საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
შინ და გარეთ
პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/07/27 14:30:00

უკრაინის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გამოსცა ბრძანება მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.


პოროშენკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, ოდესის გუბერნატორის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნამდე ერთი დღით ადრე მიანიჭა.
სააკაშვილი გუბერნატორის თანამდებობიდან 2016 წლის ნოემბერში, პოროშენკოსთან ურთიერთობების გაუარესების გამო გადადგა, ოპოზიციაში გადავიდა და 2017 წლის დასაწყისში საკუთარი პოლიტიკური პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ დააფუძნა. 

 

უმაღლესი რადას წევრმა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საქართველოს მიერ რამდენიმე დანაშაულისათვის იძებნება, მოქალაქეობა „მოქალაქეობის შესახებ“ უკრაინის კანონის მე-19 და 21-ე მუხლების საფუძველზე შეუწყდა. 



გერაშენკოს თანახმად, „საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ახალხან მიაწოდა უკრაინულ მხარეს რამდენიმე ფაქტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას ცნობილი არ იყო და რომელიც მიხეილ სააკაშვილმა განზრახ დამალა“. 



მან ასევე აღნიშნა, რომ „მოქალაქეობის შეწყვეტა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი პირი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობის მიღება სურს, მცდარ მონაცემებს ან ყალბ დოკუმენტებს წარმოადგენს, ან თავისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ფაქტებს დამალავს“.



ამჟამად, სააკაშვილის მოქალაქეობის სტატუსი გაურკვეველია, ვინაიდან პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა იმ საფუძვლით, რომ მან სხვა ქვეყნის -  უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.  



სააკაშვილი, რომელიც პოროშენკოს შესაბამისი ბრძანების გამოცემისას, აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა, გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის იბრძოლებს თავისი კანონიერი უფლებისათვის, დაბრუნდეს უკრაინაში. მან ასევე აღნიშნა, რომ პოროშენკომ მას მოქალაქეობა „მალულად“, უკრაინაში მისი არყოფნისას ჩამოართვა.



საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოროშენკომ 24 ივლისს უკრაინის მოქალაქეობის კომიტეტში ახალი წევრები წარადგინა, იმ მიზნით „რომ ჰყოლოდა მთლიანად მორჩილი კომისია, რომელიც პრეზიდენტის ნებისმიერ სურვილს დათანხმებოდა“.



სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა უკრაინის მმართველების რეაქციაა, რომლებმაც „გააცნობიერეს, რომ მათი ოლიგარქიული გარიგების დასასრულებლად ოპოზიცია გაერთიანებას და შემოდგომაზე ქუჩაში გამოსვლების დაწყებას აპირებდა“.


მიხეილ სააკაშვილმა ასევე დასძინა, რომ პოროშენკომ „წითელი ხაზი გადაკვეთა“ და რომ ეს ქმედებები მისი და მისი მთავრობის „გარდაუვალ მარცხს“ გამოიწვევს, რაც არჩევნებამდე მოხდება. 



სააკაშვილმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ პოროშენკოს მიერ საქართველოში ახლახან განხორციელებული ვიზიტი ემსახურებოდა არა „ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამყარებას, არამედ პოროშენკოს და გაზპრომის უმსხვილესი კერძო აქციონერის, ბიძინა ივანიშვილის, ორ ოლიგარქიულ რეჟიმს შორის შეთანხმების მიღწევას“.



„მათ მოიგონეს, რომ თითქოს, უკრაინის პროკურატურამ ახალი მტკიცებულებები მიიღო. ეს ტყუილია! უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ, საქართველოში ჩემ წინააღმდეგ ახალი გამოძიება არ დაწყებულა“, - ამბობს სააკაშვილი. 



სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას რუსეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი, 27 ივლისს, ფეისბუქზე გამოეხმაურა. მან „საკვირველი“ უწოდა „სააკაშვილის ბედს“ და „უკრაინის ხელისუფლების თანმიმდევრულობას“. მედვედევმა პოსტი ინგლისური ფრაზით - “show must go on“ - დაასრულა.

 

წყარო http://www.civil.ge/geo/article.php?id=31466

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6780
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია