დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის განვითარების საინიციატივო ჯგუფი მაკდონალდსის მშენებლობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/01/19 22:13:15

ქუთაისის განვითარების საინიციატივო ჯგუფი ქალაქის ცენტრში მაკდონალდსის მშენებლობასთან დაკავშირებით სპეციალურ  განცხადებას ავრცელებს. რომელსაც სრულად გთავაზობთ:


"დღეს ხელისუფლებას უნდა, რომ  აგვიშენოს კვების ობიექტი ქალაქის ცენტრში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმის გვერდით. ამ დროს ეს მუზეუმი გადატანილია ყოფილი ბანკის შენობაში, რომელიც სრულიად სხვაგვარი, სპეციფიკური დანიშნულების ნაგებობას წარმოადგენს, რითაც მუზეუმი ამჟამად იმყოფება მისთვის შეუფერებელ ადგილას, რაც გულისხმობს, როგორც ექსპონატთა განთავსებისთვის საჭირო ფართის უქონლობას, ასევე - სათანადო ტემპერატურის არ ქონასაც.

 

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საჭირო ფართის უქონლობის გამო უამრავი ექსპონატი გადანახულია და მათი გამოტანა საექსპოზიციოდ ვერ ხერხდება. 


თუ ჩვენი საზოგადოება შეთანხმდება, დავით აღმაშენებლის მოედანზე, ძველი მუზეუმის ადგილას, შესაძლებელია, აშენდეს და განთავსდეს ისტორიულ -ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხელოვნების გალერეით, სადაც სამუზეუმო კოლექციის გვერდით გამოიფინება თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებიც. 


ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა გახდეს ქუთაისისთვის. ახლა დავსვათ კითხვა, ამისთვის რა სჯობს- კვების ობიექტი ქალაქის ისტორიულ ცენტრში, თუ - მუზეუმი უნიკალური ექსპონატებითა და ხელოვნების ნიმუშთა გალერეით?


ჯერ კიდევ გვაქვს დრო, ამაზე დავფიქრდეთ... თუკი ჩვენ შევძლებთ ამის გაკეთებას, შეგვეძლება, რომ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ვუთხრათ - მე ეს გავაკეთე ჩემი ქალაქისთვის.


შემოგვიერთდით ქუთაისელებო (და არა მარტო ქუთაისლებო), ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის მომავალზე...

აქვე გაწვდით იმ მოკლე ჩამონათვალს, რაც ჩვენი ქალაქის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული სიმდიდრეა 150,000-ზე მეტი ექსპონატით:

არქეოლოგიურ განყოფილებაში, რომელიც ქუთაისსა და მის შემოგარენში მიკვლეული მასალებით ივსება, ბრინჯაოს და ანტიკური ხანის უამრავი ნიმუშია დაცული, მათ შორის: კოლხური ცულები, ცხოველთა სტილიზებული გამოსახულებებით შემკული ბრინჯაოს ბალთები, ძვ. წ. VII-VI საუკუნის მამაკაცის ბრინჯაოს ითიფალური ქანდაკება სოფ. ფერსათიდან, ქალის ბრინჯაოს ქანდაკება სოფ. გეგუთიდან და სხვ. ნუმიზმატური კოლექციიდან აღსანიშნავია უნიკუმი - ძვ. წ. V საუკუნის ვერცხლის კოლხური დიდრაქმა, ძვ. წ. VI-III საუკუნეების კოლხური დრაქმები, ოქროს სტატერი ალექსანდრე მაკედონელის გამოსახულებით; ბერძნული, რომაული, ბიზანტიური, არაბული, ირანული და თურქული, ქართველ მეფეთა - გიორგი III-ის, თამარის, გიორგი ბრწყინვალეს მონეტები და სხვ.

 

მუზეუმის საგანძურში ინახება შუა საუკუნეების ჭედური ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშები: X ს-ის ვერცხლის სტავროთეკა და სამწერლობელი, ამაღლებისა და შობის გამოსახულებიანი XI ს-ის ლორფინები შორაპნიდან და მოწამეთადან, XII-XIII სს-ის მაცხოვრის ხატი მოწამეთადან და სხვ. მრავლადაა წარმოდგენილი XVI-XVIII სს-ის ოქრომჭედლობის ნიმუშებიც. ხელნაწერთა ფონდში, ძირითადად, დასავლეთ საქართველოს ეკლესია-მონასტრებიდან შემოსული 800-მდე წიგნია დაცული.

 

აღსანიშნავია XI ს. დასაწყისის ეტრატზე შესრულებული სახარება-სამოციქულო; იოანე ქსიფილინოსის ხუთტომიანი მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული კრებულის (XI ს.) ქართული თარგმანი, გადაწერილი XV ს.-ში; იოანე ოქროპირის ეგზეგეტიკური ნაშრომების ექვთიმე ათონელისეული თარგმანი, 1047-1053 წწ-ში გადაწერილი კაცხის მონასტრისათვის გაბრიელი კოტაის მიერ; XIII ს-ში ეტრატზე შესრულებული კრებული, რომელშიც შესულია XI ს-ში ეფრემ მცირეს მიერ ბერძნულიდან თარგმნილი "ასმუხლედი" და იოანე შავთელის "გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისადმი" (XII ს.); XII ს-ში არსენ იყალთოელის მიერ გელათში ბერძნულიდან გადმოთარგმნილი "დიდი სჯული კანონის" XIII-XIV სს-ში გადაწერილი ოთხი ხელნაწერი და მის მიერვე შედგენილი და XII-XIII სს-ში გადაწერილი "დოგმატიკონი"; XII ს-ში იოანე პეტრიწის მიერ ნათარგმნი იოსებ გლავიოსის "წიგნი პურისაჲ"-ს ყველაზე ძველი, XVI ს-ში გადაწერილი ნუსხა.

 

მუზეუმში ინახება "ვეფხიტყაოსნის" 8 ხელნაწერი, სულხან-საბა ორბელიანისა და მეფე ვახტანგ VI-ის თხზულებათა ხელნაწერები, აქ ინახება ძველი გუჯრები და არაერთი დასურათებული წიგნი თუ სიგელი.

 

მუზუმში დაცულია საზოგადო მოღვაწეთა (კირილე ლორთქიფანიძის, გიორგი ზდანოვიჩი, ალექსანდრე გარსევანიშვილის, დიმიტრი ნაზარიშვილის, დავით მესხის, ტრიფონ ჯაფარიძის და სხვ.) პირადი არქივები; გელათისა და მოწამეთას სამონასტრო, ქუთაისის საეპარქიო კანცელარიის, ქართული გიმნაზიის, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების, ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს და სხვა უწყებრივი არქივები; XIX-XX სს-ის ფოტოები. ეთნოგრაფიულ განყოფილებაში ხის, ლითონის, კერამიკის, ტყავის, მინისა და ქსოვილის მდიდარი კოლექციებია - აღსანიშნავია, ლაშეს ეკლესიის XI ს-ის ხის კარი, ბიბლიური სიუჟეტებით; XVII-XVIII სს-ის საეკლესიო ნაქარგობები; ვერცხლის ხანჯლებისა და კაჟის თოფების იშვიათი კოლექციები და სხვ. მრავლადაა წარმოდგენილი საქალაქო ყოფასთან დაკავშირებული ნივთები.

 

მუზეუმის ბიბლიოთეკაში, 40 000 წიგნთან ერთად, XIX-XX სს-ის პერიოდულ გამოცემათა კომპლექტებია დაცული....
ამ სიმდიდრით, ოქროს ფონდითაც, რაც ქუთაისში გვაქვს, იამაყებდა ნებისმიერი ერი."

 

ცირა ყურაშვილი

მწერალი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 16955
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია