დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და თბილისის ღვინის სკოლის ერთობლივი კამპანია „გახდი სომელიე“ დაიწყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/11/24 17:36:38

 

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს, სადაც აღნიშნული კამპანიის დეტალებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


როგორც შალვა ხეცურიანმა აღნიშნა, კამპანიის მიზანი სომელიეს პროფესიის განვითარება და ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლებაა.

„კამპანია „გახდი სომელიე“-ს მიზანია სომელიეს პროფესიის განვითარება, რომ ამ სფეროში იყოს მეტი მაღალკვალიფიციური ადამიანი, ამაღლდეს ღვინის მოხმარების კულტურა და უცხოური ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ამომწურავი ინფორმაცია ქართულ ღვინის კულტურაზე. 2 წლის წინ ჩვენ გავხდით სომელიეთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, მას შემდეგ დავიწყეთ ამ პროფესიაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს რომ ამ პროფესიას დაეუფლოს“ - აღნიშნა სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა.

 

სომელიეს სერტიფიცირებული კურსების მსმენელები არიან HoReCa-ს (სასტუმრო, რესტორანი, კაფე) და ტურიზმის სექტორში მომუშავეები, ღვინის ბიზნესის დაწყების მსურველები და ასევე ღვინის სექტორში დასაქმებულები, თუ მოყვარულები.

 

„კურსი განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვისაც სურს დაეუფლოს სომელიეს პროფესიას, რათა დასაქმდეს HoReCa-ს სექტორში და ბუნებრივია ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში ვეხმარებით მათ დასაქმებაში. მეორე კატეგორიაა, ვისაც სურს ღვინის ბიზნესის დაწყება. აღნიშნული კამპანიით ასევე დაინტერესებულნი არიან ღვინის მოყვარულები, რომელთაც სურთ საკუთარი ცოდნის დონის ამაღლება ამ სფეროში“ - განაცხადა შალვა ხეცურიანმა.

 

მისივე ინფორმაციით, ვინც წარმატებით ჩააბარებს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის (GSA) ეროვნულ და WSET-ის შესაბამისი დონის საერთაშორისო გამოცდებს, ოფიციალურად მიენიჭებათ “სომელიე”-ს ან “ასისტენტ სომელიე”-ს სტატუსი, აღიარებული საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

 

„ტურიზმი ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტული დარგია. ღვინო, ღვინის ტურიზმი და ღვინის პროდუქტებში სერვისების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ღვინის ტურიზმის განვითარება და მეტი ადამიანის დაინტერესება საქართველოში მოგზაურობით სწორედ ღვინის ტურიზმის მიმართულებით. ეს პროექტი „გახდი სომელიე“, მნიშვნელოვანია როგორც მომსახურების სერვისებში ხარისხის ამაღლების, ასევე ზოგადად საქართველოში ღვინის კულტურის კიდევ ერთხელ გააზრებისა და განვითარების მიმართულებით“ - აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

 

ირაკლი ჩოლობარგიას შეფასებით, აღნიშნულ პროექტს ქართული ღვინის პოპულარიზაციის კუთხით, მნიშვნელოვანი მარკეტინგული დატვირთვა აქვს.

 

„როდესაც ტურისტი ჩამოდის და ხვდება მაღალი დონის მომსახურება, რაც შესაძლებლობას მისცემს სრულყოფილად შეიგრძნოს ქართული ღვინო, ის დაბრუნდება საკუთარ ქვეყანაში და გააგრძელებს ქართული ღვინის მოხმარებას. ამიტომ ეს კამპანია ირიბი მარკეტინგული სვლა არის ქართუული ღვინის პოპულარიზაციისთვის. ღვინის ტურიზმი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშნელოვანი კომპონენტია და ასეთი პროექტები ხელს შეუწყობს ღვინის განათლების ამაღლებას“ - აღნიშნა ჩოლობარგიამ.

 

კამპანია „გახდი სომელიე“ უკვე მეორედ ტარდება. 2015 წელს სომელიეს სერტიფიცირებული კურსი 80-მა მსმენელმა გაიარა, რომელთაგან 21-მა „სომელიეს“ ან „ასისტენტ სომელიეს“ სტატუსი მიიღო.

 

განახლებული პროგრამა 6 თვეს გასტანს. ლექციები ჩატარდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია ღვინის განათლების მსოფლიო ლიდერის ორგანიზაცია WSET-ის ოფიციალური პროვაიდერია საქართველოში.

 

თბილისის ღვინის სკოლის მხარდამჭერები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, “აჭარა ჯგუფი” და სასტუმრო „რუმსი“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3446
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია