დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭამე, ილოცე, დალიე – სააღდგომო ტრადიციები საქართველოში
2017/04/15 18:45:38

რის გარეშე არ აღინიშნება აღდგომა?


აღდგომა საქართველოში ყველაზე მნიშველოვანი რელიგიური დღესასწაულია. არის რამდენიმე ტრადიციული ატრიბუტი და წეს-ჩვეულება, რომლის გარეშეც აღდგომას თითქმის არცერთი ქართული ოჯახი (მათ შორის, ნაკლებად რელიგიურიც) არ აღნიშნავს.

 

პასკა

 

აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, ქართულ სოციალურ ქსელებში უკვე იწყება პანიკა, სახელად “სად ვიყიდო კარგი პასქა?” (ეს წინადადება, როგორც წესი, ბოლოში ბევრი კითხვის და ძახილის ნიშნით იწერება).

 

მიდის ურთულესი კასტინგი, მძიმე დასკვნებით – იმას ნესტი აკლია, ამას სიმძიმე, მესამეს არომატი არ უვარგა, მეოთხეს – ქიშმიშების რაოდენობა.

 

წასულია იმ საცხობის საქმე, რომელმაც მოლოდინი არ გაამართლა და ცუდი პასქა გამოაცხო. სულ რომ ყირაზე დადგეს მთელი წელი, მის რეპუტაციას ვეღარაფერი უშველის. “წლის საუკეთესო პასქის” ნომინაციაში გამარჯვება ხომ საკონდიტრო ოსკარის ტოლფასი ჯილდოა საცხობისთვის.

 

მაინც რას ნიშნავს ეს “კარგი პასქა” და ერთი შეხედვით როგორ გავარჩიოთ ის ცუდისგან? თუ პასქა ფუნთუშასავით მჩატეა და ჰაეროვანი, სასწრაფოდ მოუბოდიშეთ გამყიდველს და გაეცალეთ იქაურობას. საქართველოში ბავშვმაც კი იცის, რომ ნამდვილი პასქა აუცილებლად მძიმე და ნესტიანი უნდა იყოს, მოყვითალო-მონარინჯისფრო და არავითარ შემთხვევაში, ქათქათა თეთრი! თუმცა, გარეგნული პარამეტრები მხოლოდ ნახევარი საქმეა. პასქას უნდა ჰქონდეს საკმარისი ცხიმი, ზომიერი სიტკბო და რაც მთავარია, განსაკუთრებული არომატი. კარგ პასქაში მუსკატის, ზაფრანის, მიხაკის, დარიჩინის და კიდევ სხვა სანელებლების არომატები ზომიერად ირევა ერთმანეთში. ყველაფერი მცხობელის ოსტატობაზეა დამოკიდებული.

 

და რა საჭიროა ასეთი ისტერიკა? – იკითხავთ თქვენ. არ შეიძლება, უბრალოდ ადგე და სახლში გამოაცხო პასქა?

 

კი, როგორ არ შეიძლება. მეტიც, სახლში გამომცხვარ პასქას არაფერი ჯობია. უბრალოდ, სამართლიანი იქნება, თუ წინასწარ გაგაფრთხილებთ, რომ კარგი პასქის მომზადებას რამდენიმედღიანი შვებულება, დიდი შრომა, ოსტატობა და კარგი ნერვები სჭირდება. თუ ეს ყველაფერი გაქვთ, თქვენ უნდა გამოაცხოთ პასქები. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც სახლში პასქას არ აცხობენ, ბიუჯეტია. მაღაზიაში მისი ყიდვა უფრო იაფი დაჯდება.

 

 

ჯეჯილი

 

 

კიდევ ერთი აუცილებელი ატრიბუტი ქართულ სააღდგომო სუფრაზე – ჯეჯილია – ახლადამოსული ბალახი, რომელიც ახალ სიცოცხლის და განახლების სიმბოლოა.

პასქისგან განსხვავებით, ჯეჯილის სახლში გახარება ბევრად მარტივია.

 

იმისთვის, რომ ჯეჯილის აბიბინება სააღდგომოდ მოესწროს, თადარიგს წინასწარ იჭერენ. ხორბალი აღდგომამდე ორი კვირით ადრე, ბზობის კვირაში ითესება.

 

ჯეჯილისთვის ნებისმიერი ფორმისა და ზომის ჭურჭელი გამოდგება. უფრო ხშირად ჩვეულებრივ თეფშს იყენებენ – 4-5 სანტიმეტრის სისქეზე აფენენ ბამბას, ნამავენ თბილი წყლით და ზემოდან 1 სანტიმეტრის სისქეზე აყრიან ხორბალს. ეს ლანგარი თბილ და ნათელ ადგილას უნდა დაიდგას. დილა-საღამოს ბამბის დანამვა არ დაგავიწყდეთ, რომ არ გამოშრეს.

 

სულ ეს არის. დაახლოებით, ერთ კვირაში თქვენს სახლში ახალი მწვანე ბალახი იბიბინებს, რომელზეც შემდეგ სააღდგომო კვერცხებს აწყობენ და სუფრაზე დებენ.

 

 

ენდრო

 

სააღდგომო კვერცხი წითელ პარასკევს იღებება. კვერცხს საქართველოში, როგორც წესი, ენდროთი ღებავენ. ვნების კვირას ენდრო ყველა ფეხის ნაბიჯზე იყიდება – შეიძლება სახლშიც კი მოგადგეთ ვინმე და ენდროს ყიდვა შემოგთავაზოთ.

ენდროს ძირებს კარგად რეცხავენ და შემდეგ ფქვავენ ან წვრილად ჩეჩქვავენ (დაფქული ენდროც იყიდება, მაგრამ ზოგიერთი დიასახლისი ამ პროდუქტს ჭვის თვალით უყურებს ), შემდეგ ასხამენ წყალს, უმატებენ რამდენიმე ხახვის ფურცელს, მარილს და ადუღებენ 20 წუთის განმავლობაში. როცა წყალი ადუღდება, ქვაბი უნდა გადმოდგათ, კარგად გააცივოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩააწყოთ კვერცხები. ერთ დიდ ქვაბში 20-ზე მეტი კვერცხის ჩალაგება არ ვარგა, შეიძლება დაიმტვრეს. საშუალო ცეცხლზე კვერცხები 20-25 წუთი ადუღეთ, შემდეგ ფრთხილად ამოალაგეთ, ცოტა გაგრილება აცალეთ და ცივ წყალში ჩაალაგეთ, რომ შემდეგ ადვილად გაიფცქვნას.

 

და კიდევ – კვერცხს თქვენს საყვარელ ქვაბში ნუ მოხარშავთ. ფერს შეუცვლის. ნამდვილ დიასახლისებს ამ საქმისთვის ცალკე ქვაბი აქვთ გადანახული.

 

ძველი თაობის ხალხი იხსენებს, რომ კომუნისტების დროს აღდგომის დღეებში მასწავლებლები სკოლაში ბავშვებს ხელებს უმოწმებდნენ და ვაი, თუ რომელიმეს წითელი საღებავის კვალი ჰქონდა – ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ სახლში კვერცხები შეუღებავთ.

 

 

მთავარი ტრადიცია – საფლავებზე გასვლა


 

აღდგომის მეორე დღეს – ორშაბათს – საქართველოში სასაფლაოებზე გასვლა, გარდაცვლილების მოხსენიება და საფლავზე წითელი კვერცხების გადაგორებაა მიღებული. საფლავზე აუცილებლად მიაქვთ პასქა, კვერცხი და ღვინო. არიან ისეთებიც, ვინც სასაფლაოზე სრულფასოვან სუფრას შლის – ქართული ტრადიციული კერძებითა და სასმლით და სტუმრებსაც იქვე ეპატიჟება.

 

აღდგომის ღამეს, როდესაც მორწმუნეები ეკლესიაში საღდგომო წირვა-ლოცვაზე დასწრების შემდეგ, გამთენიისას სახლში ბრუნდებიან, მეტროპოლიტენი უფასოდ მუშაობს. უფასოა ასევე მეორე დღეს სასაფლაოებამდე მისასვლელი მუნიციპალური ტრანსპორტიც.

 

“თბილისი თავისუფალია”

აღდგომა დღეს თბილისში არც საცობებია და ხალხიც კანტი-კუნტად დადის ქუჩაში. ეს ჩვეულებრივი ამბავია, რადგან, როგორც წესი, წინაპრების და ახლობლების საფლავები ქალაქგარეთ, რეგიონებშია, ამიტომ ხალხი სააღდგომოდ მასობრივად გადის ქალაქიდან. ამასთან დაკავშირებით, ყოველ აღდგომას ფეისბუკზე აუცილებლად გადაეყრებით ერთი-ორი ცხვირაბზუებული თბილისელის პოსტს, რომელიც ხარობს იმის გამო, რომ “როგორც იქნა, სოფლელები წავიდნენ და რამდენიმე დღით ქალაქში ნაღდი თბილისელები დარჩნენ”. ამ თემაზე ხუმრობა უკვე პასქაზე და წითელ კვერცხზე არანაკლებ ტრადიციად იქცა.

 

წყარო:https://jam-news.net/?p=32035&lang=ka

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5605
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია