დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვის როგორ გამოადგა „ჟვანიას სკოლა?“
2009/11/30 11:46:08

რამდენიმე წლის წინ ზარზეიმით გახსნილი ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ძირითადად ეროვნულ უმცირესობებზე იყო გათვლილი. სკოლაში სწავლება ორი პროგრამით მიმდინარეობდა - ქართული ენის სწავლება და სახელმწიფო მართვა. მესხეთ-ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში არსებობს აზრი, რომ თუ ეს სკოლა გავლილი გაქვს, სამსახურსაც იოლად იპოვი. ამიტომაც სკოლაში სწავლის გაგრძელების სურვილი ბევრს აქვს, თუმცა, იმის გამო, რომ სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ახალი ნაკადი უკვე დიდი ხანია არ მიუღიათ. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გია ცუცხვაშვილი „P.S.“-თან საუბარში ღიად აცხადებდა, რომ სკოლა პროგრამების გადახალისებასაც საჭიროებს.

მას არც ის დაუმალავს, რომ ეთნიკურმა უმცირესობებმა სკოლაში მხოლოდ საყველპურო ქართული ისწავლეს. არსებობს ერთი ცნობილი ფაქტიც, რომ ერთ-ერთ არაქართველ სკოლადამთავრებულს  განათლების სამინისტროდან დაურეკეს და ქართულად ვერაფერი გააგებინეს.

როგორც ჩვენი მკითხველისთვის არის ცნობილი, გაზეთის ჟურნალისტები  ცოტა ხნის წინ გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ სამხრეთ საქართველოში და ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის კურსდამთავრებულთა მოსაზრებითაც დაინტერესდნენ.

სამცხე-ჯავახეთში  ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლას 60 კურსდამთავრებული ჰყავს. სკოლის ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ცხრა დასაქმდა. ახალქალაქში სკოლისთვის „მოსწავლეები“ რესურს-ცენტრმა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეარჩია.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტშიც ჰყავთ სკოლადამთავრებულები - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში და ფინანსურ განყოფილებაში. თუმცა, ორივე მათგანს სამსახური სკოლის დასრულებამდეც ჰქონდათ.

ჟვანიას სკოლით ყველა კმაყოფილია. როცა, ქუთაისში გატარებულ სამ თვეზე საუბრობენ, პირველად მაინც ძალიან კარგი დროს ტარება, ამხანაგები და გარემო ახსენდებათ, სწავლა - ცოტა უფრო გვიან.   

„კურსები ჟვანიას სკოლაში ძალიან საინტერესო იყო, განსაკუთრებით პროდუქტიული იყო პირველი სამი თვე (ენის ჯგუფში), როცა ქართულ ენას ვსწავლობდით. მართალია, მე მანამდეც ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ იქაც ბევრი რამ გავიგე და ვისწავლე, რისი წყალობითაც ახლა სომხურ საბავშვო ბაღში ვასწავლი ქართულს. დიდ მადლობას ვუხდი ჟვანიას სკოლის ადმინისტრაციას იმისთვის, რომ ახლა სამსახური მაქვს. დიდი სითბოთი ვიხსენებ ბარბარა (ლალი) აბდალაძეს და ირინა ინანეიშვილს, - ამბობს თამარა მინასიანი.

„სკოლაში 2007 წელს მივედი. იქ ჩემმა ქართულის მასწავლებელმა გამგზავნა. ყველა გაკვეთილს არ ვესწრებოდი, ძირითადად, სკოლის გარეთ მქონდა ურთიერთობები და ენაც ასე ვისწავლე. ახლა გამგეობაში ვმუშაობ“, - ამბობს ენოქ ადამაიანი.

„მართალია, ჩავაბარე ჟვანის სკოლაში, მაგრამ პირადი მიზეზების გამო ვერ შევძელი დამემთავრებინა, იმ ხნის მანძილზე, რაც იქ დავდიოდი, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ვწუხვარ, რომ სწავლის გაგრძელება ვერ მოვახერხე.“ - გვითხრა სუსანა პეტროსიანმა.

ახალქალაქისაგან განსხვავებით ახალციხის მუნიციპალიტეტში  ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლადამთავრებულები არა ჰყავთ.

ნინო ჩოჩია ამჟამად ბილაინის კომპანიაში, კორპორატიული ქსელის განყოფილების უფროსია. როცა ჟვანიას სკოლაში გადაწყვიტა ჩაბარება, გამგეობის კანცელარიაში სპეციალისტად მუშაობდა.

„სიმართლე რომ გითხრათ, იქ მიღებული განათლება პრაქტიკულად არც კი გამომიყენებია, ისე მოხდა, რომ, როგორც კი ჟვანიას სახელობის სკოლიდან დავბრუნდი, სამსახური შევიცვალე. თუმცა,არ შემიძლია, დიდი სითბოთი არ გავიხსენო ქუთაისში გატარებული ეს პერიოდი. გაცნობას, დაახლოებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მართლა ხდებოდა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, მეგობრები შევიძინე, რომლებსაც არასდროს არ დავივიწყებ.“ - ამბობს ის.

ეთნიკური უმცირესობები სკოლაში ახალი ნაკადის მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ. ვრცელი მონიტორინგი ამ სკოლის მუშაობის შესახებ კი, ჯერჯერობით, არც სამთავრობო და არც არასამთავრობო ორგანიზაციებს არ დაუდვიათ. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1721
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია