დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა!
ქელეშბი დევდარიანის საუკუნოვანი სახლი სვანეთში - იმსახურებს თუ არა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს?
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/11/28 15:19:09

მთას და მთის დასახლებებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. თანამედროვე მეცნიერებაც კი განცვიფრებაში მოჰყავს აქაური შენობა-ნაგებობების კონსტრუქციას და სიმტკიცეს, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო.

შეუძლებელია, მთის კულტურაზე ვისაუბროთ და სვანეთს ავუაროთ გვერდი. ამ კუთხის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი განხილვით თავს არ შეგაწყენთ, თუმცა, მინდა, რომ ერთი ნაკლებად ცნობილი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურულ-ეთნოგრაფიულ მნიშვნელობაზე გესაუბროთ.


ქვემო სვანეთის ლაშხეთის თემში, სოფელ ჩიხარეში არის 1916 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც დაახლოებით 40 წელია, მიტოვებულია და აღარ გამოიყენება საცხოვრებლად. მიუხედავად ამ სახლის სიძველისა და მნიშვნელოვანი დაზიანებისა, ის ნებისმიერ მნახველში მაინც აღფრთოვანებას იწვევს, მათ შორის - ტურისტებში, რადგან ასეთი სახლი ერთადერთია მთელს ქვემო სვანეთში.


აღნიშნული საცხოვრებელი სახლი ეკუთვნის სვანეთში თავის დროზე კარგად ცნობილი ხელოსნის,  ქელეშბი  დევდარიანის ოჯახს.

 


როგორც სოფლის უხუცესებმა გვიამბეს, ქელეშბი სახლს 4 წელი აშენებდა, ორი კარგი ხელოსნის  დახმარებით. მას ასევე ეხმარებოდნენ სოფლის მცხოვრებლები ე.წ. “ნადები“, რომლეებიც ძირითადად შავ სამუშაოს ასრულებდნენ. იმდროინდელ სვანეთში ტექნიკის გარეშე, პრიმიტიული იარაღებით მსგავსი პროექტის სახლის აშენება უთუოდ დიდ სიძნელეებთან იქნებოდა დაკავშირებული, თუმცა ფაქტია, რომ დიდი ნიჭის პატრონმა ხელოსანმა ეს სირთულეები დაძლია და ისეთი მემკვიდრეობა დაუტოვა შთამომავლებს, რომლის ანალოგიც მთელ ქვემო სვანეთში არ მოიძებნება.


სტატიაზე მუშაობისას დავუკავშირდით დევდარიანების ოჯახის ახლობელს, რომელმაც გვაჩვენა ქელეშბის ძმის წერილი, რომელშიც ის თავის ძმას ურჩევს, არ იწვალოს და უფრო მარტივი სახლი ააშენოს.  წერილს თან ურთავს შედარებით მარტივ პროექტს, ვიდრე ქელეშბის  ჰქონდა ჩაფიქრებული. გამოცდილი ოსტატი არც ძმის რჩევას ითვალისწინებს და  4 წელიწადში  აშენებს სახლს, რომლის ექსტერიერს, ინტერიერს და ავეჯსაც კი საკუთარი ხელით  აკეთებს. 


ქელეშბი დევდარიანის აშენებული სცხოვრებელი სახლი იმდროინდელი სვანეთისთვის  საკმაოდ უჩვეულო ნაგებობაა. ის არის ორსართულიანი, საკმაოდ დიდი ზომის სახლი, რომელიც  შედგება 8 დიდი ოთახისაგან, ასევე - ორი გრძელი და ფართო კორიდორისაგან. პირველი და მეორე სართული ერთმანეთთან დაკავშირებულია ხის შიდა კიბით, რომლის მოაჯირებზეც სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ორნამენტია გამოყვანილი. ჭერის დასაწყისში სვეტებზე მიმაგრებულია ტალღოვანი ფორმის ჭაღები, სახლს ამშვენებს ლამაზი  ხის კარ-ფანჯარა. ასევე, ე.წ “რეშოტკა“, ლამზი ფიგურებით. საშენ მასალად გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ხის მასალა, რომელსაც თვითონ მოიპოვებდა და ამუშავებდა ქელეშბი დევდარიანი. კედლები მწვანედაა შეღებილი და ის ამდენი წლის შემდეგაც კი სრულყოფილად გამოიყურება.


ამ სახლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირებულება მაინც  მისი სახურავია, რომლესაც ანალოგი არ მოეძებნება. სახლი გადახურულია ქვის სამკუთხა თხელი ფილებით. ყველა ფილა ერთნაირი ზომის და ფორმისაა. ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ფილები იმდენად პროპორციულადაა ერთმანეთთან გადაბმული, რომ წვეთ წყალსაც კი არ აპარებს. არც ზედაპირზე მავთულებისათვის გაკეთებული ნახვრეტები არ ეტყობა. 

 


აი, რა გვიამბო ამ სოფლის უხუცესმა, იაშა ნემსაძემ, ქელეშბი დევდარიანის შესახებ:

 „ქელეშბი კარგი ხელოსანი იყო და ხშირად მიჰყავდათ სახლების ასაშენებლად.  ქვით დახურული სახლი უნახავს სადღაც, ძალიან მოსწონებია და სახლში რომ დაბრუნებულა, დაუჟინებია,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                       მეც მეც ქვით უნდა გადავხუროო სახლი. ყველა ეწინააღმდეგებოდა, რადგან ქვის დამუშავებას მეტი  შრომა და დრო სჭირდება,   მაგრამ მან მოინდომა და მართლაც, ზუსტად ისე გააკეთა ყველაფერი, როგორც სურდა. მას ჰქონდა ღვთისგან მომადლებული განსაკუთრებული ნიჭი, ყველაფერი გამოსდიოდა ხელიდან.“


უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც,რომ ეს დიდებული სახლი იმ დროშია აშენებული, როცა სვანეთში უკიდურესი გაჭირვება იყო, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა „მაჩუბებში“ და „მიწურებში“ ცხოვრობდა.


დღევანდელ სვანეთში ეკომიგრაციის და ურბანიზაციის მაღალი დონის გამო, მოსახლეობის რიცხვი მკვეთრადაა შემცირებული. ხითხუროები, კალატოზები და ხელოსნები, ფაქტობრივად, აღარ არსებობენ. მხოლოდ აქა-იქ შემორჩენილი ძველი სახლები ინახავენ დიდებული, ნიჭიერი ხელოსნების სახელებს.

 


სტატიაზე მუშაობისას მივაკვლიე  ჩემს მიერ აღწერილი სახლის მეპატრონეებს. ისინი უკვე 40 წელია, გარდაბანში ცხოვრობენ. როგორც გავარკვიე, დიდი წინაპრის ხელობას არც ერთი მისი შთამომავალი არ ფლობს.


ქელეშბი დევდარიანის საუკუნოვანი  სახლის ფოტომასალა გავაცანით საქართველოს კუკლტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალის მმართველს, ბატონ როლანდ ისაკაძეს,რომელსაც ამ საკითის ანალიზში შესაბამისი კომპეტენცია აქვს. გთავაზობთ მის შეფასებას:


„ სახლს, რომელსაც მე ფოტომასალით გავეცანი,  2 მკვეთრად გამოხატული მხატვრული ღირებულება აქვს. პირველი ეს არის, ხის მოჩუქურთმებული აივანი, რომელიც ძირითადად რაჭული სახლების ტრადიციული ელემენტია და ის არ ახასითებს ქვემო სვანეთის სახლებს. მეორე კი, ეს არის სახლის გადახურვის ორიგინალური ხერხი.  სახლი გადახურულია  ადგილობრივი ფიქალი ქვით, რომელიც ასევე არტრადიციულია სვანური სახლებისათვის. ფიქალი ქვით სახლების გადახურვა დამახასიათებელია კავკასიის მთიანეთის ორივე კალთისთვის: ხევსურეთისთვის, თუშეთისთვის, მუცოსთვის, ჩეჩნეთისთვის და იმიერკავკასიისთვისაც.  სვანეთისთვის კი ამ ტიპით სახლების გადახურვა არ არის დამახასიათებელი. როგორც ვიცით, სვანეთში თავის დროზე გადასახურ მასალად გამოიყენებოდა ყავარი.


ამ სახლის არქიტექტურული მახასიათებლები, შეიძლება ითქვას, არის სავანეთისათის უჩვეულო და არატრადიციული, რომელიც ხაზს უსვამს მისი ამშნებლის, ქელეშბი დევდარიანის, ინდივიდუალურ ხელწერას, რომელიც ფლობდა განსაკუთრებულ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ხელობას. (თუ ამ სახლის ასაკსაც გავითვალისწინებთ, რომელიც შეფასების სქემაში არასავალდებულო პუნქტად განიხილება,) ეს ყველაფერი მინიმუმ იმის საფუძველს მაინც იძლევა, რომ მოხდეს ამ სახლის არქიტექტურის შესწავლა შესაბამისი კომისიების მიერ."


კომპეტენტური პირის ასეთი შეფასების შემდეგ, კიდევ უფრო ვრწმუნდებით, რომ ქელეშბი დევდარიანის სახლი იმსახურებს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვედრას, როგორც არამატერიალური ძეგლი, რომელიც გამოირჩევა არქიტექტურული და ეთნოგრაფიული ღირებულებებით. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ მოხდება ამ სახლის ღირებულების განსაზღვრა და მისი გენიალური ამშნებლის უნარ-ჩვევების გაანალიზება.

 

ლიკა დევდარაინი



'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9285
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია