დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისში „სმირნოვების მუზეუმი“ იხსნება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/04/20 10:06:37

დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გ. ტაბიძის N 20-ში, „სმირნოვების მუზეუმი“ გაიხსნება. ღონისძიებას სიტყვით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გახსნის.


„სმირნოვების მუზეუმი“ ვიზიტორებს ერთი თვის განმავლობაში,  სრულიად უფასოდ უმასპინძლებს. დამთვალიერებლებს მუზეუმში სტუმრობა კვირისა და ორშაბათის გარდა, ყოველ დღე - 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეძლებათ.


სმირნოვების ყოფილ სახლში, სმირნოვების მუზეუმის სამუზეუმო კოლექცია - როგორც ევროპული კულტურის, ასევე, ქართული კულტურის უნიკალური ხელოვნების ნიმუშებია განთავსებული.


 „სმირნოვების მუზეუმი“ განთავსებულია არქიტექტორ ოტო სიმონსონის მიერ XIX ს-ის 60-იან წლებში აგებულ სომეხი ვაჭრის იაგორ თამამშევის სახლში. იაგორ თამამშევმა ეს შენობა მზითევად გადასცა შვილიშვილს, ელისაბედ თამამშევას, რომელიც ცოლად გაჰყვა  იმპერატორის კარის ფრეილინა ალექსანდრა სმირნოვა-როსეტის (1809-1882) შვილს მიხეილ სმირნოვს. მან სახლის მოსაწყობად, პეტერბურგიდან საგვარეულო ქონება ჩამოიტანა და გალაკტიონ ტაბიძის # 20-ში (მაშინდელი განის ქუჩა),  დაიდო ბინა, სადაც ცხოვრება სმირნოვების სამმა თაობამ გაატარა.


`სმირნოვების სახლი~ თბილისური სახლის ტიპური ნიმუშია, რომელიც XIX საუკუნის ბოლოდან თითქმის მთელი XX საუკუნის მანძილზე იყო მასპინძელი ევროპული თუ აზიური კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლებისათვის. ამ სახლს სტუმრობდა: ილია ჭავჭავაძე, კიტა აბაშიძე, დავით სარაჯიშვილი, პეტრე ჩაიკოვსკი, ივანე აივაზოვსკი და მრავალი სხვა ცნობილი პიროვნება. ეს მრავალმხრივი კავშირები სახლის ბინადართა საგვარეულო შტოშიც იყო ასახული, რომელშიც იკვეთებოდა იტალიელ როსეტთა, გერმანელ ლორერთა, რუს სმირნოვთა, სომეხ თამამშევთა, ქართველ ციციშვილთა და ერისთავთა საგვარეულოს გენეტიკური კოდი. ამ ოჯახს უკავშირდება მრავალი საქველმოქმედო ღონისძიება - მიუსაფარ ბავშვთათვის გაწეული დახმარება, თუ თბილისში წარმოებული მშენებლობების დაფინანსება, აქვე ჩაეყარა საფუძველი ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაწარმოებთა პირველ სრულყოფილ გამოცემასაც.


საგვარეულო კოლექცია, რომელიც სმირნოვების სახლშია დაცული, მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს - დამთვალიერებელი აქ იხილავს XVIII-XIX სს.-ის ფერწერის (ფ. ვინტერჰალტერი, ი. აივაზოვსკი, ფ. კრიუგერი და სხვ.), სკულპტურის, ლითოგრაფიის, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს; XVIII-XIX-XX სს-ის დასაწყისის ევროპული და რუსული წარმოების ავეჯს, საოჯახო და პირადი მოხმარების საგნებს, უნიკალურ ბიბლიოთეკას, მდიდარი  ფოტო და დოკუმენტურ მასალას.


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10970
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია