დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს რესპუბლიკური პარტია სახელმწიფოსგან ეკლესიის დაფინანსების ფორმატის შეცვლას ითხოვს
2017/02/17 21:23:22

საქართველოს რესპუბლიკური პარტია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

 

"ბოლოდროინდელმა მოვლენები, რომლებიც უშუალოდ შეეხო საქართველოს მართლადიდებელ ეკლესიას და საპატრიარქოს, გამომდინარე ამ ინსტიტუციის ავტორიტეტისა და გავლენიანობისგან, ბუნებრივია საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.

 

ამ კონტექსტში უაღრესად აქტუალურად მიგვაჩნია, ყურადღება მივაპყროთ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, კერძოდ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის იმ მოდელს, რომელმაც დიდწილად განაპირობა ის კრიზისული ვითარება, რისი მოწმენიც დღეს ვართ.

 

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ რესპუბლიკური პარტიის ეს განცხადება არანაირად არ ეხება რწმენას, აღმსარებლობის თავისუფლებას თუ წმინდა საღვთისმეტყველო საკითხებს. ჩვენი ყურადღების ობიექტია ეკლესია, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუცია, როგორც იურიდიული პირი და ორგანიზაცია.
ამ თვალსაზრისით, ეკლესიას არაერთხელ დადგომია მძიმე დღეები, არაერთხელ ჰქონია კრიზისი, როგორც შუა საუკუნეებში, ისე საბჭოთა პერიოდში, მაგრამ ახლა საუბარია იმ მახინჯ პრაქტიკაზე, რომელმაც მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე.

 

ჯერ კიდევ 90-იან წლებში შევარდნაძე-აბაშიძის რეჟიმის დროს დაიწყო სახელმწიფოს მიერ ეკლესიის მატერიალური ხელშეწყობა არა მიზნობრივ-პროგრამული პრინციპით, არამედ, უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური ლოიალობის მოპოვებისთვის. ეს პროცესი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გაღრმავდა და უფრო მრავალფეროვანი გახდა. 2007-2008 წლის მასობრივი გამოსვლების შემდეგ ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაფინანსება ხუთჯერ გაიზარდა. ყველას გვახსოვს ასევე სასულიერო პირებისთვის „შავი ჯიპების“ და უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემის ფაქტები.

 

დღეს ამ პრაქტიკამ კიდევ უფრო რადიკალური ფორმები მიიღო. იგი სცდება სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმების ჩარჩოებს. იკვეთება პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს თანხის გადარიცხვებს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე თვითმმართველობებიდან, მუნიციპალიტეტებიდან და სარეზერვო ფონდებიდან. ამას ემატება სხვადასხვა კომერციული თუ არაკომერციული ფირმისთვის სიმბოლურ ფასად ან საჩუქრად გადაცემული მიწები, მატერიალური ქონება. აღსანიშნავია ისიც, რომ ფაქტობრივად არ ხდება ამ ფულადი გადარიცხვების, უძრავი და მოძრავი ქონების გადაცემის ფაქტების კონტროლი და მათი მიზნობრიობის დასაბუთება.

 

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო შეთანხმება გაფორმდა, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან საპატრიარქოს, წმინდა ფულადი სახით ორას მილიონ ლარზე მეტი გადაეცა. მის მფლობელობაში კი სადღეისოდ თექვსმეტ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მიწა აღირიცხება.

 

ვითარება მივიდა იქამდე, რომ ეკლესია ფაქტობრივად გახდა ხელისუფლების ავტონომიური ნაწილი და ვხედავთ მათ შორის თანამშრომლობასა და კონკურენციაზე, ანუ ხან ურთიერთსარგებელზე (იგულისხმება მატერიალური და პოლიტიკური სარგებელი), ხან კი ურთიერთშანტაჟზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.

 

საკონსტიტუციო შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფო მართლმადიდებელ ეკლესიას უხდის კომპენსაციას კომუნისტების მმართველობის დროს ისტორიულად მიყენებული ზიანისთვის, მაგრამ თუ ბიუჯეტიდან დაფინანსება კომპენსაციას გულისხმობს, საზოგადოებისთვის, რომლის ჯიბიდანაც ირიცხება ფული, ნათელი და დასაბუთებული უნდა იყოს ამ კომპენსაციის მიზნობრიობა და მისი რაოდენობა. დღეს ეს პროცესი სრულიად ბუნდოვანია და ამ ზარალის დათვლა და დაანგარიშება არ მომხდარა. იქნებ და ზარალის ოდენობა უკვე გადახდილია? ეს არავინ იცის და არც არანაირი მუშაობა არ მიმდინარეობს ამ მიმართულებით.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, მკაფიოდ გაიმიჯნოს ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან და მათი ურთიერთობა არ გასცდეს საკონსტიტუციო შეთანხმებით გათვალისწინებულ ნორმებს.

 

ამიტომ მოვითხოვთ: შეწყდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება იმ სახით როგორითაც ახლა ხდება. შემუშავდეს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც აღირიცხება და დასაბუთდება ეკლესიისათვის გადასაცემი თანხის, მოძრავი თუ უძრავი ქონების მიზნობრიობა. თუ კიდევ დარჩა ეკლესიისთვის გადასახდელი კომპესანცია, ეს უნდა იყოს დოკუმენტურად დადასტურებული. რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღებოდეს და სწორედ ეს იქნება სეკულარული სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე წინ გადადგმული სწორი ნაბიჯი."

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 14269
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია