საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დებიუტი
ნათია დაშნიანი:"პოეზია ჩემთვის სულის მუსიკაა, გულის ამოძახილია!"
2017/07/07 18:52:01

ადამიანი განუწყვეტლივ ურთიერთობაში იმყოფება ბუნებასთან, ოჯახთან სახელმწიფოსთან. განუწყვეტლივ ისწრაფვის ჰარმონიისაკენ. ჰარმონია კი ხშირად ირღვევა. პოეზია სწორედ დარღვეული ჰარმონიის აღდგენის ერთ-ერთი ფორმაა. თანამედროვე კომუნიკაციების საშუალებით შესაძლებელი გახდა, გავეცნოთ ადამიანებს, რომლებიც ისწრაფიან იმისკენ, რომ სულში მუდივად გვქონდეს ჰარმონია. ჩვენს ირგვლივ ტრიალებენ, ქმნიან, იღვწვიან და ჩვენგანვე ელოდებიან კრიტიკას და შეფასებას.


მინდა გაგაცნოთ ნათია დაშნიანი. მოკრძალებული და ლამაზი ლექსების ავტორი. როცა შევეხმიანე და ინტერვიუ ვთხოვე, მიპასუხა,რა გავაკეთე ჯერ, ყურადღება რომ დავიმსახურეო.


მისი შემოქმედება მრავალმხრივია: სიყვარული, ადამიანური ყოფა, მუდმივი სწრაფვა უფლის მიერ დასახულ გზებზე, კარგად ჩანს მის ლექსებში. შეუმჩნეველი არ დარჩენილა ფართო მასებისთვის ნათიას შემოქმედება და ბატონმა დავით ახლოურმა, ,,მზის არილში“ დაბეჭდა მისი რამდენიმე ლექსი.     

                                       

და აი, ჩვენი დიალოგიც შედგა:



  - ნათია, დღეს ჩვენს მკითხველთან შენი დებიუტია, გაეცანი მკითხველს...

-  მოგესალმებით. მე ვარ ნათია დაშნიანი, 29 წლის, ლეჩხუმიდან. ვწერ ლექსებს. ერთი წელია, რაც ფართო საზოგადოება ჩემს პოეზიას ეცნობა ინტერნეტ სივრცით. მანამდე რაიონულ გაზეთებში იბეჭდებოდა. კრებული გამოცემული არ მაქვს.


-რა არის შენთვის პოეზია?

-  პოეზიას სულის მუსიკას ვეძახი. ჩემთვის ლექსი  გულის ამოძახილია.

 

-გაიხსენე შენი პირველი ლექსი.

- პირველი ლექსი 10 წლისამ დავწერე ძაღლზე.


- ლადო ასათიაის მხრიდან ხარ,ხომ არ იგრძნობა შენს პოეზიაშიმისი  გავლენა?

- არ მეგულება ქართველი, ვისაც ლადოს უკვდავი პოეზია არ უყვარდეს. ვის გულსაც  ერთხელ მაინც არ დასდებია მალამოდ." ვინც კაცი იყო და ლექსად იქცა". მეამაყება, რომ მისი კუთხიდან ვარ.



-ნათია, შენი აზრით,რა უნდა მოგცეს პოეზიამ?

- პოეზია  მკითხველის გულამდე  უნდა დადიოდეს,სულიერ საზრდოს აწვდიდეს...



- სიყვარულს დიდი ადგილი უჭირავს შენს შემოქმედებაში.მაინც, რა არის სიყვარული, რას ფიქრობ?

- რაც შეეხება სიყვარულის ადგილს ჩემს შემოქმედებაში , დავიწყებ იქედან, რომ ბავშვობიდანვე გატაცებული ვიყავი პოეზიის ამ ჟანრით (სატრფიალო პოეზია). ვეძებდი,  ვეცნობოდი სახვადასხვა პოეტის შემოქმედებას , რამაც შემდგომში დიდი გავლენა იქონია.



- როგორც ვიცი, ,,მზის არლში“ დაიბეჭდა შენი ლექსები. რას მეტყვი ამაზე?

-„მზის არილის“ სამ ტომში შესულია ჩემი ლექსები. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ბატონ დავით ახლოურს. მან შეძლო და თანამედროვე ნიჭიერი პოეტები გააერთიანა.  წერის სტიმული მისცა ახალგაზრდებს.



- შენი აზრით, როგორი უნდა იყოს პოეტი, განსაკუთრებით - თანამედროვე?

- პოეზიას საზღვრები არ აქვს...თუმცა, გარკვეული კრიტერიუმებით მაინც ფასდება ლექსი.  პოეტი უნდა ეცადოს, დაიცვას ისინი  და  ამავდროულად,  ახალი სიტყვა თქვას პოეზიაში.



- საყვარელი პოეტი თუ გყავს?

- რთულია, საყვარელი პოეტი გამოვყო, მაგრამ ჩემთან  ყველაზე ახლოს მაინც ვთვლი, რომ  ტერენტი  გრანელია.



- თანამედროვე პოეტებიდან ვინ მოგწონს?

თანამედროვე პოეტებიდან -  ვაჟა ხორნაული, ტარიელ ხარხელაური, ედუარდ უგულავას და კიდევ ბევრი კარგი პოეტი გვყავს თანამედროვე....



- რას ეტყოდ შენს მკითხველს?

- მადლობა სტიმულისთვის და დაფასებისთვის.

 


ესაუბრა ნატო ყურაშვილი

 

P.S. აქვე გთავაზობთ ნათია დაშნიანის რამდენიმე ლექსს...

 

 

მთვარის ლექსი

ნახევრადბნელია ღარიბი ოთახი,

იცვლება რაღაც და შენ რჩები უცვლელი,

უბრალო რითმის წყვილს უწოდე ოჯახი,

მაგიდის უჯრაში თაბახის ფურცლები

ელიან ჯადოსნურ კალმის წვერს, ელიან....

ჩუმად ხარ, ვერ ფიქრობ, სიჩუმე გაგიჟებს,

ახლა რომ სიცოცხლე სიკვდილზე ძნელია

კარგად გრძობ, არ გინდა ძარღვებში გაგიჯდეს

ამდენი უთქმელი ,უსისხლო წამება,

თან, ალბათ, ვინ იცის

მკითხველსაც იცოდებ,

თუ სული რითმების ხაფანგში გაება

თავს ვეღარ დაიხსნი, ეს უნდა იცოდე.

და უკანასკნელად მთვარე ჩანს ფანჯრებში,

იცვლება ბევრი რამ, ხარხარებ უცვლელი,

დაკარგე სიკვდილიც.. აქდიდხანს დარჩებით:

შენ, მთვარის ლექსი და თაბახის ფურცლები.

 

***

მეც მძლია სისუტემ,

ძლიერი არა ვარ,

ქალი ვარ ნაკლით და ღირსებით,

როცა მზე ამოდის წყვდიადის გულიდან

სიცოცხლით თავიდან ვივსები.

ბავშვივით შევყურებ

ვარსკვლავთა სარეცელს,

ვბრჭყვიალებ იმედის ბურთებად,

ძლიერი არა ვარ, უბრალოდ, ქალი ვარ,

ღვთისმშობელს სანთლებს რომ უნთებდა.

 

 ***

ცახცახებს საღამო

ცრემლებით ნაფერი,

იმ ვეღარმოსათმენს

გული რომ ითმენდა,

რა არის სიცოცხლე?-

გზა - სხვა არაფერი,

სათქმელი ფურცლებზე

დაფანტეს რითმებმა.

სიტყვებით რა გითხრა?-

სიზმარი ყოფილა,

რაც დღემდე ცხადი

თუ ნამდვილი მეგონა,

როდესაც მეგობრად

არავინ არ მყავდა,

ერთს ვგრძნობდი - პირიქით

- მე ვყავდი მეგობარს.

უბრალოდ, რატომღაც

გარედან ვუყურებ

ყოველთვის სამყაროს,

შლეგსა და ბნედიანს,

არ ვიცი ამდენი ნაღველი

სასჯელად, ხსნაა თუ

უკუღმა წასული ბედია.

 

სადაც არწივი იბუდებს

 

ქარაფებს გადაევლები

ჯიხვო, რქებგატოტილო,

დაგიგორდება ცრემლები,

ცაში მიმალვას ცდილობ.

გაფრენილ ტყვიას ირიდებ,

ლამის სიკვდილსაც სძლიე,

შენ საქართველოს კლდეები

შეგყვარებია ძლიერ.

ძარღვმოჭიმული ყურს უგდებ

მგლისმუხლა მონადირეს,

რამდენ ჯიხვს ცალად დატოვებს

და რამდენს აატირებს.

ლაღი ხარ, შეუშინარი,

ამაყ სულს როდი ფარავ,

მთის ნისლი შემოჰხვევია

მონადირეთაკარავს.

მიწას ტორს დაჰკრავ,

ნახტომით შეეკიდები ქარაფს.

ფილტვებში ჟანგბადს იგუბებ,

ხშირი სუნთქვით და ქშენით,

სადაც არწივი იბუდებს,

ბინაც იქ არის შენი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3098
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია