დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სომელიე-ჟურნალისტის ბლოგი
სტუმრად ნიკა ვაჩეიშვილის ატენურ მარანში
ავტორი: ნატო გუბელაძე
2017/02/15 11:00:21

გინახავთ ზამთარში ატენის ხეობა და თოვლის საბურველში გახვეული სიონის ტაძარი? იქედან კი  საფეხმავლო ბილიკით სტუმრებიხართ ნიკა ვაჩეიშვილის მარანს, რომ ბუხრის პირას ატენური ღვინო დაგეგემოვნებიათ? - ამ კითხვებზე თუ დადებითი პასუხი არა გაქვთ,  გირჩევთ, რომ უახლოესი „უიქენდი“ სწორედაც რომ  ატენში გაატაროთ.

 

 

 


მანამდე კი, ჩვენს „ინფო-ტურზე“ გიამბობთ, რომელიც კულტურის ყოფილი მინისტრის, ბატონ ნიკა ვაჩეიშვილის მიპატიჟებით „ფეისბუქის“ ჯგუფის  - „ინფო გიდებისათვის“ - წევრებმა  დავგეგმეთ და ჩვენი არაჩვეულებრივი „ადმინის“, ლევან რევაზიშვილის ხელმძღვანელობით, ღირსეულად განვახორციელეთ კიდეც.


მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დილიდანვე მშვენივრად ბარდნიდა და ყინავდა, 33-ვე გიდი და მე, თქვენი მონა-მორჩილი, სომელიე - ჟურნალისტი, დროულად გამოვცხადდით შეკრების ადგილას რუსთაველზე, „ველოსიპედთან“ და ორი მიკროავტობუსით ატენისკენ ავიღეთ გეზი... ჰო, კინაღამ დამავიწყდა, მეთქვა, რომ ჩვენთან ერთად ტურში ერთი წლის პატარა ერეკლეც იმყოფებოდა, რომელმაც ჩვენი ერთდღიანი მოგზაურობა კიდევ უფრო გაათბო და გაალამაზა.



ატენის სიონთან ბატონი ნიკა ვაჩეიშვილი შემოგვეგება და ჩვენი ექსკურსიაც აქედან დაიწყო. ვიდრე ტაძარში შევიდოდით, მანამდე მან ამ ულამაზესი კუთხისა და ატენური ღვინის შესახებ საინტერესო ეპიზოდები გაიხსენა....    თუმცა სჯობს, ვიდეოები თავად  ნახოთ

 

 

 

ტაძარში შესვლამდე კიდევ ერთი საინტერესო ისტორია გველოდა იმის შესახებ, თუ რატომ არის ატენის სიონის კედლები გარედან მოწითალო ფერის და რა კავშირი აქვს მას ატენურ ღვინოსთან. სტუმართა მხრიდან სხვადასხვა ვერსიები გაჟღერდა, თუმცა, საბოლოოდ, ბატონმა ნიკამ მეცნიერული ვერსია გაგვიმხილა, რომელსაც ამ ვიდეოდან შეიტყობთ.


 



ცნობილია, რომ ისტორიულად, ატენი საქართველოს იერუსალიმის - ქალაქ მცხეთის იკონოგრაფიულ ასლს წარმოადგენდა. ამიტომ აქ მე-5 საუკუნეში, კლდის კონცხზე აგებული ბაზილიკური ტაძრის ადგილას, აიგო მცხეთის ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ეკლესია, მახლობლად დღემდე შემონახულისვეტიცხოვლისტაძრითა თუ წმ. ნინოს სახელობის ადრეული ეკლესიით


საგულისხმოა, რომ მის ფასადებზე შემნახულია ქართუ ხელოვნებაში ერთ-ერთი ადრეული ვაზისა და ყურძნის გამოსახულებები მე-7, მე-10 საუკუნეებისა, დასტური იმისა, რომ ეს ოდითგანვე ვაზისა და ყურძნის მხარე იყო.


ამჟამად ტაძარი შიგნით მთლიანად ხარაჩოებშია ჩასმული და იტალიურ-ქართული საერთაშორისო პროექტის  ფარგლებში კონსერვაცია  მიმდინარეობს. როგორც ბატონმა ნიკამ გვითხრა, ძალიან რთული და შრომატევადი პროცესია, ტაძრის ქვები შიგნიდანაა დაზიანებული და უცხოელი რესტავრატორების დახმარებით ქვების გამამაგრებელი ნივთიერება  თითოეულში „შპრიცისმაგვარი“ მილებით შეჰყავთ.

 

ტაძრის ისტორიას და საინტერესო დეტალებს, ბატონ ნიკასთან ერთად, სიღრმისეულად გვიამბობს ასევე ადგილობრივი წარმომადგენელი , ბატონი პაატა ბესტავაშვილი. მისგან ვგებულობთ, რომ მე-19 საუკუნის მოგზაურის, დიუგუას თეორიის მიხედვით მეცნიერებში კარგა ხანს იყო გავრცელებილი აზრი, რომ ატენის სიონის არქიტექტორი სომეხი თოდოსაკი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ტაძრის შიდა კედლებზე მეცხრე და მერვე საუკუნის წარწერებიც კი აღმოაჩინეს, მათ შორის ბუღა თურქის წარწერა, გაბათილდა აზრი არქიტექტორად თოდოსაკის აღიარებაზე, რადგან ის გაცილებით გვიან საუკუნეებში მოღვაწეობდა...


ვხედავ, რომ ჩვენი ინფოტურის წარმომადგენლები მასპინძლის ნაამბობის მიხედვით პირად ჩანაწერებს აკეთებენ, რათა შემდგომ ეს ფაქტები იმ ტურისტებთან  საუბარში გამოიყენონ,  რომლებიც  სამომავლოდ საქართველოს ღირსშესანიშნავი  ადგილების ისტორიული მნიშვნელობითა და სილამაზით უნდა მოხიბლონ.



სიონის ტაძრიდან გამოსულები თეთრ, გაუკვალავ თოვლიან ბილიკს მივუყვებით და წინ მასპინძელი მიგვიძღვის, პერიოდულად ვჩერდებით, ერთმანეთს ველოდებით და ამასობაში, გზადაგზა ბატონი ნიკა გვიამბობს, რომ მართალია,  ის წარმოშობით გურულია და ატენთან ოჯახური წარმომავლობა არ აკავშირებს, მაგრამ სიყმაწვილე და ახალგაზრდობა ამ მხარეში აქვს გატარებული, აქ ასწავლიდა პირველად სკოლაში, ძალიან უყვარს აქაურობა და სულ უნდოდა, რომ თავისი სახლი სწორედ ატენში ჰქონოდა. ჰოდა, როცა კი მიეცა იმის საშუალება, რომ აქ მიწა ეყიდა, ბევრი აღარც უფიქრია: „გამიმართლა და 50 წლის ვენახი შევიძინე, კარგად მოვლილი და წელგამაგრებული. ვენახი სახლთან ახლოს გვაქვს.  ახალი ვაზიც მივამატეთ. ორი მივიწყებული ქართული ჯიში - ბუდეშური (თეთრი ღვინო) და დანახარული (შავი ღვინო) ჩავყარეთ. მათგან საუკეთესო, ხარისხიანი ღვინო დგება.

 


ნიკა ვაჩეიშვილი სიამაყით გვიყვება „ტანას ხეობის კულტურული ლენდშაფტის“-უძველესი ტერასების, ძველი სარწყავი სისტემების თუ იმ კლდეების შესახებ, რომელიც ატენურ ღვინოს განუმეორებელ გემოს აძლევს...


ბატონი ნიკას მაგალითზე ცხადი ხდება, რომ თუ საქმე გიყვარს და ძალიან მოინდომებ, სრულიად გამოუცდელმაც შეიძლება, ისე ისწავლ ვენახის მოვლა, გასხვლა თუ ყურძნის დაწურვა, რომ  საკუთარი სიამოვნებისთვის დაწყებული საქმე მალევე მცირე ბიზნესადაც აქცი.


ცოტაც და თოვლიანი ბილიკით ნიკა ვაჩეიშვილის  ულამაზეს  სასტუმრო კომპლექსსა და მარანს მივადექით. ეზოში ეთნოგრაფიული კოლორიტის მიხედვით მოწყობილი ორი ფანჩატურია, ერთგან თივისგან დამზადებულ „სავარძლებში“ შეგიძლია დაისვენო, ხოლო მეორეგან  - სანაქებო ატენური ღვინოები დააგემოვნო და მისი ბუკეტის სურნელი შეიგრძნო. 

 


იქვე ბუხარიც დაუნთია მასპინძელს და შეშის ტკაცან-ტკუცუნიც ისმის. ბუხართან მიფიცხებას კი პირველ რიგში ჩვენს ყველაზე უმცროს თანამგზავრს, ერეკლეს, ვუთმობთ, დედიკო ნუციკოსთან ერთად, თუმცა პატარა ერეკლე ტოლს არ გვიდებს და ჩვენზე ადრე შემოივლის მთელ ეზოს, სახლის ორივე სართულს, გადახედავს იქვე, ტერასებზე  შეფენილ ვენახს და თითქმის მასზე ორჯერ მაღალ და დიდ შავ მასპინძელ ძაღლსაც დაუმეგობრდება.

 

კომპლექსის დათვალიერებას სასტუმროს მეორე სართულიდან ვიწყებთ, სადაც ძალიან სასიამოვნო თანამედროვე ესთეტიკა და ძველებური ნივთები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. ვგებულობთ იმასაც, რომ აქაური გემოვნებიანი დიზაინის ავტორი ბატონი ნიკას არქიტექტორი მეუღლე, ქალბატონი დიანა ბოლოთაშვილია, რომელსაც ტურისტულ სეზონზე ამ საოჯახო ბიზნესის მენეჯერობაც უწევს ხოლმე.

 


ისინი ტურისტებს მრავალფეროვან და საინტერესო მასპინძლობას უწევენ , დაწყებული ე.წ. კლდეების ვენახის, ტერასების დათვალიერებით, სამი სახეობის ღვინის დეგუსტაციით, გაგრძელებული სადილის სამზადისში სტუმრების მონაწილეობით თუ მინერალური საღებავით სიმბოლური სუვენირების დამზადებით და  დამთავრებული მშვილდ-ისრის მიზანში სროლით, შუბის ტყორცნითა თუ ბუნებრივ კლდეზე ცოცვით...


ცოტაც და, ბატონი ნიკა „მარნის კარებს აჭრიალებს“ და გვეპატიჟება.  შესვლისთანავე თავად პირჯვარს იწერს და ამით გრძნობ, რომ მარანი მისთვის საკრარული მნიშვნელობისაა. ვაჩეიშვილების მარანში საუკეთესო ატენური ღვინოების სურნელი ერთიან ჰარმონიას ქმნის და დაგემოვნების ინტერესი თავისთავად მძაფრდება.

 


მასპინძელი კი უფრო და უფრო მეტი სიამაყით გვიყვება, რომ  ეს დიდებული მარანი ატენური კირისგან ააშენა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ცემენტით აშენებული მარანი მუდმივ ტემპერატურას ვერ იჭერს და  ღვინო მალე ფუჭდება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში შენობა ძალიან ხურდება ან პირიქით, ცივდება. კირით ნაგებში კი სტაბილური ტემპერატურაა. გვეუბნება, რომ იატაკად ადგილობრივი თიხა გამოიყენეს, მერე ზედ ბევრი ირბინეს და კარგად დატკეპნეს, ხოლო ზემოდან  ქართული აგური დააგეს, რადგან როცა ქვევრის ჩაყრამდე მივა საქმე, თიხა და აგურ ადვილად ამოიყრება.

- ჯერჯერობით ვინაიდან, ქვევრებს დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, ამ საქმეს ნელ-ნელა ვეპარები, სამომავლოდ ქვევრებსაც აუცილებლად ჩავყრი - გვეუბნება ბატონი ნიკა.


მარნიდან გამოსულები კვლვ თოვლიან ბილიკს მივუყვებით და რამდენიმე მეტრში, სასტუმრო კომპლექსის სიახლოვეს, ახალ გახსნილ „ფაცხაში“ ვხვდებით, სადაც მასპინძელი, ბატონი ნუკრი და იმერეთიდან მოწვეული შეფმზარეული ბატონი კახა უიშვიათესი გემოვნებით შექმნილი ქართული კერძებისა და ატენური ღვინის ნამდვილ ენოგასტრონომიულ „ფესტივალს“  გვიწყობენ. ჩვენ კი ნიკა ვაჩეიშვილის თამადობით დიდი სიამოვნებითა და  ინტერესით ვცდილობთ, გავარკვიოთ, რომელ კერძს უფრო მეტად უხდება სანაქებო ატენური...

ამასობაში კი ატენურის ყლუპებით  ნასიამოვნებ ჩვენს პატარა თანამგზავრ ერეკლეს ლექსო პაიკიძის მკლავებში ეძინება და ბუხრის პირას, სკამებით შეკრულ საწოლზე აგრძელებს ძილს... ჩვენ კი ამ ულამაზეს პატარას სამახსოვრო სურათებს ვუღებთ...


 


 საბოლოოდ კი, ინფო-ტური იმ განცდით მთავრდება, რომ ჩევნი ჯგუფის წევრები პროფესიული დეტალების დაზუსტებას იწყებენ მასპინძელთან და თავიანთი მომავალი  ტურისტებისთვის გათვალისწინებულ რუკაზე  უპირობოდ და გამოკვეთილად შეჰყავთ ახალი ტურისტული მარშრუტი - უფლისციხედან ნიკა ვაჩეიშვილის მარნის ატენურ ღვინომდე....


 

 

 ავტორის ფოტოები

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 20991
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია