დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტი უსაფრთხოების თემაზე ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციებს იწყებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/02/25 20:58:19

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული უშიშროების საკითხებზე ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციების პროცესის დაწყების ინიციატივით გამოვიდა. პრეზიდენტი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, დავით რაქვიაშვილთან ერთად ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების წარმომადგენელებს შეხვდა. დაცული მოქალაქე, დაცული საზოგადოება, დაცული სახელმწიფო - ამ თეზისით იწყებს ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციების პროცესს საქართველოს პრეზიდენტი.

 

გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი ხედვა საქართველოს ყველა რეგიონიდან მოწვეული საზოგადოების წარმომადგენლებს გაუზიარა და ხაზგასმით ისაუბრა ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ახლებური მიდგომების და ერთიანი ეროვნული სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე.

 

შესაბამისად, პრეზიდენტმა დაავალა უშიშროების საბჭოს აპარატს დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციები, რათა საზოგადოებასთან ერთად ჩამოყალიბდეს, რა არის ეროვნული უსაფრთხოების ამოცანები, როგორ მივაღწიოთ იმ მიზნებს, რომელზეც საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს.

 

დღეს როდესაც ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია და არის მცდელობები ნაბიჯები გადაიდგას კიდევ უფრო შორს - მისი ანექსიისკენ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვითათბიროთ, გავერთიანდეთ და შევთანხმდეთ ქვეყნის უსაფრთხოების ერთიან ხედვამდე.

 

დაცული მოქალაქე, დაცული საზოგადოება, დაცული სახელმწიფო - ამ პარადიგმით ვმოქმედებთ ჩვენ და ამ პარადიგმის გაღრმავება გვინდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვის მიმართულებით.

 

სახელმწიფოს უსაფრთხოება იწყება იმ განცდიდან, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას საკუთარი მიწა-წყლის, მაგრამ არამხოლოდ საკუთარი ცხოვრების წესის დაცვაში“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, ეს არის მზაობა დაიცვა, როგორც შენი ტერიტორია, ასევე დაიცვა ის ცხოვრების წესი, რომლის დათმობაც შენთვის შეუძლებელია და ეს თანხმობაა საზოგადოებაში იმის ირგვლივ, რომ სხვანაირად ცხოვრება ჩვენთვის მიუღებელია. სწორედ ეს თანხმობა ქმნის ერთიან საზოგადოებას, ერთიან მდგრადობას და უნარს შევეწინააღმდეგოთ დაპყრობის ნებისმიერ ფორმას.

 

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ერთი მხრივ, შეიარაღებული ძალები, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა გაერთიანდნენ იმ ერთი მდგრადობის ირგვლივ, რომელმაც ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო თავდაცვისუნარიანი უნდა გახადოს.

 

შეიარაღებული ძალები არ არის მხოლოდ ქვეყნის თავდაცვის ერთადერთი ფორმა, არამედ ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინსტიტუტი უნდა იყოს თანხმობაში, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა.

 

შესაბამისად, დისკუსია, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ, დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევეცდებით ერთმანეთს გავუზიაროთ რანაირად და როგორ გაერთიანდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური რესურსი, შეიარაღებული რესურსი, ერთიან ძალიან მდგრად სისტემაში, რომელიც ნებისმიერ მტერს აფიქრებინებს, ღირს თუ არა საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა, არის ის, რის თაობაზეც მე მოგიწვიეთ სასაუბროდ და სათათბიროდ.

 

ბუნებრივია, ეს დისკუსია არ და ვერ იქნება ჩაკეტილი მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ექსპერტებისა და განათლებულ ხალხს შორის. ეს დისკუსია უნდა იყოს საჯარო და მასში უნდა გაერთიანდეს როგორც ექსპერტიზა და ცოდნა, ასევე ის დამოკიდებულება, რომელმაც სახელმწიფო უნდა შეკრას ერთიანი და მდგრადი ფრონტით. შესაბამისად, დისკუსია გაგრძელდება ყველა სიბრტყეში - რეგიონებში, დედაქალაქში“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

დღევანდელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელი  ნოდარ ხარშილაძე და საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ია მამალაძე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6985
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია