საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობენ
2017/01/30 20:25:53

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა 30 იანვარს გამართულ პრეზენტაციაზე მომავალი პოლიტიკური გეგმები გაახმოვანეს.

 

„დღეს თქვენთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად ვდგამთ კიდევ ერთ ნაბიჯს იმ გზაზე, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს საქართველოში ახალი, ძლიერი, პოლიტიკური ცენტრის გაჩენამდე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ თავის გახსნით სიტყვაში.

 

ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ ევროპულ საქართველოს სახელი შეეცვალა და ის „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო“ გახდა. მისი თქმით, ეს „იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთის მხრივ, იქნება ნამდვილი მოძრაობა და არა პარტია, მოძრაობა, სადაც მოვა ათიათასობით  ადამიანი, მოძრაობა, რომელიც შექმნის განვითარების განცდას“.

 

„ევროპა არის საქართველოს საბოლოო ნავსაყუდელი. ევროპა ნიშნავს ღირსეულ და კარგ ცხოვრებას ჩვენი ხალხისთვის. ეს არის ჩვენი შეთავაზება ჩვენი ხალხისთვის. ვიყოთ ერთად, ვიმოძრაოთ წინ და  ავაშენოთ ევროპული ქვეყანა, სადაც თითოეული ოჯახი იცხოვრებს კარგად“, – განაცხადა ბაქრაძემ.

 

მან ასევე დასძინა, რომ პარტიის მთავარი მიზანი იქნება იმის „ჩვენება, რომ საქართველოში არსებობს ალტერნატივა. „ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ არც მეორე, არც მესამე, არც მეხუთე, არც ოცდამეხუთე პოლიტიკური ძალა, ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც რეალურად შეძლებს ამ ქვეყანაში მიზიდულობის ცენტრის შექმნას და რეალურად დაანახებს ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც თავისი ცოდნით, თავისი კვალიფიკაციით, თავისი ინტელექტით, თავისი ენერგიით, თავისი მონდომებით მოახერხებს იმას, რომ საქართველო წაიყვანოს წინ და ჩვენმა ხალხმა იცხოვროს უკეთ“. 

 

ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ახალი მოძრაობა 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ის „სერიოზულ შედეგს“ აჩვენებს. „ჩავალთ ყველა რაიონში, მივალთ ყველგან, მივალთ ხალხთან და დავანახებთ, რომ ადგილობრივ არჩევნებს გააჩნია უზარმაზარი მნიშვნელობა“, – აღნიშნა ბაქრაძემ. 

 

მისი თქმით, ახალი პოლიტიკური მოძრაობის ყრილობა, სავარაუდოდ, აპრილში გაიმართება.

 

გიგი უგულავამ, რომელიც პარტიის დროებითი გენერალური მდივანი იქნება ყრილობამდე, განაცხადა, რომ პარტიის მიზანი ხელისუფლების „მშვიდობიანი“ შეცვლა იქნება.

 

„ჩვენ მოძრაობას ქვია მოძრაობა თავისუფლებისთვის იმიტომ, რომ ქართველი ადამიანისთვის, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სიტყვა თავისუფლება არის ყოველთვის ყველაზე ძვირფასი“, – განაცხადა უგულავამ შეხვედრაზე.

 

გიგა ბოკერიამ, რომელმაც ასევე ისაუბრა პრეზენტაციაზე, განაცხადა, რომ ახალი მოძრაობის მიზანია „ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა“ ადგილობრივი არჩევნების გზით და „ამის შემდეგ დავიწყოთ საქმის კეთება ამ ქვეყნისთვის ძლიერი გუნდით, ოღონდ ძლიერი გუნდით, რომელიც შეზღუდულია კონსტიტუციით და რომელიც ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული“. 

 

http://civil.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1287
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია