მსოფლიო მასშტაბის ქართველი მოკრივე, კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, თავის სამშობლოს ესტუმრა. 36 წლის ავთანდილ ხურციძე, იგივე" ჩაქუჩა", რომელიც ამჟამად ამერიკაში მოღვაწეობს, უკვე მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მან 22 აპრილს, ქალაქ ლესტერში, დაამარცხა უძლიერესი მეტოქე ბრიტანელი ტომი ლენგფორდი, რომელიც ნოკაუტში გაგზავნა და საშუალო წონაში WBO-ს დროებითი ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
ამ ეტაპზე მოკრივის სპორტული დოსიე ასე გამოიყურება: 5-ჯერ მოიგო კონტინენტალური ქამარი; არის 3-გზის ევროპის ჩემპიონი გახდა და 4-გზის მსოფლიო ჩემპიონი; სულ 33 საერთო რეკორდი აქვს მოხსნილი, აქედან - 22 ნოკაუტით, 2 წაგება და 21 ფრე. ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი თავისი რეიტინგით მსოფლიოს 10 საუკეთესო მოკრივეთა შორის არის.
ავთანდილის წარმატებები არავისთვის არ არის უცხო. ჩვენ გადავწყვიტეთ სამშობლოში დროებით დაბრუნებული მოკრივე სხვა კუთხით გაგვეცნო ჩვენი მკითხველისთვის. ამიტომ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მასთან კრივზე ყველაზე ცოტა ვისაუბრეთ. მოკრივის პორტრეტული ინტერვიუ საკმაოდ საინტერესო გამოვიდა.
უნდა აღვნიშნო, რომ ინტერვიუს ჩაწერა საკმაოდ სპონტანურად გადაწყდა, იქიდან გამომდინარე, რომ სახლში რამდენიმე დღით ჩამოსულ სპორტსმენს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს. ამას მედიის დიდი აქტივობც დაემატა. თუმცა ავთანდილ ხურციძესთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერის პატივი მედიასახლ "პოსკრიპტუმს" ხვდა წილად.
სიმართლე გითხრათ, საკმაოდ ვღელავდი მსოფლიო დონის ვარსკვლავთან ინტერვიუს ჩაწერაზე, თუმცა რესპონდენტის უშუალობამ და თავმდაბლობამ, ასევე კარგმა იუმორის გრძნობამ სრულიად შეცვალა ჩემი მოლოდინები.
ბატონო ავთანდილ რედაქციის სახელით მადლობას გიხდით, რომ ჩვენთვის დრო გამონახეთ. იქნებ გაგვაცნოთ თქვენი მოკლე ბიოგრაფია, თქვენს ბავშვობაზე მოგვიყვეთ?!
დავიბადე ქუთაისში. ვიზრდებოდი გორაზე მშობლებთან და და-ძმასთან ერთად. საკმაოდ ღარიბ ოჯახში გავიზარდე. წარმოშობით ვანელი ვარ. ძალიან თავისუფალი, დაუჯერებელი, ცელქი და ჯიუტი ბავშვი ვიყავი. პატარაობიდანვე ჩემი პრინციპები მქონდა. ეს თვისება დღემდე გამომყვა.
როდის აღმოაჩინეთ,რომ კრივით იყავით დაინტერესებული?
ძალიან გვიან - 21 წლის ასაკში მივხვდი,რომ სპორტი იყო ჩემი. დიდი დრო დავკარგე.
როგორია თქვენი დამოკიდებულება ცხოვრებისეულ ფასეულობებთან, გარესამყაროსთან?
პირველი, რწმენა ღმერთის და შემდეგ - საკუთარი თავის. აუცილებლად უნდა გწამდეს საკუთარი თავის!
რამდენად გბოჭავთ ქართული ტრადიციები ? რას თვლით უზნეობად?
ქართველებს გადამეტებული გვიყვარს ყველაფერი. სიყვარულიც, მტრობაც, მეგობრობაც - ყველაფერი ვიცით ზედმეტი. ჩემი აზრით, მთავარია ადამიანი არ იყოს უზრდელი, ბოროტი და შურიანი. უზნეობად ვთვლი უხამს საქციელს და ხასიათს.
თქვენ და ქუთაისი - რა გავლენა მოახდინა თქვენზე მშობლიურმა ქალაქმა?
მიყვარს ქუთაისი. მთელი ბავშვობა ამ ქალაქში გავატარე. როცა დრო მაქვს, სულ ჩამოვდივარ. ბევრი კარგი თვისება შემძინა ამ ქალაქმა, ბევრი ისეთი რამეც დავინახე ამ ქალაქში, რაზეც დღემდე მწყდება გული, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა. ქუთაისი შეუდარებელი ქალაქია, ვერცერთ სხვა ქალაქს ვერ შევადარებ, სადაც მიცხოვრია.
თქვენი პირველი ნაბიჯები სპორტში უკავშირდება ქუთაისს, კლუბ "იმედს" და გრანდ-მასტერ მურთაზ ბებიას. რას გვეტყვით თქვენს პირველ მწვრთნელზე?
ჩემი და მურთაზის ურთიერთობა შეუდარებელია, ეს მთელმა ქალაქმა იცის. ჩემი და მურთაზ ბებიას დამოკიდებულება არ ჰგავდა მწვრთნელის და მოსწავლის ურთიერთობას. მას მშობლის ამაგი აქვს ჩემზე. ბავშობაში ხშირად ვჩხუბობდი,მურთაზი კი დადიოდა და სულ მეძებდა, რომ არაფერი მომსვლოდა. იმ დროიდან დაწყებული დღემდე ჩვენ ოჯახური ურთიერთობა გვაქვს, წლები ერთად ვცხოვრობდით კიდეც.
თქვენი მეტსახელი "ჩაქუჩა" საიდან წამოვიდა?
ერთხელ ქუთაისში სიყვარულის ბაღში ვიჩხუბე და მასე შემდეგ შემარქვეს მეტსახელი "ჩაქუჩა".
რა განცდა გეუფლებათ, როდესაც საკუთარ ქვეყანაში ვერ ახდენთ საკუთარი შესაძლებლობების ჩვენებას და სხვაგან გიწევთ თავის დამკვიდრება?
სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ბევრმა არ იცის. ამერიკაში როდესაც ვახსენებ საქრთველოს, ისევ რუსეთის ნაწილი ჰგონიათ, რაც გულსატკენია. საქართველო უნდა წარმოვაჩინოთ მე და ჩემნაირებმა. არც ჩვენ გვექცევა სათანადო ყურადღება. მე სხვა ქვეყნის სახელით არასდროს ვასპარეზობ. ამაზე ხშირად მაქვს დავა. მე უნდა შემიყვარონ როგორც ქართველი. ათასი პასპორტი რომ ავიღო, მე მაინც ქართველად დავრჩები. თუმცა, დიდი მადლობა უკრაინას და ამერიკას ,სადაც პროფესიონალი მოკრივე გავხდი.
ძალიან მალე მოვიდა ბევრი წარმატება და თავბრუ ხომ არ დაგახვიათ ამ ყველაფერმა?
კი, მაგრამ ამას არ შევუცვლივარ. უბრალოდ, ცხოვრებამ და ხალხმა ლაპარაკი მასწავლა. ადრე უფრო მორიდებული ვიყავი. ყველას უყვარს გამარჯვებული, დამარცხებული - არავის.
რინგმა ბედნიერება მოგიტანათ?
ბედნიერი ვარ და ამაყიც, ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარს და მივაღწიე იმას,რისთვისაც ჯერ არცერთ ქართველს არ მიუღწევია - უმაღლესი ლიგის ყველა ვერსიის ქამარი მოპოვებული მაქვს. მეექვსე ქამარი მოვიგე ახლა.
პირად რინგზე რა ხდება? კარიერამ თქვენი პირადი ცხოვრება ხომ არ დაგაზარალათ?
საერთოდ არა (იღიმის). მე სხვანაირი პიროვნება ვარ, პრინციპული და უბრალოდ, ჯერ ვერ ვნახე შესაბამისი სიყვარული, ერთგულებაზე და ურთიერთგატანაზე დამყარებული.
გმადლობთ, გისურვებთ წარმატებებს!
ესაუბრა ლიკა დევდარიანი
ავთანდილ ხურციძის და ტომი ლეგფორდის ბრძოლა (ვიდეო)