დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კულტურული მემკვიდრეობა
ქუთაისის მერიაში არ იცოდნენ, თეთრი ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში რომ შედიოდა
2016/11/30 18:22:03

100 მეტრი – თეთრ ხიდამდე, რამდენი – საერთაშორისო სტანდარტამდე?

 

 

ქუთაისის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად აღიარებული თეთრი ხიდი ოქტომბრის დასაწყისში რამდენიმე ღამით გაანათეს. „როგორ გაულამაზებიათ ეს ხიდი!“, – დადებით შეფასებებს არ იშურებდნენ ძველი ქალაქის მცხოვრებლები, თუმცა შეფასებები მალევე შეწყდა – განათება რამდენიმე დღეში ისევ ჩაქრა.

მეორე დილით ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ დამფუძნებელმა გია გოქაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა: „ქუთაისში თეთრი ხიდის განათებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 205 ათასი ლარი ისე გამოიყო, მერიაში არც კი იცოდნენ, ეს ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში თუ შედიოდა… ქუთაისის მერიასა და თეთრ ხიდს შორის მანძილი კი სულ რაღაც 100 მეტრია“.

ნუთუ  ქუთაისის მერიამ ასეთი შეცდომა დაუშვა? – გავიფიქრე. ჟურნალისტურმა ცნობისმოყვარეობამ არ მომასვენა და მეორე დღესვე შევეცადე ამის გარკვევას. თემა საინტერესოდ მომეჩვენა იმ ფონზე, როცა ჩემი მეზობელი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესულ სახლში ცხოვრობს, ოთახში ერთი ტიხრის ამოყვანისთვის სასამართლომ სოლიდური ჯარიმით „დაასაჩუქრა“.

 

რას გვეუბნება კანონი?

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 24-ე მუხლის თანახმად, აკრძალულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სახის სამუშაოების ჩატარება კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე.

ქუთაისში თეთრი, წითელი და ჯაჭვის ხიდები კი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის (საინჟინრო) ძეგლები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 9 იანვრის #03/5 ბრძანების შედეგად აღმოჩნდა. შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან შეუთანხმებლად, რომ იტყვიან, მათზე ერთი ლურსმნის მიჭედებაც კი დაუშვებელია.

 

როგორ განათდა კულტურული მემკვიდრეობა?

თეთრი ხიდის, ასევე წითელი და რუსთაველის ხიდებისა და თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული თეთრი ქვების განათების მოწყობა ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული. ამისთვის ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში 60 ათასი ლარი გამოიყო. თუმცა, შემდეგ, ვინაიდან თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა, ამ ხარჯის გადატანა გარე განათების, შუქნიშნებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების კაპიტალური სამუშაოების ქვეპროგრამაში მოხდა. სწორედ ბიუჯეტის ამ მუხლიდან, რომლის დაფინანსება თავდაპირველად 400 ათასი ლარით განისაზღვრა, ხიდებისა და თეთრი ქვების განათებისათვის საჭირო 200 ათას ლარზე მეტის გამოყოფა გახდა შესაძლებელი.

მიმდინარე წლის 9 ივნისს ქუთაისის მერიამ წითელი ხიდის, რუსთაველის ხიდის და თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე თეთრი ქვების განათების მოწყობისათვის 223 300 ლარის თანხაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელიც შპსგლობალ სერვისმამოიგო და დამკვეთს მომსახურება 205 599 ლარად შესთავაზა. მერიასა დაგლობალ სერვისსშორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამ თანხით სამივე ხიდისა და თეთრი ქვების ღამის განათების მოწყობა ნოემბრის ბოლომდე უნდა მომხდარიყო.

ხელშეკრულებაიდანვე ირკვევა, რომ მხოლოდ თეთრი ხიდის გასანათებლადგლობალ სერვისს“ 80 470 ლარის სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა.

როგორც უკვე ვთქვი, ოქტომბრის დასაწყისში, გარკვეული სამუშაოების შესრულების შემდეგ, ქუთაისის ერთ-ერთი ძველი და პოპულარული ხიდი რამდენიმე ღამით გაანათეს, მაგრამ მალევე გამორთეს.

მედიამ მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსს განმარტება მოსთხოვა. მალხაზ ბასილაძემ აღიარა, რომ განათების გათიშვა მას შემდეგ მოხდა, რაც გაირკვა, რომ თეთრი ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შედიოდა.

თეთრ ხიდზე განათება დავაყენეთ, მაგრამ როგორც გაირკვა, თეთრი ხიდი და წითელი ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ყოფილა, ამიტომ ახლა გავაგზავნეთ მოთხოვნა, რომ დაგვიდასტურონ ამ ხიდების მოწყობის საკითხი”, – განმარტა ბასილაძემ.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ჩასატარებლად ქუთაისის მერიას ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგანეტოსგან უნდა მიეღო, რაც არ მომხდარა და ეს მერიის სამსახურის უფროსმაც საჯაროდ დაადასტურა.

 

კიდევ ერთი მტკიცებულება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის IX თავში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები, ნებართვების გაცემის წესი და სანებართვო პირობებია განმარტებული. სწორედ ეს წესი არ იქნა დაცული მერიის მხრიდან:

მას შემდეგ კი, რაც მერიაში აღმოაჩინეს, რომ ხიდები გასანათებლად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ნებართვა იყო საჭირო, ცვლილებები მერიასა და შპსგლობალ სერვისსშორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შევიდა და სამუშაოების დასრულების ვადამ გადაიწია. კერძოდ, 2 ნოემბერქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, შოთა მურღულიას მერიისვე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურმა წერილით შეატყობინა: „ვინაიდან წითელი და თეთრი ხიდი მიეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, საჭიროა კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობა განათების მოსაწყობად. მიმართვა აღნიშნულ სამინისტროსთან გაგზავნილია. ჯერჯერობით, პასუხი არ არის მიღებული, გამომდინარე აქედან ორგანიზაცია დროულად ვერ ასრულეს სამუშოებს და ითხოვს სამუშაოების ვადის გაგრძელებას“.

ამ მიმართვის საფუძველზე მერია და გლობალ სერვისი შეთანხმდნენ, რომ 1 აგვისტოს გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული ვადები ერთი თვით, 29 დეკემბრამდე გადაწიონ, რაც შეიძლება სამუშაოების გაჭიანურებად ჩაითვალოს და რისი მიზეზიც, შეიძლება ითქვას, მერიის მხრიდან დაშვებული შეცდომაა.

 

დაისჯება თუ არა თვითმმართველობა?

როგორც გაირკვა, ქუთაისის მერიამ სამუშაოები ნებართვის გარეშე დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის 58-ე მუხლით კი, ძეგლზე სამუშაოების ჩატარების წესების დარღვევისთვის მერიას გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა როლანდ ისაკაძემ გვითხრა, რომ მისთვის ჯერჯერობით უცნობია, უნებართვოდ ჩატარებული სამუშაოების გამო რა პასუხისმგებლობა დაეკისრება ქუთაისის თვითმმართველობას. მიიღებს თუ არა მერია გაფრთხილებას, ან გადაეცემა თუ არა საქმე სასამართლოს, რომელიც განსაზღვრავს ფულადი ჯარიმის ოდენობას, ან საერთოდ დაეკისრება თუ არა რაიმე სანქცია – ეს საკითხი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოში უნდა განიხილონ, რომელიც გარკვეული პერიოდულობით იკრიბება.

ამ მომენტისთვის საჭირო ნებართვის მიღებამდე თეთრ ხიდსა და წითელ ხიდზე განათების დამონტაჟება შეჩერებულია. რამდენიმე დღის წინ მხოლოდ რუსთაველის ხიდი განათდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს.

მერიის სამსახურში შეცდომაზე არ საუბრობენ. მალხაზ ბასილაძე ამტკიცებს, რომ ძეგლზე მხოლოდ მცირე, უმნიშვნელო ფიზიკური ზემოქმედება განხორციელდა: სანათების დაყენების მიზნით მხოლოდ რკინის კონსტრუქცია დაიხვრიტა.

საქართველოს კანონმდებლობით, თუნდაც ასეთი „მცირე“ ზემოქმედება აუცილებლად წინასწარ არსებული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტით უნდა განხორციელებულიყო.

 

სტანდარტული უსტანდარტობა

შოთა მურღულია (ქუთაისის მერი) ხშირად უსვამს ხაზს, რომ ქუთაისის მერიას  ISO  სერთიფიკატი აქვს მენეჯმენტის მიმართულებით და რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში მენეჯმენტი (მართვა) საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ხორციელდება.

ერთი კითხვა ჩნდება – ხომ არ ამტკიცებს თეთრი ხიდის „აციმციმება“, რომ ამ სტანდარტამდე ჯერ კიდევ შორს ვართ?

 

ირმა ბახუტაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5511
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია