საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის განცხადება "ქართული მარშის" შესახებ
2017/07/06 16:39:13

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნუგზარ სულაშვილი,სოციალურ ქსელში  „ქართული მარშის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს.

 

განცხადება

საინფორმაციო საშუალებებით, მათ შორის სოციალური ქსელებით, ვრცელდება მოწოდებები ე.წ. „ქართული მარშის“ შესახებ, რომლის ძირითადი ლოზუნგია „უცხოელებმა დატოვონ საქართველო“ და „დავიცვათ ქართველობა საქართველოში“;

ამასთან დაკავშირებით ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტი აცხადებს:


1. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობიდან მოყოლებული, საქართველოს უახლეს ისტორიაში დღემდე (sic!) არ ყოფილა პრეცენდენტი ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით დაპირისპირებისა; ქართული საზოგადოებრივი აზრი ეთნიკური ნიშნით არ დაპირისპირებია რუსებს, აფხაზებსა და ოსებსაც კი; ასეთი მცდელობები ყოველთვის გადადიოდა იმპერიასთან დაპირისპირების სწორ კალაპოტში, რაც დღემდე გვაძლევს საშუალებას სახელმწიფო შევინარჩუნოთ;


2. ე.წ. „ქართული მარში“ არის პირდაპირი ანალოგი „რუსული მარშებისა“ რომელიც ქსენოფობიური ისტერიის შენარჩუნებას ისახავს მიზნად და რუსული სახელმწიფოს მართვის ერთ-ერთი მეთოდთაგანია; მისი გადმოღება ქართულ პრაქტიკაში საქართველოს პოსტსაბჭოთა ჭაობში „ჩატოვების“ გარანტიაა;


3. ნებისმიერი ჩადენილი დანაშაული (ხშირ შემთხვევაში „ინკრიმინირებული დანაშაული“ ჭორს წარმოადგენს) ვერ იქნება განზოგადებული ეთნიკური ან სოციალური ჯგუფის ყველა წარმომადგენელზე, ეს ბოლშევიკური პრაქტიკაა და უმთავრეს წინაღობად იქცევა ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე; ამ პროცესს გაცილებით უფრო დიდი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვება, რომელიც დააზიანებს ქართული სახელმწიფოს ინტერესებს;


4. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ქართულ ეთნიკურ ჯგუფს მიკუთვნებული დანაშაულებრივი ჯგუფები მოღვაწეობენ, არ წარმოშობილა მოთხოვნა ყველა ემიგრანტის უპირობო დეპორტაცის შესახებ, რაც სწორი ცივილიზაციური პრაქტიკაა; ...ე.წ.“ქართული მარშის“ იდეოლოგიის გამარჯვების შემთხვევაში ეს პრაქტიკა შესაძლოა შეიცვალოს, რაც დამღუპველი იქნება ქართული დიასპორებისათვი და შესაბამისად, ქართული სახელმწიფოსათვის, რომელიც საკუთარ თავში ჩაკეტვის და იზოლაციის გზას დაადგება;


5. ქართული მიწების მიტაცების და ეთნოკულტურული ღირებულებების დაკარგვის საფრთხე და პრაქტიკა მხოლოდ ჩრდილოეთიდან მოდის, ეს აგრესია მიმდინარეობს აქ და ახლა და „ქართული მარშის“ სამიზნედ სხვა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოების მოქალაქეთა ამორჩევა მხოლოდ რუსულ-საბჭოური მიზანი შეიძლება იყოს;


6. იმ სეგმენტის საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია „ქართული მარში“, საკმაოდ საგრძნობია წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებაში, დასაქმებაში, ხოლო „საფრთხეები“ - გაზვიადებული და მხოლოდ პროპაგანდისტული არგუმენტებით „გამყარებული“;


7. პარალელურად სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაციები ინვესტორთა დაკავებაზე ან უკან გაბრუნებაზე საქართველოს საზღვრიდან, რაც საქართველოში ქონების გადანაწილებაზე ან რეიდერულ წართმევაზე აღძრავს ეჭვებს;


ყოველივე ზემოთქმულის გამო ქართული სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუშალოს მოვლენათა ამ მიმართულებით განვითარებას; კერძოდ: ეროვნული შუღლისა და ქსენოფობიის გაღვივებისათვის სახელმწიფო სტრუქტურებმა მიიღონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;


წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა როგორც მყისიერ, აგრეთვე გრძელვადიან შედეგებზე სრულად დაეკისრება მოქმედ მთავრობას;


ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ! ამიტომ მსგავსი პროცესების განვითარების შესაძლებლობა ჩანასახშივე უნდა შეჩერდეს; ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს წინსვლის, ასევე ქართული დიასპორების სამომავლო ბედისათვის;


ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის სახელით:

 

გენრეალური დირექტორი ნ. სულაშვილი

 

მოამზადა ნატო ყურაშვილმა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6127
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია