საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
როკოს ბლოგი - "კონკურსები, რომელიც არ მიყვარს, მაგრამ..."
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/05/16 12:20:19

 ეს ჩემი მორიგი უწყინარი ბლოგ-პოსტია. საქართველოში სულ ტარდება კონკურსები და კონკურსების ობიექტურობაზე მეტად ტენდენციურობაზე საუბრობენ. მეც მაქვს ერთი საავტორო, ლიტერატურული კონკურსი, რომელიც, ალბათ თავისი დაბალი ბიუჯეტის გამო უფრო ინარჩუნებს ღირსებას, ვიდრე _ ჩემი პიროვნული პატიოსნების გამო! ანუ ჯერ არ ვიცი, ასჯერ მეტი ბიუჯეტი რომ ჰქონდეს ჩემს „მოდინახეს“,  მეც ხომ არ წამცდება ხელი ფულისკენ?!


 ახლა სხვა რამეზე უნდა გავამახვილო ყურადღება. წელსაც ტარდება სასკოლო კონკურსი, საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო, ნიკო კეცხოველის სახელწოდების. ვინც მიცნობს, იცის, რომ პატარა იმერული სოფლის სკოლის მასწავლებელიც ვარ. 30-მდე მოსწავლე გვყავს 15-მდე მასწავლებელს და რაც არ უნდა გვატრენინგონ, მოსწავლეთა მოტივაციას ვერ ავწევთ სკოლის კედლებში, თუ რამე სიახლე არ შევთავაზეთ ბავშვებს. ასეთი კონკურსები მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას უწყობს ხელს და ბევრად უფრო ეფექტურია საგანმანათლებლო თვალსაზრისით, ვიდრე 45 წუთში ჩატეული, რა გინდ არა კარგად დაგეგმილი სამფაზიანი (ან ნაკლებფაზიანი) გაკვეთილი.


 ადრე, როცა ბევრად ახალგაზრდა ვიყავი და ბევრად დაბალი ხელფასი მქონდა, იმდენ ღონისძიებას ვახერხებდი, სამ-ოთხ მასწავლებელს რომ ეყოფოდა „კარიერული წინსვლისთვის“, ახლა თავის დაზოგვა ვისწავლე: ვწერ და ვმუშაობ ცოტას, ვიღებ მეტ ანაზღაურებას და სულაც არ მრცხვენია, თვეში რამდენიმეჯერ რომ მერიცხება ხელფასი (ზოგს ერთი სამსახურიც არ აქვს!).


 ეგებ ცოტას იმიტომ ვმუშაობ, რომ მეტი აღარ შემიძლია? ესეც მისაღები პასუხია! ახლა ისევ ნიკო კეცხოველის პრემიას მივუბრუნდები. გარემოს დაცვის სამინისტროს მიერაა ორგანიზებული თუ არასამთავრობო სექტორისგან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ჩემი ცხრაბავშვიანი ეკოკლუბი „ნაპერწკლებს“ ყრის და ისწრაფვის გამარჯვებისკენ. გვაქვს კიდეც პრეტენზია, ჩვენზე უკეთ ვინ იცნობს საქართველოს, ბუნებას, მთას და ბარს? საიდან ისწავლეს ჭიათურიდან ყველაზე მოშორებულმა ბავშვებმა ამდენი? წელიწადში ორჯერ მაინც უნდა გავჭრილიყავით ექსკურსიებით სხვადასხვა მხარეში და ამისთვის არც კერძო სექტორის შეწუხებას გავურბივარ და არც საკუთარ ხარჯებს.


 გაგეცინებათ და კარგა ხნის წინ (მაშინ „ნაციონალები“ იყვნენ ხელისუფლებაში) ფრიად დიდი ტყუილი ვიკადრე! გამგეობაში ჩემი სახელით შევიდა განცხადება, რომ სამკურნალო ვიყავი და თანხა მომეცით-მეთქი. მომცეს თანხა „სამკურნალოდ“, რომელიც ექსკურსიას მოვახმარე (სულ ვამაყობ იმით, რომ კბილის და ყურის ეპიზოდური ტკივილის გარდა, პლუს გრიპისა, არაფერი არ მაწუხებს ხოლმე). არც ის გაგიკვირდეთ, რომ მამის ან დედის ავადმყოფობისას არ შემიწუხებია გამგეობა... ალბათ საზოგადო საქმისთვის უფრო ვმატყუარობ, ვიდრე საჩემოდ!


 ერთხელაც „ჯორჯიან მანგანეზს“ დავარგვევინეთ ნერგები და ამისთვის 1500 ლარი დაგვირიცხეს. რა ბედნიერება იყო! სვანეთი ვაჩვენე ამ ფულით ბავშვებს. მერე ჩემზე პრაგმატულმა ჩემმა მოსწავლეებმა სასტუმროს ხარჯი აისხლიტეს, უზარმაზარი „პალატკა“ გაშალეს ზუგდიდში, ცოტა დაისვენეს, ცოტაც იძინეს ბაყაყების „ორკესტრის“ კაკაფონის ფონზე, სამაგიეროდ, „მოტეხილი“ ფულით ცოტა ხანში ურეკში „მოარტყეს“ ექსკურსია, თან ზღვა ნახეს პირველად...


 ნიკო კეცხოველზე ადრე ერთმა ლექტორმა მითხრა, სტალინურ პერიოდში ბიოლოგების მთელი ერთი ჯგუფი დამატებით მიიღო უნივერსიტეტში და არავის ეჭვი არ შეუტანია ნიკოს კაიკაცობასა და პატიოსნებაშიო. მართლა დიდებული კაცი ყოფილა, თან ვიცოდი, აქაური, ჭიათურელი ერთი პატიოსანი მეტყევე, ბუდუ ხვედელიძე, მისი საყვარელი სტუდენტი ყოფილა, კათედრაზეც უნდოდა დაეტოვებინა სამეცნიერო მუშაობისთვის, მაგრამ ბუდუს ხელფასი სჭირდებოდა, სამსახური და... თუმცა, თავისი მასწავლებლის პატიოსება ბედად თუ ბედისწერად გაჰყვა მთელი სიცოცხლე.


 ამნაირი პატიოსანი კაცის სახელს ცუდი კონკურსი ვერ ამოეფარება. მჯერა ფანატიკურად ამის. თან ეს ის კონკურსია, როცა დამარცხებულიც გამარჯვებული გამოდიხარ. ბავშვები გუნდურად მუშაობენ, ეხმარებიან ერთმანეთს და კონკურენციის განცდაც არ არსებობს. უფრო თანამშრომლობა-თანამოაზრეობა გამოდის ბოლოს.


 მე კი ჯიუტად მაინც ჩემი ცხრაკაცა გუნდისთვის პირველი ადგილი მსურს. მსურს და რა ვქნა? სხვა თუ არაფერი, გულწრფელად მაინც ვიბრძოლებთ, მამლის, ყივილის და გათენების არ იყოს, ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ...


 

 თუ ვინმეს ჩვენი დახმარების სურვილი გაუჩნდება, მე სულ სოციალურ სივრცეში ვარ, მოგვწერეთ, გვირჩიეთ, დაგვეხმარეთ... მადლობელი დაგრჩებით!

 

როლანდ ხოჯანაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5642
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია