საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოპტიმიზაციის პროცესი დასრულებულია
2017/01/30 16:32:04

თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოპტიმიზაციის პროცესი დასრულებულია. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საშტატო სტრუქტურების რეორგანიზაციის შესახებ თავდაცვის მინისტრის ბრძანებები გამოიცა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმის ფარგლებშირეორგანიზაციის შედეგად კი თავდაცვის უწყება 2250-მდე ადამიანმა დატოვა, ხოლო დაიზოგა 32 მილიონი ლარი.

 

თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რეორგანიზაციისა და შტატების ოპტიმიზაციის საკითხთან დაკავშირებით, გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით 2016 წლის 12 ნოემბერს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც განიხილა არსებული საშტატო სტრუქტურები და ოპტიმიზაციისათვის საჭირო რეკომენდაციები შეიმუშავა.

 

სამუშაო ჯგუფმა შეაფასა გარკვეული თანამდებობების საჭიროებები, გამოავლინა დუბლირებული ფუნქციების მქონე სტრუქტურული ერთეულები და საბოლო რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის გადასცა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას. რეორგანიზაციის შედეგად მთლიანობაში თავდაცვის უწყება 2250-მდე ადამიანმა დატოვა - ნათქვამია განცხადებაში.

 

მათ შორის სამოქალაქო ოფისიდან გათავისუფლდა 1750 სამოქალაქო პირი (შტატგარეშე - 400; შტატიანი - 1350), ხოლო შეიარაღებული ძალებიდან სულ 340 სამხედრო პირი (ოფიცერი - 217; სერჟანტი - 123). აქედან 209 ოფიცერმა ერთჯერადი გასასვლელი დახმარებით, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა შეიარაღებული ძალები. მათზე გასაცემი კომპენსაციის მთლიანმა თანხამ 5 მილიონ 197 ათას 500 ლარი შეადგინა. ხოლო კომპენსაციების განაკვეთი განისაზღვრა წოდებების მიხედვით.

 

 „ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის ფარგლებში სტრუქტურული ცვლილებებიც განხორციელდა, როგორც სამოქალაქო ოფისში ასევე შეიარაღებულ ძალებში.

 

თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შედეგად ამ დროისთვის დაზოგილი თანხის მოცულობა შეადგენს 32 მილიონ ლარს.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაციის პროცესი 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ მოსვლისთანავე შეიმუშავა სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისა და უწყების სტრატეგიული განვითარების გეგმა.

 

რეფორმის მიზანი, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ნატოსთან თავსებადი, თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების შექმნა და სრულყოფაა, რაც უწყებაში ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის, ბიუროკრატიული აპარატის შემცირების, დუბლირებული ფუნქციების აღმოფხვრის და უფუნქციო საშტატო ერთულების გაუქმების გზით უნდა განხორციელდეს.

 

ოპტიმიზაციის პროცესი თავდაცვის სამინისტროში მმართველი რგოლიდან დაიწყო, რაც მრჩეველთა ინსტიტუტის გაუქმებაში გამოიხატა, შედეგად, მხოლოდ ამ გადაწყვეტილებით, დაიზოგა 389 556 ლარი, რომელიც მინისტრის და მისი მოადგილეების 10 მრჩევლის წლიურ ანაზღაურებას შეადგენდა. მრჩევლების შტატი გაუქმდა გენერალურ შტაბსა და ქვესტრუქტურებშიც. რის შედეგადაც მთლიანობაში 1 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიზოგა.

 

 

2016 წელს, თავდაცვის სამინისტროს 670 მილიონიან ბიუჯეტში 67% მხოლოდ სახელფასო და სოციალურ ხარჯებზე მოდიოდა, ხოლო 33 % ტექნიკის, ტყვია-წამლის და სხვა საჭიროებებზე იყო გათვლილი, რაც არასაკმარისი და გაუმართლებელი მიდგომაა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ნატოს სტანდარტით, ბიუჯეტში სახელფასო და ადმინისტრაციული ხარჯი 50-დან 53 %-მდე განისაზღვრება. შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორებისა და ექსპერტების ყველა რეკომენდაცია, თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, სწორედ ბიუჯეტის დაბალანსების და ეფექტურად განკარგვის საკითხს ეხება“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1210
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია