დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ნუთუ, ქუთაისის მერიაში აღარ დარჩა ვინმე ცოცხლად მოაზროვნე?“ - უკვირს ქუთაისის ყოფილ მერს, არქიტექტორ დავით მელქაძეს
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/01/25 00:14:39

 

 მას შემდეგ, რაც ქუთაისის ისტორიულ ნაწილში, დავით აღმაშენებლის მოედანზე შემოღობვითი სამუშაოები დაიწყო და მაკდონალდსის მაკეტი გამოაკრეს, მოსახლეობაში დიდი  ვნებათაღელვა დაიწყო. ქალაქის აზრი ორად გაიყო. ერთი ნაწილი, რომელიც ამ სახით ქალაქში ინვესტიციის შემოსვლას ხედავს, ამ მშენებლობის მომხრეა, მეორე ნაწილი კი მშენებლობას აპროტესტებს და აღნიშნულ ტერიტორიაზე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მშენებლობს ითხოვს. თუმცა, ისინი ზოგადად მაკდონალდსის აშენების და ინვესტიციის წინააღმდეგი კი არ არიან, არამედ, ამ მშენებლობისთვის სხვა ადგილის გამონახვას ითხოვენ. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ამ მშენებლობის მომხრეა...

 

 მშენებლობის გასაპროტესტებლად ქუთაისში უკვე შექმნილია საინიციატივო ჯგუფი „ქუთაისის მომავლისათვის,“ რომლის წევრებიც მოსახლეობაში ხელმოწერებს აგროვებენ და პერნამენტულად საპროტესტო აქციებსაც მართავენ. მიუხედავად მათი მცდელობისა, მშენებლობის პროცესი მაინც წინ  მიიწევს.

 

 მაშინ, როდესაც შენობის პროექტი ჯერ კიდევ არაა დამტკიცებული. ქუთაისის ისტორიულ ნაწილში უკვე მოხდა ისტორიული ქუჩის საათის დემონტაჟი და მოინგრა კიბეები. როგორც  ქუთაისის მერიაში განმარტავენ, მიწის სამუშაოების გამო საათი დროებით შეინახეს,რათა  არ დაზიანებულიყო და მას აუცილებლად დააბრუნებენ ძველ ადგილზე.

 

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მაკდონალდსის მშენებლობის შესახებ ღია დისკუსია გაიმართა, სადაც მოწვეული იყვნენ ქუთაისის მერიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მაკდონალდსის განვითარების მენეჯერი  და საქართველოს პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარები.  

 

სამწუხაროდ, დისკუსიას არ დაესწრო არცერთი მაჟორიტარი.

 

იმდენად, რამდენადაც ეს თემა ბოლო დროის ერთ-ერთ მტკივნეულ საკითხად იქცა ქუთაისელებისათვის,დისკუსიამაც ძალიან ცხარედ ჩაიარა. განსაკუთრებით საინტერესო აზრი გამოთქვა არქიტექტორმა დავით მელქაძემ, რომელიც ქალაქის ყოფილი მერია.  „მუზეუმის ასაშენებლად საჭიროა სპეციფიკური ადგილი, რადგან მისმა საცავმა უნდა გაუძლოს ნებისმიერ მიწისძვრასა და პირდაპირ დარტყმასც კი. ეს ტერიტორია მუზეუმისთვის არის შესანიშნავი ადგილი, რადგან მეორე დონე არის კლდე, რომელიც გამოიჭრება და მასზე ორგანულად მოთავსდება მუზეუმი. 

 

რაც შეეხება მაკდონალდსს, ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ნაწილში ამ კვების ობიექტის მშენებლობა დანაშაულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ მოხდება მაკდონალდსის ცენტრალური ოფისის ინფორმირება აღნიშნულთან დაკავშირებით, ისინი თავიანთ ქართველ პარტნიორებს სერიოზულ საყვედურს გამოუცხადებენ ამ ზედმეტად მონდომებული ნაბიჯის გამო. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თვითონ ქალაქის ოფიციოზი ამ წინადადებას დასთანხნდა“ - განაცხადა დავით მელქაძემ და დაამატა: ყველა  ნორმალური  არქიტექტორი   იქ  შენობის  დაპროექტებაზე    უარს  იტყვის,  რადგან  ეს  არის  კანონ დარღვევა.  მე  გაძლევ პირობას,  რომ  სრულად  არის  შესაძლებელი,  რომ  კანონის  წინაშე  პასუხი  აგებინო  იმას, ვინ  ტროტუარზე  შენობას  დააპროექტებს.   ვისაც  ეს  მოაფიქრდა,  ის  ქუთაისში  ნამყოფი  არ  არის  და   არც  ქუთაისის  ისტორია  იცის.    ნუთუ,  მერიაში  აღარ  დარჩა  ვინმე  ცოცხლად  მოაზროვნე."

 

საკრებულოს წევრმა ნატო ქათამაძემ  შეკრებილ საზოგადოებას , განსაკუთრებით არქიტექტორებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა და   საკრებულოს  სხდომაზე დასწრება სთხოვა, სადაც ამ საკითხის განხილვა დაანონსა.


„ქალაქის მერი თავს იწონებს, რომ ამ მშენებლობით დიდი ინვესტიცია იდება ქალაქში. ამ უმსგავსობის  შეჩერება, მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობითაა შესაძლებელი. ჩვენ გვაქვს რამდენიმე მაგალითი, სადაც მოქალაქეების პროტესტის წყალობით თავიდან ავიცილეთ არასასურველი მშენებლობები.   ვიმეორებ, თუ იქნება  სამოქალაქო აქტივიზმი, ვერაფერსაც ვერ ააშენებენ.“- ნატო ქათამაძე, საკრებულოს წევრი.


დისკუსიაში აქტიურად ჩაერთო მაკდონალდსის განვითარების მენეჯერი ნიკო დარბაისელი, მან აქცენტი  მაკდონალდსის საერთაშორისო ბრენდზე და იმ ინვესტიციის მნიშვნელობაზე გააკეთა,რომლის განხორციელებასაც მათი ფირმა ამ ქალაქში გეგმავს.   მას გოგი წულაიამ ჭავჭავაძის გამზირზე აშენებული მაკდონალდსის სანაცვლოდ ნაკისრი ვალდებულებები შეახსენა, რომლის თანახმადაც შ.პ.ს „თ.დ.კ. უ“-ს უსახლკაროებისთვის 20 000 ლარის ბინები უნდა გადაეცა. ფირმამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა,რის გამოც ქალაქის ვალი აქვს.


 ნიკო დარბაისელმა ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.


 

 ყველაზე მეტი შეკითხვა აუდიტორიას ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ბაქარ ჭეიშვილთან ჰქონდა.  მან კიდეევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჯერ კონკრეტული პროექტი არ არსებობს, თუმცა მაკდონალდსის შენობა მაკეტზე წარმოდგენილი პროექტით არ აშენდება.  ჭეიშვილის თქმით, მაკდონალდსის ახალ პროექტზე გერმანელი არქიტექტორი მუშაობს, რომელიც ახალ პროექტს ერთ კვირაში წარმოადგენს, ამის შემდეგ მოხდება შეთანხმება. 

 

ლიკა დევდარიანი

ფოტო - gnpreess       

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9806
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია