საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
NDI-ს კვლევა - საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად ისევ ეკონომიკური პრობლემები აწუხებთ
2017/01/16 17:52:05

ეკონომიკა კვლავაც მთავარი გამოწვევაა, ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერა კი სტაბილურია - ასეთია იმ კვლევის შედეგები, რომელიც ეროვნულდემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ჩაატარა და გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად კვლავაც ეკონომიკური პრობლემები აწუხებთ - მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშნელოვან საკითხებს შორისაა დასაქმება (58%), მზარდი ფასები და ინფლაცია (38%), სიღარიბე (30%).

 

აღნიშნული გამოკითხვა ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC-საქართველოს (კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი) მიერ ჩატარდა 2016 წლის 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით, 3141 პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში არის აღნიშნული, კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%.

 

რას გვეუბნება კვლევა?!

 

წინა კვლევების მსგავსად, მოსახლეობის უმრავლესობა (66%) თავს კვლავაც უმუშევრად მიიჩნევს, მაშინ როცა მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ უახლოეს 12 თვეში მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ცოტა თუ ფიქრობს (17%), რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მათი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოსახლეობის 82% ამბობს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, 2012-ის შემდეგ მათი და მათი ოჯახების მდგომარეობა იგივე დარჩა ან გაუარესდა.

 

მოქალაქეების 32 პროცენტმა  განაცხადა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, რაც გასული წლის მარტის შემდეგ 12 პროცენტიან ზრდაზე მიუთითებს, თუმცა უმრავლესობა (63%) ფიქრობს, რომ საქართველო არ იცვლება ან არასწორი მიმართულებით ვითარდება.

 

ბოლო წლებში, უკვე მერამდენედ, მოსახლეობა აცხადებს, რომ ეკონომიკა მათთვის და ქვეყნისთვის მთავარ პრობლემად რჩება და ამ მიმართულებით შვებას ვერ გრძნობენ. ახლა როდესაც არჩევნები უკან მოვიტოვეთ, ახალ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ენიჭება რეაგირება მოახდინოს მოსახლეობის ამ წუხილზე და საკუთარი ყურადღება და რესურსები უმუშევრობის შემცირებასა და ქვეყნის სუსტი ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებაზე გადაიტანოს” - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI-ის დირექტორმა საქართველოში.

 

მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის კომუნიკაცია კვლავაც მინიმალურია: ბოლო ერთი წლის მანძილზე მხოლოდ 14 პროცენტს ჰქონია შეხება საკრებულოსთან, 12 პროცენტს კი - მერის ოფისთან. თუმცა, კომუნიკაციის სიმცირის მიუხედავად, ის რესპონდენტები, რომლებსაც ჰქონიათ შეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ამბობენ, რომ გაწეული მომსახურება კომპეტენტური და თავაზიანი იყო და უმეტეს შემთხვევაში მიიღეს საჭირო დახმარება.

 

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრს, კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეები სტაბილურად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას - 72% მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების მიზანს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 61% კი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეა. გამონაკლისია ეთნიკურ უმცირესობათა დასახლებები, სადაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები უჭერს მხარს. აღსანიშნავია ასაკის გავლენაც, რადგან ახალგაზრდებში ამ ორგანიზაციებში წევრობის მხარდაჭერა 15 პროცენტით მეტია ვიდრე სხვა ასაკობრივ ჯგუფებში.

 

კვლევის კიდევ ერთი საგანი იყო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა. მოქალაქეების უმეტესობა ფიქრობს, რომ ქალებს ისევე კარგად შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება როგორც კაცებს. თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ რესურსებისა და დროის ნაკლებობა, ასევე კულტურული თავისებურებები ხელს უშლის ქალებს, კაცების მსგავსად, აქტიურად იყვნენ ჩართულნი პოლიტიკაში.

 

მოსახლეობის უმეტესობას (74%) სჯერა, რომ პარლამენტში ქალების წარმომადგენლობა მინიმუმ 30 პროცენტი მაინც უნდა იყოს და ახალ პარლამენტში ქალების რაოდენობას არასაკმარისს უწოდებს. ისინი ასევე მხარს უჭერენ პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღებას. მოქალაქეების უმეტესობა (83%) ამბობს, რომ ქალების უფრო მეტი ჩართულობა ქვეყანაზე პოზიტიურ ან ნეიტრალურ გავლენას იქონიებს. მხოლოდ 8 პროცენტმა განაცხადა, რომ ამას ნეგატიური გავლენა ექნება.

 

პოლიტიკური პარტიები უკვე წლებია ფეხს ითრევენ ქალების პოლიტიკური ჩართულობის საკითხზე. გასული არჩევნები და პარტიების კანდიდატთა სიები ამისი კარგი დასტურია. თუმცა ნათელია, რომ მოსახლეობაში ქალების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვაზე მოთხოვნა არსებობს და ისინი მხარს უჭერენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას” - განაცხადა ლორა თორნტონმა.  

 

პოლიტიკური შეფასებები

 

„ამ კვლევებში ძალიან ნათლად ჩანს, რომ მცირედით, მაგრამ მაინც არის შემცირებული იმ მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც  ნატო-ს უჭერს მხარს, ხოლო გაზრდილია იმ მოსახლეობის რაოდენობა, ვინც რუსულ ორიენტაციას უჭერს მხარს. ესეც არის იმ პოლიტიკის შედეგი რასაც ატარებს ხელისუფლება. აქ იგულისხმება არა მარტო გაურკვეველი საგარეო პოლიტიკა, ასევე იმ მედიასაშუალებების დაფინანსება გადასახადის გადამხდელთა ფულით, რომლებიც ახდენენ რუსული მესიჯების პროპაგანდას“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგი კაპანაძემ. მისივე თქმით, ამ კვლევაში უკვე მერამდენედ არის ხაზგასმული, რომ მთავარი პრობლემა რაც ქვეყანას აწუხებს ეს არის ეკონომიკა - უმუშევრობა, ფასების ზრდა, ვალუტის გაუფასურება და „მთავრობა ამ პრობლემების მოგვარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა რაღაც სხვა მოგონილ პრობლემებზე...“

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კი მიიჩნევს, რომ NDI-ის კვლევები არ არის საჭირო იმისთვის, ხელისუფლებამ იცოდეს რა პრობლემებია ქვეყანაში.

 

„მე ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი გააჩნია. საერთოდ კვლევა ცოტა უმადური საქმეა... კვლევა ხდება პოლიტიკური სპეკულაციების, პოლიტიკური შეჯახებების, განსაკუთრებით დემაგოგიური განცხადებების საფუძველი და განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, ვინც წლების განმავლობაში ქმნიდა ამ ვითარებას, როცა ვერ ვითარდებოდა შიდა პროდუქტი, ვერ შემოდიოდა დოლარი და ა.შ.“- აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1463
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია