დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/02/02 19:45:10

ევროპარლამენტის დეპუტატებმა 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას. შესაბამისად, საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლებს.

 

ევროპარლამენტის სესიას ესწრებოდა საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.

 

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მიმართ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერა, რომელიც დღევანდელი კენჭისყრით კიდევ ერთხელ დადასტურდა.

 

მოხარული ვართ, რომ ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი დადებითად შეფასდა. ვაფასებთ  ევროპარლამენტის მიერ გამოხატულ ნდობასა და თანადგომას  საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რაც დამატებითი ბიძგის მომცემია ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი რეფორმების გასაგრძელებლად.

 

ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება იმის დადასტურებაა, რომ  ევროკავშირთან თანამშრომლობა და პარტნიორობა კონკრეტული სარგებლის მომტანია საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ ევროკავშირი ასრულებს თავის ვალდებულებებს პარტნიორების  მიმართ და შემხვედრი ნაბიჯებით პასუხობს ქვეყნის ძალისხმევას ევროკავშირის სტანდარტების დანერგვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მიმართულებით.

 

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღება ასევე მნიშვნელოვანი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომელთაც საშუალება მიეცემათ ისარგებლონ ყველა იმ სიკეთეებით, რაც ევროკავშირში თავისუფალ გადაადგილებასა და ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობებს მოაქვს.

 

შემდგომი პროცედურის თანახმად, ევროპარლამენტის კენჭისყრის შემდეგ, განახლებულ რეგულაციას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო, რითაც ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი საბოლოოდ დასრულდება.

 

საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში).

 

გამომდინარე იქიდან, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმი მესამე ქვეყნებიდან მიგრაციული ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდისა და ამასთან დაკავშირებული რისკებისა და საფრთხეების  შემთხვევაში დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობას ითვალისწინებს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ის ნეგატიური შედეგები, რომელიც შეიძლება მოყვეს მათ მიერ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობების დარღვევას.

 

 

დარწმუნებული ვართ, საქართველოს მოქალაქეები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ ვალდებულებებს უვიზო მიმოსვლის პირობებში და ზედმიწევნით დაიცავენ შესაბამის მოთხოვნებს და მიმღები ქვეყნების კანონმდებლობას“ - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2030
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია