დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არარენტაბელური ავტობუსები და დაუსრულებელი ტენდერები
2009/11/30 11:52:51

„ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურმა 20 ნოემბერს ბოლო ტენდერი დაასრულა. სამსახურის უფროსმა ვიტალი ბოჭორიშვილმა ავტობუსები თავად დაათვალიერა. მისი განცხადებით: „ავტობუსები განახლებულია და კაპიტალური რემონტი როგორც შიგნიდან, ისე გარედან ჩატარებულია. ტრანსპორტი ტექნიკურად გამართულია, თუმცა ძველი მოდელებია.“

სწორედ ამ ტენდერის და ზოგადად საქალაქო ტრანსპორტში არსებული ვითარების ანგარიშს ითხოვდა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ვლადიმერ ნაკაშიძე ქუთაისის საკრებულოს 88-ე სხდომაზე. ის ერთ-ერთ საკითხად ამ სფეროში არსებული ვითარების განხილვას ითხოვდა. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მან პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვა. „წარმოდგენილ საკითხებზე დასკვნა შესაბამისმა კომიტეტმა უნდა წარმოადგინოს საკრებულოს სხდომაზე. ამას 57-ე მუხლი გვავალდებულებს. ეს ისეთი დარღვევაა, რომელიც ქუთაისის საკრებულოსთვის წესად იქცა. ტრანსპორტის სფეროში აუტანელი ვითარებაა. ტრანსპორტს კონტროლი უნდა, რადგან 8 საათის შემდეგ მოძრაობა შეუძლებელია საქალაქო ტრანსპორტით. თუმცა, ზაფხულის პერიოდში ქალაქში ავტობუსები 11 საათამდე მუშაობდა, რადგან მოსახლეობამ იცოდა, რომ ქუთაისში გადაადგილება გვიან ღამემდე შესაძლებელი იყო, მათ მგზავრებიც ჰყავდათ. სამწუხაროდ, მე არანაირი ბერკეტი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ საკითხი დავსვა და ვითარება გავაპროტესტო. თუმცა, ვერ მივაღწიე იმას, რომ ტრანსპორტის სფეროში ქალაქის ხელისუფალმა თავისი სიტყვა თქვას. აქ მენეჯმენტის პრობლემა გვაქვს. ქალაქი ღამის 8 საათზე მრავალსართულიან სოფელს არ უნდა ჰგავდეს. ეს ქუთაისის ხელისუფლების უნიათობის და უგულისყურობის ბრალია,“ - აცხადებს ვლადიმერ ნაკაშიძე.

საკრებულომ სატრანსპორტო სამსახურის მუშაობის ანგარიში მოისმინა კი არა, ქალაქის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ვიტალი ბოჭორიშვილი საკრებულოში წევრად შეიყვანა. მიუხედავად ამისა, ვიტალი ბოჭორიშვილი ტრანსპორტის შესახებ კომენტარზე დაგვთანხმდა: „ჩვენ ცნობილი მოვლენების შემდეგ რიგ შეთანხმებაზე წავედით მიკროავტობუსების მძღოლებთან, რის შემდეგაც ინვესტორები შეშინდნენ და არ ისურვეს ავტობუსების ჩამოყვანა. ამ ფაქტმა ავტობუსის რამდენიმე ხაზის ჩავარდნა გამოიწვია. მაგრამ ამ ხაზის მსურველი რომ გამოჩნდეს და განაცხადი შემოვიდეს, ნებისმიერ დროს, ტრანსპორტის სამსახურის მიერ მანქანების დათვალიერების შემდეგ შეეძლება ტენდერში მონაწილეობის მიღება,“ - ამბობს ვიტალი ბოჭორიშვილი.

ტენდერი 15 საავტობუსო ხაზზე იყო შემოტანილი, რომელშიც მონაწილეობა „თეგეტა სითი ლაინმა“ „მიიღო“. იგი 11 საავტობუსო ხაზის მფლობელი გახდა. ავტობუსებით 4 ხაზის უზრუნველყოფა კი ამ ეტაპზე ვერ მოხდა. ტენდერის ჩატარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ქალაქის სატრანსპორტო სამსახურში ავტობუსის 82 მძღოლის მიერ ხელმოწერილი წერილი შევიდა. წერილში წერია, რომ ისინი ვერ უწევენ კონკურენციას მიკროავტობუსებს.

ქალაქის ტრანსპორტის სამსახურის მთავარი სპეციალისტის დავით გელაშვილის განცხადებით: „მიკროავტობუსის მძღოლების ცნობილი პროტესტის შემდეგ, შეთანხმებით და რეკომენდაციებით, მათ 3 წლით აღვუდგინეთ მარშრუტები. მათ მეტი პრივილეგიები აქვთ, თუნდაც იმ კუთხით, რომ შეუძლიათ ნებისმიერ ადგილზე გაჩერება და მგზავრის აყვანა. ჩვენ ახლა ვნერგავთ „ჯიპიარესის“ სისტემას, რომელიც გვიჩვენებს, თითოეული სად გადაადგილდება. მძღოლები, რომლებმაც წერილით მოგვმართეს, გვეკითხებიან, თუ რატომ მოხდა მიკროავტობუსების აღდგენა. მე მათ ვეთანხმები იმ საკითხში, რომ ავტობუსი ძვირი ღირს, მაგრამ რენტაბელური არ არის. წესით, საავტომობილო ფლაგერმა ავტობუსის ხარჯი რომ ამოიღოს, 3-4 წელი უნდა იმუშაოს. თუმცა მძღოლის ხელფასი და ავტობუსის ხარჯი კიდე სხვა ხარჯია. თუ ასე გაგრძელდა, ფაქტიურად, საავტომობილო ხაზები არ იარსებებს. აქედან გამომდინარე, გვიან ღამემდე ავტობუსები ვერ იმოძრავებენ, რადგან  8 საათის შემდეგ ავტობუსები, ფაქტობრივად ცარიელები დადიან.“

მიუხედავად ამისა, ვიტალი ბოჭორიშვილი იმედოვნებს, რომ 2012 წელს ქალაქში არა განახლებული, არამედ თანამედროვე ავტობუსები იმოძრავებს. მეტიც, ისინი მიკროავტობუსებს ჩაანაცვლებენ. იმ დროისთვის კი საავტობუსო კლასის მარშრუტები რენტაბელური და მგზავრებისთვის კომფორტული იქნება.

მანამდე კი, სავარაუდოდ, ქუთაისის სატრანსპორტო სამსახური კიდევ რამდენიმე ხელმძღვანელს გამოიცვლის, რომელიც, თავის მხრივ, ამ სფეროში სიახლეების დანერგვას შეეცდება. შესაბამისად კი ტრანსპორტის სფეროში რამდენიმე ტენდერი კიდევ ჩატარდება, რადგან 4 საავტობუსო ხაზის ავტობუსებით უზრუნველყოფა, ბოლო ტენდერის შედეგების მიხედვით ვერ მოხერხდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1659
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია