დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ P.S.- ის არქივიდან
ნოე ლორთქიფანიძე:"გალაკტიონი ფანჯრიდან კი არ გადახტა, გადავარდა"
ავტორი: ნანული ცხვედიანი
2016/11/16 10:40:32

 

გალაკტიონის სიკვდილის უცნობი ვერსია


გავრცელებული შეხედულება იმის თაობაზე,რომ გალაკტიონმა თავისი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა „ლეჩკომბინატში“,ანუ ამ ელიტარული საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოხტა , დღემდე ძალაშია.

ოფიციალურად თუ არაოფიციალურად,ეს აზრი უკვე 40 წელიწადია, „მუშაობს“ და,ცხადია, ძნელია, იმ ტრაგიკული დღის დეტალები აღადგინო, უკვე მიღებულ და ჩამოყალიბებულ შეხედულებას ახალი დაუპირისპირო.


ამის გაკეთება ადრევე (სანამ კვალიწაიშლებოდა) არ იქნებოდა ადვილი... მით უმეტეს - პარტიულ და საბჭოთა სტრუქტურებში,მაღალ თანამდებობაზე მომუშავე კაცისთვის, ვისთვისაც ზემდგომთა

გადაწყვეტილება მუდამ მისაღები უნდა ყოფილიყო... დიახ, პარტიის ვანისრაიკომის ყოფილი მდივანი ნოე ლორთქიფანიძე, რომელსაც მასობრივი რეპრესიებიც საკუთარი თვალით ექნებოდა ნანახი და ის მაგალითებიც,-ურჩ და დისციპლინის დამრღვევ თანამებრძოლებს პარტია როგორუდრტვინველად იშორებდა გზიდან ,- ცხადია, არ მოისურვებდა საკუთარი, განსხვავებული აზრის ხმამაღლა, დაბეჯითებით გამოთქმას. ეს ერთია და, იგი ბუნებითაც უპრეტენზიო ადამიანია.

 

სანამდე უშუალოდ გაგაცნობდეთ ამ დარბაისელ, ჭაღარა კაცს, რომელიც თავის ვერსიას გვთავაზობს, მანამ კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჩვენს ხელთ არსებულ მასალებს: წიგნებს, საგაზეთო პუბლიკაციებს, მოგონებებს...

„ლიტერატურული საქართველოს“ 1959 წლის 21-27 მარტის ნომრები, იმჟამინდელი ოფიციალური ტრადიციის თანახმად, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი გამოჩენილი პიროვნების შესახებ ფართო ინფორმაციას

თითქმის არ იძლევა (ეს მაშინ, როცა იქვე, გვერდით, წერია, რომ „15 მარტს, დილის 4 საათზე, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 85 წლის ასაკშიგარდაიცვალა... შალვა დადიანი“.). ცენზურის მაკრატელი აშკარად შეჰხებია გალაკტიონისადმი მიძღვნილ გვერდებს – ყველგან, ყველა წერილში დაფიქსირებულია, რომ ის გარდაიცვალა. ესაა და ეს. მეტი არაფერი მის ტრაგიკულ სიკვდილზე. მაგრამ ერთ-ერთი ლექსის სტრიქონებს მაინც „გამოპარვია“ მხატვრულსახედ გარდასახული ფაქტი:  

 

„დილაც ტიროდა იმ დღეს თბილისში,

სულირეოდა წვიმა და თოვლი,

როცა ქათქათა თოვლის სიცილში გეპარებოდა

სიკვდილი თრთოლვით. 

თითქოს იმღერდა ის თეთრი გედი,

უკანასკნელადთქვი „მე და ღამე“. 

უცებ გადაწყდა ფიქრებში ბედი,

ვეფხვის ნახტომით გამოგვესალმე“ (ვასილ ჟურული).

 

და კიდევ, რაღაც სასწაულით, ერევნიდან სომხეთის მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის მიერ გამოგზავნილ დეპეშას შერჩენია ასეთი ფრაზა: „მძიმე იყო ჩვენთვის საყვარელი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის მოულოდნელი

დაღუპვის გაგება“. საბჭოთა იდეოლოგიურმა სამსახურმა, ეტყობა, მაინც გაითვალისწინა, რომ გალაკტიონის მოულოდნელი გარდაცვალება ფართო მოსახლეობის

წინაშე ბუნებრივად წამოჭრიდა არაერთგვაროვან, ცნობისმოყვარე კითხვებს, ამიტომ ამაზე იზრუნა: ოფიციალური ნეკროლოგის ქვეშ, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირი და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, იმ აბზაცის შემდეგ, სადაც ჩამოთვლილია, თუ როგორ აფასებდნენ საბჭოთა ხალხი, კომუნისტური პარტია და მთავრობა გამოჩენილ პოეტს , დიახ, სწორედ აქ, გამოცდილი „იდეოლოგის“ მსახვრალმა ხელმა (არცთუ უშედეგოდ) ჩაასხა სამსალა და ნეკროლოგის ბოლოში ასეთი „უწყინარი“ განმარტება შეიტანა: „უკანასკნელ წლებში გ. ტაბიძე მძიმედ იყო დაავადებული, რამაც გამოიწვია მისი ცხოვრების ტრაგიკული დასასრული.“ მაშასადამე, მკითხველს უნდა ეგულისხმა, რომ გენიალურმა, მაგრამ „დაავადებულმა“, შეშლილმა, წარმოსახვით დემონებთან შეჭიდებულმა,ლოთმა გალაკტიონმა დეპრესიის უმძიმე მომენტში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა!

 

პოეტმა თავი მოიკლა! _ ეს უკვე საყოველთაოდ გავრცელებული ვერსიაა, რომელიც მაშინდელი ოფიციოზის შეხედულებას მხოლოდ თვითმკვლელობის მოტივირებით სცილდება - თუ საბჭოთა ხელისუფლება და კომპარტია საამისო მიზეზს გალაკტიონის სულიერ ავადმყოფობაში ხედავენ, მისი შემოქმედების ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, მწერლები და მკვლევარები მიიჩნევენ, რომ პოეტი იძულებით მიიყვანეს ამ ნაბიჯამდე, რომ „მისი ტრაგედია - გენიის ტრაგედია იყო. სხვაგვარად ვერც მისი შემოქმედება აიხსნება, ვერც პიროვნება და ვერც სიკვდილი“ (ვახტანგ ჯავახაძე). საერთოდ, როცა გალაკტიონის სიკვდილის მოტივებსა და ამასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დეტალზეა საუბარი, არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ ისეთ ფაქიზად დაწერილ წიგნს, როგორიცაა ვახტანგ ჯავახაძის „უცნობი“ (აპოლლოგია გალაკტიონ ტაბიძისა). იგი ძალიან ახლო ჭრილში გვაჩვენებს გალაკტიონს, იმდენად ახლო, რომ პოეტის სულიერი ბიოგრაფია თითქოს მკითხველის განუყოფელი ნაწილი ხდება. დოკუმენტურ მასალაზე დაყრდობითა და შესანიშნავი ფსიქოლოგიური ანალიზით, ავტორი აღადგენს გალაკტიონის სიცოცხლის უკანასკნელ საათებსა და წუთებს, ჟამთაგან წაშლილი ნიუანსები კვლავ ცოცხლდება, კვლავ გვაგრძნობინებს ამ ტრაგედიის სიღრმეს.

„მესამედ და უკანასკნელად შევიდა ოთხმოცდამეთორმეტე ოთახში. უაივნო თავისუფალ ოთახში, განყოფილების გამგის კაბინეტში, მიხურა კარი, გაიხადა ავადმყოფის ხალათი, დადო ტახტზე, აიღო ვენური სკამი, მიიტანა ფანჯარასთან, გამოაღო ფანჯარა, ორმაგი ფანჯარა, ავიდა ჯერ სკამზე, მერე _ ფანჯრის რაფაზე და...“ მაგრამ, რაგინდ დამარწმუნებელი და დამაჯერებელიც არ უნდა იყოს 8-9 გვერდზე აღწერილი სიკვდილისწინა მომენტი, მაინც არ შეიძლება უგულვებელყოფა თავშივე მოტანილი ერთი თვალსაჩინო დეტალისა: „ოცდაორი წლის შემდეგ დაბეჭდილ ინტერვიუში (ნოდარ ტაბიძე, პოეტის ძმისწული) იმოწმებს მაშინდელ დღიურებს, დეტალურად აღადგენს ორი დღის მოვლენებს და კატეგორიულად ასკვნის: ვერავინ დამარწმუნებს, რომ III სართულიდან გადმოხტომა შეგნებული აქტი იყო. - დიახ, ეს არ იყო თვითმკვლელობა“. (ვ.ჯავახაძე. „უცნობი“).

 

გალაკტიონის დაღუპვიდან 40 წლის შემდეგ, 2000 წლის მარტში, პოეტთან ერთად სამკურნალო კომბინატში ნაწოლი და მთელი ცხოვრების მანძილზე მისი გულწრფელად პატივისმცემელი კაცი იტყვის, რომ, მისი აზრით, გალაკტიონი ბრმა შემთხვევის მსხვერპლი გახდა! აკი აღვნიშნე, ბატონი ნოე ლორთქიფანიძე „ყოფილი ფუნქციონერი“, საბჭოთა და პარტიულ სტრუქტურებში ნამუშევარი კაცია-მეთქი. ის არ გახლდათ კერძო პიროვნება, რომელიც, რაიმე მიზეზის გამო, დაინტერესებული იქნებოდა ალტერნატიული ვერსიებით, „დინების საწინააღმდეგოდ ცურვით“. უბრალოდ, 2000 წლის 8 მარტს, სწორედ იმ დღეს, როცა ვანის რაიონის სოფელ სალხინოში, მის ძველებურ, მამა-პაპურ ეზო-გარემოში, სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი, ჩემთან საუბრისას 82 წლის მასპინძელმა თავისი ტრადიციული ოჯახის მრავალი სახელოვანი სტუმარი მოიგონა, მათ შორის, უპირველესად, გალაკტიონი, და, რაკი სიტყვამ მოიტანა, გალაკტიონის სიკვდილზე საკუთარი შეხედულებაც გამაცნო. იგი ღრმად გახლავთ დარწმუნებული თავისი აზრის სისწორეში, თუმცა, როგორც თავშეკავებული, დროული კაცი, ცდილობს, ხმაურიანი ნათქვამი არგამოუვიდეს...

 

დამატებითი ცნობები მასზე:

ბატონი ნოე ამჟამად, რა თქმა უნდა, პენსიონერია, ჰყავს სამი შვილი, შვილიშვილები, მამა-პაპურ სახლში უმცროს ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. მეხსიერებას არ უჩივის, ენაწყლიანი და სასიამოვნო მოსაუბრეა, მოგონებები კი, იცოცხლეთ, უხვად აქვს! და ეს მოგონებები ისე ლამაზსა და მიმზიდველს ხდის მის წყნარ, ბერიკაცურ ცხოვრებას, როგორც მისსავე ეზოში ამართული ვეებერთელა კოპიტის ბებერ ფუღუროს _ ლურჯად შეფრქვეული უნაზესი იაიები (ამკოპიტის ქვეშ კი, დიდი ხნის წინათ, გალაკტიონიც მჯდარა თურმე).

 

...................................... 

 

- მაშასადამე, ბატონო ნოე, თქვენ ამტკიცებთ, რომ გალაკტიონი თავს

არ მოიკლავდა, ის უთუოდ ბრმა შემთხვევის მსხვერპლი გახდა?

- ამას დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რადგან მე არა ვარ იმხელა კაცი,

შევცვალო გალაკტიონის დაღუპვის ოფიციალური ვერსიები.

მაგრამ 1959 წლის თებერვალში 20 დღე ვიწექით ერთად „ლეჩ-

კომბინატში“, სისტემატურად ვხვდებოდი გალაკტიონს, იქაურობას

დეტალურად ვიცნობ და ჩემი აზრიც მაქვს.

- რატომ მოხვდით სამკურნალო კომბინატში?

- იქ ღამის 12 საათზე ჩამიყვანეს, სასწრაფო ოპერაცია უნდა

გაეკეთებინათ, ოჯახობაც მახლდა, მაგრამ აღარ შეიქნა საჭირო ოპერაციის გაკეთება.

დილით რომ გავიდა ოჯახობა ოთახიდან, შენიშნა გალაკტიონი, რომელიც დერეფანში მოძრაობდა. ოჯახობა დააკვირდა, მაგრამ მისმა უბრალო ჩაცმულობამ დააეჭვა, მთლად ვერ დარწმუნდა და, რომ შემობრუნდა, მითხრა - მგონია, გალაკტიონიაო.

ახლა, რამდენად არის საინტერესო ეს დეტალი: გალაკტიონზე ამ-

ბობდნენ, ხალხს არ ცნობდაო. მაგრამ მე ვიცი, რომ ვისი ცნობაც უნდოდა, ძალიან კარგადაც ცნობდა. ამას რითი ვადასტურებ: რომ აიარ-ჩაიარა ქალმა გალაკტიონის წინ, მან თავაზიანად გააჩერა და მიმართა: ქალბატონო,მაპატიეთ, მაგრამ, თუ არ ვცდები, თქვენ ჩემი მასპინძელი ბრძანდებოდით ვანში, რაიკომის მდივნის ბატონი ნოეს მეუღლეო. რამ შეგაწუხათ, რად ჩამობრძანებულხართ აქო?

ნუ, ქალის ამბავი მოგეხსენებათ - უთხრა, ასეა საქმეო.

აი, როგორ გამოხატა გალაკტიონმა თავისი პირადი სატკივარი:

უთხრა, რომ რატომ წუხხართო, ქალბატონო! რა გაუჭირდება ისეთ კაცს,რომელსაც თქვენისთანა მზრუნველი მეუღლე ეყოლებაო.

ამით ის კი არ უთქვამს, რა უჭირს იმ კაცს, შენისთანა კაი ქალი ჰყავსო _

არა, მან თავისი საკუთარი გულისტკივილი გაანდო, რომ თვითონ პატრონი არ ჰყავდა.

გალაკტიონს ქალის ხელი აშკარად აკლდა. ჩაკეცილი ჩუსტები ეცვა

და ორივე ქუსლი მოგლეჯილი ჰქონდა „ნასკებს“. შარვალი შემოხეული

იყო, დაუუთოებელი. ერთი სიტყვით, გალაკტიონი იყო უყურადღებოდ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

ოჯახობამ მითხრა, საწყალმა: ნოე, წავალო, ერთ-ხუთ წყვილ კაი „ნასკს“

ვიყიდიო.

ვერ შევძელი მიცემა. აქ, ცხადია, მატერიალურ ამბავზე არ იყო

ლაპარაკი, რომ მე უკან დავიხიე.

ვერ შევარჩიე შესაფერისი მომენტი: როგორ, რანაირი ფორმით

უნდა შეგვეთავაზებინა „ნასკები“ გალაკტიონისათვის! ამას რანაირად

აკადრებდი?

- მომიყევით, იმ 20 დღის განმავლობაში, სამკურნალო კომბინატში რომ

იწექით, როგორი იყო გალაკტიონი, როგორ გარემოში ატარებდა დღეებს.

- ჩვენთან ერთად იწვნენ: აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე (რომე-

ლიც ჩემი ბიძაშვილია, აი, აგერ ცხოვრობდა), ცეკას ორგანიზატორი,

გვარად ბოჭორიშვილი, კიდევ ერთი, მცხეთელი კაცი, ძია გიორგის

ვეძახდით, გვარი არ მახსოვს, ძველი რევოლუციონერი იყო.

და ყოველ საღამოს, ვახშმის შემდეგ, ვიკრიბებოდით დერეფანში. იქ

რბილი სავარძლები იდგა. 4-5 საათი მაინც ვისხედით.

ეს ბოჭორიშვილი ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, იცოდა მთელი ქართული

მწერლობა, მარტო გალაკტიონი კი არა. მერე, კითხულობდა როგორ!

მაგალითად, ის რომ ერეკლე მეორის დაკრძალვაზე სოლომონ ლიონიძის

წარმოთქმულ სიტყვას წაიკითხავდა, ტანში ჟრუანტელი დაგივლიდა.

გალაკტიონს ძალიან უყვარდა, თუ მის ლექსს მოყვებოდა და ამან,

ბოჭორიშვილმა, თითქმის ზეპირად იცოდა გალაკტიონი. და რომ ყვებოდა იგი ამ ლექსებს, გალაკტიონი წვერებზე სიამოვნებით ისვამდა ხელს: ძამიკო, მე ვარ გალაკტიონი, თუ შენო? - და გაიცინებდა, კარგ ხასიათზე დგებოდა.

ახლა, რატომ ვამბობ მე ამას. გალაკტიონი რამდენად დიდი ადამიანი

იყო, იმას თავისებურებაც უდავოდ ახასიათებდა. მაგრამ, წარმოიდგინეთ,საავადმყოფოში ეს სრულებით არ იგრძნობოდა.

არაფერი ფსიქიკური აშლილობის მას არ ეტყობოდა.

ჩემს იქ ყოფნაში ერთ სამჯერ გავიდა ქალაქში, საუზმის შემდეგ, და

დაბრუნდა ისევ.

ამ 20 დღის განმავლობაში მის სანახავად მოსული არავინ მინახავს.

გალაკტიონს მწერლებიც არ ნახულობდნენ. მხოლოდ ერთხელ იყო

კონსტანტინე გამსახურდია.

აქ, პირველ სართულზე, იწვა შალვა დადიანი. ხოდა, მოსული იყო

კონსტანტინე გამსახურდია მის სანახავად. მორიგე ექიმი ამოვიდა და

უთხრა: ბატონო გალაკტიონ, კონსტანტინე გამსახურდიაა მოსული ექიმთან და გთხოვსო. ჩავიდა გალაკტიონი და 10 წუთის მეტი არ გაჩერებულა.რომ დაბრუნდა, უბრალოდ თქვა, შალვას სანახავად იყო კონსტანტინე გამსახურდიაო.

სხვა არავინ მოსულა.

- ცოლი?

- არა, ბატონო, აბსოლუტურად არავინ.

- დავაზუსტოთ, ბატონო ნოე: თქვენ და გალაკტიონი ერთ სართულზე

იყავით?

- გალაკტიონი, დათიკო, მე ვიყავით ერთად, სხვადასხვა ოთახში. ეს

ბოჭორიშვილი იწვა ე.წ. „ლუქსში“. რა იყო ახლა ეს ლუქსი: ორი საწოლი

ოთახი, სამუშაო კაბინეტი ტელეფონით, სასადილო, აბაზანა და ტუალეტი. ასე რომ, ბოჭორიშვილს ეკავა ეს ოთხი ოთახი და ცოლიც ჰყავდა შიგ.

მე, როგორც რაიკომის მდივანს, მარტოს მეკავა ნახევარლუქსი.

და გალაკტიონთან იწვა ვიღაც ოსი, მოპოეტო კაცი, რომელიც წელ-

ქვემოთ იყო მოწყვეტილი და ვერ მოძრაობდა.

ეს ბოჭორიშვილი მეუბნება ერთხელ:

- ნოეო, ხალხი ვართ ჩვენო? არ ვართ გასაწყვეტიო? ბიჭო, მე სად

ვწევარ, შენ – სად და გალაკტიონი -ვისთანო!

ეხლა, რაც შეეხება ჩემს ვერსიას.

რაში იყო საქმე...

იქ, „ლეჩკომბინატში“, იყო ნახევარწრესავით, პირველი სართულიდან

ამოყვანილი ბოძები (პირველი სართულიდან რომ იწყებოდა, ადიოდა

თავში). ამ ნაგებობას ჰქონდა შიგნით, ეზოსკენ ფანჯრებივით... ფაქ-

ტიურად, ოთახი იყო და ფანჯრები ჰქონდა ძალიან დაბალზე... ფანჯარა

იღებოდა იატაკიდან თხუთმეტ-ოც სანტიმეტრზე.

ეს იყო მორიგე ექიმის, სართულის ექიმის კაბინეტი.

ექიმს ფანჯარა სისტემატურად ჰქონდა ღია, რადგანაც ცენტრალური

გათბობით თბებოდა ოთახი და სიცივე არ იყო. ფანჯარა მუდამ ღია იყო,

თავისუფლად შეგვეძლო ზედ გადაბიჯება, ყოველგვარი დაბრკოლების

გარეშე.

როცა გალაკტიონი მოკვდა, ერთი საათის შემდეგ დამირეკა დავით

ლორთქიფანიძემ და მეუბნება: „ნოე, რა მოხდა! დავიღუპეთ!“ ძალიან

შეწუხებული ჩანდა. მე აზრზე არ ვიყავი, რა ხდებოდა: ათიოდე დღის

წამოსული ვიყავი უკვე „ლეჩკომბინატიდან“. „გალაკტიონი დაგვეღუპაო!“

მითხრა, - ის ექიმის იგი ხომ გახსოვსო... ხოდა, იქიდან გადავარდაო.

სხვა მეტის თქმა მე არ შემიძლია.

საერთოდ, გალაკტიონი ჩაფიქრებული მოძრაობდა დერეფანში და

დერეფნიდან კი იყო პირდაპირ შესასვლელი შიგ, იმ „ოთახში“, და რომ

შეხვიდოდი, იქვე, მეორე მხარეს, ეს ფანჯარა იყო ღია, და მე, მაგალითად,მიმაჩნია, რომ გალაკტიონს კარები აერია, ფანჯარა ჩათვალა კარად. ის ხომ დაბნეული, თავისებური კაცი იყო!

ყველას თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ... ეს არ აწყობს გარკვეულ

ხალხს.

- რატომ? რატომ გგონიათ ასე?

- მაგათ სურთ, თქვან, გალაკტიონმა მოიკლა თავიო. რათა არ თქვას

ვინმემ - გალაკტიონმა პროტესტი გამოთქვაო. ურჩევნიათ, გიჟად და

თვითმკვლელად გამოიყვანონ.

რამდენადაც დიდი, ბუმბერაზი კაცი იყო გალაკტიონი, იმდენად ძნელია

მასზე ლაპარაკი. იალბუზს რომ პატარა გორაკი შეადარო, ისე ვარ

მასთან შედარებით, მაგრამ მაინც ვიტყვი: იმ ოცი დღის განმავლობაში,

ჩვენ რომ იქ ვიწექით, მე კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ გალაკტიონს

აბსოლუტურად არ ეტყობოდა რაიმე ფსიქიკური აშლილობის.

- და ეს იწვევს თქვენს ეჭვებს?

- ეს იწვევს. ის ძალიან მხიარულად იყო, ყოველ საღამოს გვიერთდებოდა

და ებმებოდა საუბარში, ჩანდა ძალიან მხიარული, ხალისიანი. რა უნდა

მომხდარიყო უახლოეს ხანში ისეთი!

-აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ თუ დაწერა და გამოაქვეყნა

სადმე თავისი შეხედულება გალაკტიონის სიკვდილთან დაკავშირებით?

-არა, არ დაუწერია. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცი. საერთოდ, დავითი

ისეთი კაცი იყო, ამ საკითხზე ცალკე აზრს არ გამოთქვამდა.

- არადა, ხომ სწორედ მან დაგირეკათ და გითხრათ, რომ გალაკტიონი

გადავარდა. თავი კი არ მოუკლავსო _ გადავარდაო! მაშასადამე, ამ

სიტყვაში იგი პირდაპირ მნიშვნელობას დებდა...

- მე რამდენადაც მწამს, ყველას აწყობდა იქ, რომ დაეფიქსირებინათ

აზრი: გალაკტიონმა მოიკლა თავი.

- ის რიგითი ექიმის კაბინეტი იყო, თუ მთავარი ექიმის?

- არა, არა. მორიგეები იყვნენ სხვადასხვა, ყოველდღე იცვლებოდნენ.

- გალაკტიონის ექიმი ვინ იყო?

-გალაკტიონს, ბატონო, როგორც თქვენ გმკურნალობდნენ, ისე

მკურნალობდნენ. აბსოლუტურად არაფერი მკურნალობა არ უტარდებოდა.

ერთი იყო მხოლოდ - საღამოს, როცა ვიჯექით, მოვიდოდა მორიგე ექთანი და მოჰქონდა თერმომეტრები (ყველასათვის უნდა გაეზომა დილა-საღამოსსიცხე). „ა, ბატონო, აუცილებელია, არა?“ - გაიცინებდა გალაკტიონი და გაიკეთებდა. ექთანს დრო ჰქონდა დანიშნული. ამოიღებდა თერმომეტრს და იწერდა, ვის რამდენი ტემპერატურა აღმოაჩნდებოდა. და გალაკტიონს აძლევდა ფხვნილს, რომელიც ქაღალდში იყო გახვეული („პარაშოკს“

რომ ვეძახით). გალაკტიონი გახსნიდა ქაღალდს, ფხვნილს ხელისგულზე

დააგროვებდა, შუაში მოუყრიდა თავს და დააწებდა ენას, აიღებდა ისე

მთლიანად, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ერთი ნამცეცი არსად, არც წვერზე,არც ულვაშებზე, არსად არ ეცემოდა. ექთანი იყო მოჩერებული ყოველთვის:ბატონო გალაკტიონ, სულ გიყურებთო: როგორ აკეთებთ ამას, რომ ერთი ნამცეციც არსად გეცემათო. გაიცინებდა: ეს, ძამიკო, ხელოვნებააო!

ეს იყო სულ მისი მკურნალობა!

- რა წამალს აძლევდნენ?

- დასაძინებელს.

- თქვენ არ გაძლევდნენ იმ წამალს?

- არა, მე არა.

- ბატონო ნოე, გთხოვთ, კიდევ ერთხელ ამიღწეროთ ის ოთახი, საიდანაც

გალაკტიონი გადავარდა.

- გამოყვანილი იყო სპეციალურად, დამხმარე ნაგებობასავით, რომ მერე

ექიმის კაბინეტი გაეკეთებინათ. დერეფნიდან რომ მოუხვევდი, პირდაპირ

შეხვიდოდი შიგ.

ფანჯარა ეზოში გადიოდა...

გული რაზე მწყდება, იცით? მე რომ ჩამეწერა გალაკტიონის

ყოველდღიური საუბარი ჩვენთან, ალბათ, მექნებოდა ყველაზე

მნიშვნელოვანი მოგონებები... ჩემი კი არა, მისი საუბრები. ეს იყო 40 წლისწინ და მე ახლა თავს უფლებას ვერ მივცემ, ზეპირად აღვადგინო მისი მონოლოგები, გალაკტიონზე რაიმე ვწერო და ვთქვა.

.........................................................................................................................

ეს ინტერვიუ, რომელიც მთლიანად, დაუხვეწავად მოვიტანეთ, ცხადია,

მკითხველის არაერთგვაროვან რეაქციას გამოიწვევს, შეკითხვებიც დაისმის ცალკე დეტალების გამო (ვთქვათ, ექიმის ოთახთან დაკავშირებით). მაგრამ,ვინაიდან საავადმყოფოს შენობის ახლანდელი თუ წაშლილი სურათის შედარება არ შეგვიძლია, და ხელი არ მიგვიწვდება სხვა, არანაკლებ საჭირო ინფორმაციებზეც, რა თქმა უნდა, ვერაფერს დავაზუსტებთ.

მაგრამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს - იქნებ იგი საინტერესოც

აღმოჩნდეს კომპეტენტური მკვლევარებისათვის?

აქვე ერთი მომენტიც დავაზუსტოთ: ნოე ლორთქიფანიძე გალაკტიონთან

ერთად იწვა „ლეჩკომბინატში“ 1959 წლის თებერვალში.

ცნობილია, რომ პოეტი 5 მარტს გაწერეს და 11 დღის შემდეგ კვლავ

მიბრუნდა იქ.

 

ნანული ცხვედიანი  

 

გაზეთი „P.S.“ („პოსტსკრიპტუმი“). №15(82). 17-24 აპრილი, 2000 წ.)

ეს სტატია შესულია აგრეთვე ნანული ცხვედიანის წიგნში "გახსოვს ქუთაისო?"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7105
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია