დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სტუმარი
ლილე ემნაძე:"მუსიკა აზროვნებაა, როგორც უკრავ, ისე აზროვნებ"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/07/16 09:54:19


"მუსიკა არის კაცობრიობის საუკეთესო ენა."

 ჰენრი უოდსოუორთ ლონგფელო


 მუსიკა აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე.მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ემოციური მდგომარეობა.ის გრძნობათა განზოგადებულ იდეებს გამოხატავს.  და მაინც რა არის მუსიკა? - ალბათ, ამ კითხვაზე ყოველი ადამიანი სხვადასხვანაირად გვიპასუხებს, რადგან მუსიკა თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ნაწილია. ცხოვრება და მისი თანმდევი სირთულეები ყველას  ჩვენი გვაქვს, ინდივიდუალური. ამიტომაა, რომ მუსიკა ყველასათვის სხვადასხვა რამაა,თუმცა ის  ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.



 ჩემი გაზეთის დღევანდელი სტუმარი სწორედ მუსიკის ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა, ჩვენი თანაქალაქელი, მომავალი პიანისტი ლილე ემნაძე გახლავთ. ლილემ ქუთაისის კერძო სკოლა "ქართული სკოლა" და მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი დაამთავრა. ამჟამად სწავლობს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლობს, II კურსზე, საშემსრულებლო ხელოვნების განხრით.კერძოდ - ფორტეპიანო.


ის 18წლისაა და ამ ხნის მანძილზე მრავალ კონკუსრსის მონაწილე და გამარჯვებულია. მათ შორის გამორჩეული იყო: 2013 წელს  ნუნუ გაბუნიას სახელობის კონკურსზე, ქართული ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის მიღებული პრემია და ლაურეატის წოდება;   ასევე - მიწვევა  კანარის კუნძულებზე გამართულ კონკურსზე და კვლავ ლაურეატობა; შემდგომ კი შვედეთის მეფე-დედოფლის მიწვევა სამეფო კარზე, ქალაქ სტოკჰოლმში, სადაც ფაქტობრივად, სოლოკონცერტი გამართა. 


ამჟამად კი ლილეს მიღებული აქვს  მიწვევა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე,  2 წლიანი სწავლა დაფინანსებით. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის ამ ახლგაზრდა დამწყები პიანისტის შესახებ. სწორედ ამიტომ ვთხოვეთ, თავად ეამბა ჩვენთვის მისი პირველი ნაბიჯებისა და წარმატებების შესახებ.




- ლილე, გვიამბე, როგორი იყო შენი კარიერის დასაწყისი?

-  ყველაფერი დაიწყო ბავშვობაში. დედამ შეამჩნია, რომ მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება  მქონდა. მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდით და პირველი კონცერტიც იქ მქონდა 3 წლის ასაკში,  ვმღეროდი. შემდეგ ჩამოვედით საქართველოში და 7 წლის ასაკში ჩავირიცხე ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, საფორტეპიანოზე. პედაგოგში ძალიან გამიმართლა და  ამიტომ მეხუთეკლასელმა უკვე გადაჭრით ვიცოდი, რომ ამ გზას უნდა გავყოლოდი.



- ვინ იყო შენი პირველი ფორტეპიანოს მასწავლებელი?

- ჩემი უსაყვარლესი პედაგოგი, რომელიც 11 წელი მზრდიდა, ქალბატონი ლედა კანკავა.  ყველასთვის საპატივცემულო,  მისაბაძი და საყვარელი პიროვნებაა. ის დიდი პედაგოგია, რომელმაც ფორტეპიანოს გარდა, ძალიან ბევრი რამ მასწავლა და რაც მთავარია, გზა დამანახა, რომელზეც გასული ვარ უკვე. არ დამავიწყდება, როგორი სიამოვნებით ვმუშაობდით, როგორ არ ზოგავდა  თავს და მეც, რა თქმა უნდა. ყოველი გაკვეთილი შემოქმედებითი ზეიმი იყო. მინდა, წარმატებები ვუსურვო მთელი გულით მას და მის მოსწავლეებს.


- პირველი ემოცია და განცდა თუ გახსოვს,როდესაც აუდიტორიის წინაშე წარსდექი?

-  ძალიან პატარა ვიყავი და ამიტომ არ მახსოვს. ალბათ, ვიღელვებდი. თუმცა დღეს ღელვა ნაკლებად მაწუხებს სცენაზე გასვლის წინ.



- ლილე, მაინც რა არს შენთვის მუსიაკა?

 
-
ძალიან მოკლედ გეტყვით - ღმერთი, რომელსაც უნდა ვემსახურო და სულიერი საზრდო მივიღო, ნაცვლად მსახურებისა. მუსიკა აზროვნებაა. როგორც უკრავ, ისე აზროვნებ.



- როგორ ფიქრობ, არის თუ არა კოსმიურ სამყაროსა და მუსიკას შორის კავშირი?

- რა თქმა უნდა, არის. მეტიც, არამარტო კოსმიურ, არამედ მთლიან სამყაროსთანაა კავშირში. მუსიკა ყველგანაა,  ყველაში და ყველაფერში. მისი შექმნის პროცესი ზებუნებრივი პროცესია.  არ შეიძლება, ასწავლო, როგორ იგრძნოს და შექმნას მუსიკა ადამიანმა.  ეს ღმერთის ჩარევით ხდება.



- ვინ არის შენი საყვარელი კომპოზიტორი?

არ მიყვარს ეს კითხვა, თუმცა მაინც მეკითხებიან.   ყველა კომპოზიტორში არის რაღაც შესაყვარებელი. თუმცა,  მოცარტს, შოპენს, შუმანის და სკრიაბინიას დავასახელებ. სხვა დროს რომ შემეკითხოთ იგივე, განსხვავებულად გიპასუხებთ, დარწმუნებული ვარ.



- შენს დარგში ქართველი შემსრულებლებიდან ვინმეს გამოყოფდი?

- ქართველი ერი ძალიან ნიჭიერი ერია. არც ამ დარგში ჩამოვუვარდებით ვინმეს და ძალიან კარგი თაობა იზრდება დღეს. დიდი შემსრულებლებიდან, რა თქმა უნდა, ელისო ვირსალაძეს დავასახელებდი.




- საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის ეპიზოდებს ხომ არ გაიხსენებდი?

- მახსოვს არაჩვეულებრივი მასტერკლასები  ხატია ბუნიათაშვილთან, ედიშერ რუსიშვილთან, ედიშერ სავიცკისთან, ვალერიან შიუკაშვილთან, ელისო ბოლქვაძესთან, უცხოელ პროფესორებთან.... ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გულწრფელი ემოციაა, რომლის შეცნობაც, ვფიქრობ, არ მეშლება. გავიხსენებდი შვედეთში დამეგობრებულ ფაუერების ოჯახს. ასევე - იქაურ პროფესორებს, რომლებიც იქ დარჩენას და სწავლას მთავაზობდნენ. და კიდევ უამრავი ბედნიერი სახე... მიყვარს ეს  მომენტები.



- როგორც ვიცი, სხვა გატაცებაც გაქვს, წერ ჩანახატებს...

- ჩემს ჩანახატებს სხვა უფრო სერიოზულად უყურებს, ვიდრე - მე. ეს ჩემთვის, უბრალოდ, გასართობია.  მიყვარს თეატრი,  მხატვრობა, პოეზია და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყოველთვის მინდოდა მსახიობობა.


-ნიუიორკიდან როგორ მიიღე მოწვევა? სად აღმოგაჩინეს?

-ვინაიდან კონკურსებზე ხშირად მიწევს გასვლა, ამერიკიდან მოწვევაც მისი ერთ-ერთი შედეგია. კონკურსის სათავეში გამოჩენილი ქართველი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი იდგა. დანამდვილებით არ ვიცი, როდის წავალ მანჰეტენზე სასწავლებლად. ვფიქრობ, კონსერვატორია დავამთავრო და შემდეგ დავიწყო ფიქრი ამაზე. ძალიან რთულია ოკეანეს მიღმა მარტომ იცხოვრო და გაუძღვე ყველაფერს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამის დროც მოვა.



- სხვა, უახლოესი სამომავლო გეგმები როგორია?

- ბუნებრივია, ვაპირებ კონცერტებზე და კონკურსებზე გასვლას. სამუშაო ბევრი და ძნელია, მაგრამ სასიამოვნო.



- დიდი მადლობა, ლილე,  საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებ.

- მადლობა თქვენ.

 

 

ესაუბრა ნატო ყურაშვილი




'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12763
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია