დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოგზაურობის დღიური
როკოს კვიპროსული ბლოგი
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2017/04/03 10:33:07

 

 ხანდახან დაიღლები და სხვა გარემოს ნახვის გარდა ვერაფერი გშველის. შინაგანი ძალების კრიტიკული შეფასების მერე მივხვდი, რომ მჭირდებოდა მცირე „ინასტრანცული“ გასეირნება დამღლელი ცხოვრების წესის გამო.

დიდი გასეირნებისთვის 13 ადამიანი მოვგროვდით. ყველა დაღლილი ან თავგადასავლების მოტრფიალენი. 12 ადამიანს გამოცდილი „მოწანწალე“ ჩაგვიდგა სათავეში, 50-მდე ქვეყნის დამლაშქრავი ქალი, რომელიც მოგზაურობის გარეშეც იღლება და მოგზაურობითაც! ახლა კი მოკლედ კვიპროსული ტურნეს აღწერა:

 ქუთაისის აეროპორტი თავს ვიყრით. ჟურნალისტი, ისტორიკოსი, მღვდელი, სტუდენტები ბოლოჯერ ვამოწმებთ წარსადგენ დოკუმენტაციას: პასპორტებს, ვიზებს, დაზღვევას, საფულეებს, ფოტოაპარატებს და ტელეფონებს.


 რეგისტრაცია უპრობლემო გვქონდა, ბორტზე ასვლამდე რომელიღაც უნიფორმიანმა მოგვაძახა, ფოტოგრაფირებისას თვითმფრინავი არ გამოჩნდესო! ჰო, ჯგუფში ბელგიის მოქალაქეც იყო და ამის გაგონებისას ქვედა ყბა გაოცებისგან ძირს ჩამოუვარდა. კონფლიქტების გარეშე _ ვთქვი და „დავიკიდეთ“ უცნაური მოთხოვნა!


 ცაში ორი საათი. ლარნაკის აეროპორტის ლაბირინთების ბოლოს გამჭოლმზერიანი საპასპორტო კონტროლიორის წინ სუფთა საპასპორტო ისტორიით და სამსახურებრივი მდგომარეობით გაამაყებული წარვსდექი. რამდენიმე კითხვა და უკვე იმ მიწაზე ვარ, სადაც ქრისტეს ორმა მოწაფემ იქადაგა ახალი რწმენა თითქმის 21 საუკუნის წინ!

აეროპოტში სატრანსპორტო მომსახურებისთვის ადონისი დავიქირავეთ. ადონისი ახალგაზრდა ბერძენია. მანქანაში შეგვლალა და 140 კილომეტრიან გზის დაფარვას კინაღამ 3 საათი მოუნდა მისი მინიბუსი. უბრალოდ, აქ სიარული სწრაფად არ შეიძლება, _ აგვიხსნა.


მივედით ქორალ ბეიში. „დაზვერილი“ გვაქვს ორი ვილა მდიდრულ კვარტალში. პაფოსის ახლოს. პაფოსში მოციქული პეტრე გააკრეს თავდაღმა ძელზე. ეს ვიცით. კიდევ სადღაც ახლოს ქართველთა ნამონასტრალი ღალიაა. თუმცა, ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი.  ალიონა, რუსულად მოსაუბრე ცბიერი ქალი, გვაცნობს ვილაში „მოქცევის წესებს“. 1 კვირით ორი ვილა 1500 ევრო ღირს. ვილის ეზოში მუშმალა, ლიმონი, ფორთოხალი, კურკუმა და კიდევ რაღაც ტროპიკული ხილი მწიფს (შეჭმის უფლებით). ყველა უცნობ ხილს პაპაია შევარქვი და ყველა ასე ეძახის მერე.


 სველი წერტილები, სამზარეულო, საძინებლები ბრწყინავს. აუზი ცისფერია, კამკამა წყლით. კვარტალში სახლები თითქოს კიდეც ჰგავს ერთმანეთს, კიდეც _ არა. ეს ქობულეთია რეკონსტრუქციის შემდეგ, _ ირონიას ვანთხევ! ლამაზად მოკიწკიწებული ქვაფენილი ფეხშიშველა სიარულის სურვილს აღძრავს.


 ქვაფენილს იქით ლამაზად ყვავის ათასნაირი მცენარე. მარტის ბოლოს პირველი თიბვა და კარტოფილის ოთხი მოსავლიდან პირველი უკვე აღებულია. ბანანის პლანტაციებს ფორთოხლის და „პაპაიას“ ნარგავები ცვლის. ყველგან შეგიძლია ხილი დაკრიფო და ჭამო. განუსაზღვრელი ოდენობით. ბაღებში უამრავი კურდღელია, რომლებიც არ ფრთხებიან ადამიანებთან შეხვედრისას.


 დაბინავებისთანავე, „ჩაციტრუსების“ მერე „მამაპაპური ჩასკდომა“ მოგვინდა. რაღაც უზარმაზარი მაღაზიაა ახლოს. კვიპროსზე ყველა სახელი, მგონი, -ოს დაბოლოებით სრულდება და ეს მაღაზიაც ამდაგვარ სახელს ატარებს. მაღაზიაში სურსათზე დაბალი ფასები ხარისხის უკუპროპორციულია. 100 ევროდ ბატალიონის საკმარის საკვებს ყიდულობ. მაღაზია გთავაზობს ვილამდე დაბრუნებას უფასოდ, გინდა _ გამოიყენებ, არ გინდა _ არ გამოიყენებ.


ღალიის მონასტრისკენ სწრაფვა ბუნებრივია. ისტორიკოსი, მღვდელი და ინტერესიანი ქართველი ტურისტი იქ ყოველთვის მივა. საქართველოდან წასული ბერძენი მძღოლი, უცნაური სახელით, რომელიც დამავიწყდა, სოფელ წმინდა გიორგის გვაჩვენებს. ზოგადად, კვიპროსზე წმინდანების სახელი ჰქვია სოფლებს (რომლებიც ქალაქებისგან არ განსხვავდება), სავაჭრო ცენტრებს, სასტუმროებს... კუნძულის ახლოს, მეჩეჩზე შერჩენილი გემი ერთ-ერთი სანახაობაა. ეს შგიძლიათ იხილოთ პაფოსი-ღალიის გზის შუა გზაზე. ბერძენი მძღოლი, რომელსაც ქართულის გარდა რუსული და ინგლისური ენებიც ესმის, ბერძნულიც და კვიპროსული ბერძნულიც, გვახსენებს, რომ გრაფი მონტე კრისტო აქ სადღაც ნახულობს განძს...


 ადრექრისტიანულ ტაძარში, რომელიც წმინდა გიორგის სახელს ატარებს, სანთლები არ იყიდება. დალაგებულია და აიღე რამდენიც გინდა... მაგრამ ჩვენ ღალიაში მივიჩქარით. უცხო გზის პირებზე ციტრუსები ისეა დახუნძლული, როგორც ჩვენში პანტა. მიწა მოფარულია ფორთოხლით, რადგან სიმწიფეს ვეღარ გაუძლო და დამკრეფიც არავინ ჩანს! ან კრეფენ და ბაზარი არ ყოფნის გასასაღებლად. უეცრად სულ სხვა გარემო. ხმელთაშუა ზღვის ქსეროფიტს მთის წიწვნარი ენაცვლება. საკონსერვაციო გადახურვის ქვეშაა მოქცეული ქართველთა სიამაყე _ ღალიის მონასტერი. ფრესკის ნაშთები დარჩენია ოთხიოდე ადგილას. ერთი წმინდანის ფრესკის შარავანდედთან ჩანს სხვა ფერის სილურჯე, ქეთევან შოშიაშვილი გვიხსნის, რომ ეს ფერი იყო ძველქართული სახურავის ფერი და არა ის, მიშამ რომ გადაალურჯა გრემი და ბაგრატი!


 მამა გიორგი წერეთელი კითხულობს ღვთისმშობლის დაუჯდომელს. მის ირგვლივ ისე ვიყრით თავს, როგორც თაფლის გარშემო ფუტკარი. ნაკლები რწმენა, ან მცირედმორწმუნეობა არ ხერხდება: დინჯდები, ღვინდები, ამაყდები და დახუჭავ თვალს და აღმოაჩენ, რომ ვისაც ჩვენ ტაძრებში ვეძებთ, ჩვენშია სულაც! სამი ნამსხვრევი ავიღე, ორი თიხის მილსადენისა და ერთიც ლიბოსი. ვიცი, რომ ერთი კაცი თბილისში, სახელად გიორგი, სიხარულით იჩუქებდა ისევ ისე, როგორც ადრე, სექტემბერში იჩუქა იესოს ნასახლარიდან წამოღებული კენჭები.


 დაბრუნებისას ემოცია, ჭამის და ზღვის ტალღებთან შერკინების სურვილი ისევ მოგვერია. მამა გიორგი მთელი დღეები ტრიალებს პაფოსში, სოლომონიას კატაკომბები, წმინდა პეტრეს ძელზე გაკვრის ადგილი, პაფოსის ციხე, მუზეუმები, ახალი და ძველი ტაძრები მისი ინტერესის სფეროა. ერთი ტაძარი ქართველებს და რუსებს ეკუთვნით პაფოსის ახლოს. წმინდა გიორგის ეკლესიაში მამა გიორგისთან ერთად ვარ წამოსვლის წინა დღეს. მამა გიორგი იხსენებს ლოცვაში ყველა ქართველს და სახელდობრ ტურის მონაწილეებს, დამატებით კი პატარა მარიამ გაფრინდაშვილს, რომელსაც კიდევ 6 მკურნალობის ძვირადღირებული კურსი ესაჭიროება (ამავე საღამოს მკურნალობის ერთი კურსის დაფინანსების სურვილს გამოთქვამს ქართველი ემიგრანტი ესპანეთიდან!).


 შაბათ დილას ავიყარენით ვილებიდან. დასვენებული, მოსუქებულები და ტროპიკულად გარუჯულები. ბორტზე ავედით, ორიოდე საათში ქუთაისი გამოჩნდა. პირველად ცხოვრებაში პარლამენტის შენობის დანახვა გამიხარდა. მოჩანდა მოუვლელი, გაველურებული ნაკვეთები, ავტობანისა და რკინიგზის ხაზი. მაგრამ მაინც ჩვენი, საოცად მოუვლელი და მაინც ძალიან საყვარელი! აღარ გვახსოვდა დავარცხნილი და მოვლილი კვიპროსი, აღარც უფასო ბანანი და კურკუმა, აღარც აუზი და აღარც ზღვა!


 ქვეყნად მრავალი გზაა, სამშობლოსკენ მომავალი კი მათ შორის ყველაზე ძვირფასი!

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10427
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია