია