საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
ქუთაისის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი დაარღვია
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/11/04 01:30:57

პასუხის პასუხი ბაქარ ჭეიშვილს

 

საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის რა დონეა ქუთაისში, ამის თვალნათელი მაგალითია ის ფაქტი, რაც ერთ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენს რედაქციას უკავშირდება.

 

მივყვეთ ფაქტებს:

2016 წლის 10 ოქტომბერს  ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს მივმართეთ შემდეგი შინაარსის  განცხადებით: „გთხოვთ გადმოგვცეთ ქუთაისში არსებული შენობა- ნაგებობების ნუსხა, რომელიც შესულია კულტურული მემკვიდრეობის სიაში“.


ადმინისტრაციამ აგვიხსნა, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვიდან  10 დღეში მივიღებდით პასუხს.  (მიუხედავად იმისა, რომ 10დღიან ვადას კანონი იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, როცა დოკუმენტები არქივშია ამოსაძებნი, შეკამათებას აზრი არ ჰქონდა). 14 ოქტომბერს დავუკავშირდით ზვიად ჯავახიას, რომელსაც ევალება საჯარო ინფორმაციის გაცემა მერიაში და მას შევახსენთ, რომ შუალედური პასუხი არ მიგვიღია. ბატონმა ზვიადმა დარწმუნებით გვითრა,რომ პასუხი უკვე გამოგზავნილია და ფოსტა მოიტანდა მითითებულ მისამართზე.


 27 ოქტომბერს 10 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, ფოსტამ პასუხი არ მოიტანა, რის გამოც, პირადად მივედი მერიაში და განცხადების პასუხი მოვითხოვე.  გადმომცეს ასლი, რადგან, როგორც მითხრეს, დედანი ფოსტაში იყო გადაგზავნილი...


არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბაქარ ჭეიშვილის 10დღიანი ნააზრევით, სიმართლე გითხრათ, სახტად დავრჩით, რადგან ზუსტად ვერ მივხვდით, თავისი უცოდინარობით დაარღვია ადმინისტრაციული კოდექსი, თუ ჩვენ ჩაგვთვალა კანონის არმცოდნეებად?


მისი პასუხის ტექსტს აქვე თქვენც უცვლელად გთავაზობთ: „ქუთაისში არსებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება განხორციელებულია საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით (ბრძანებებით), შეგიძლიათ, შესაბამისი ინფორმაცია მიიღოთ შესაბამისი უწყებებიდან ელქტრონულად (ვებ -გვერდი) ან/და მოიძიოთ საკანონმდებლო მაცნეში - მაგალითად საქართველოს საკანაონმდებლო მაცნე 22.07.2008 წელი  N31, მინისტრის 2008 წლ16 ივლისის ბრძანება N3/164 - კულტურული მემკვიდრეობის ობიექტისათვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ.“

 

იმის გასარკვევად, თუ რამდენად ადექვატური და კომპენტენტური პასუხი მივიღეთ,სახელმწიფო მოხელისაგან, ამ საკითხზე კონსულტაციისთვის მივმართეთ ქუთაისის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელსაც აღნიშნული წერილის შინაარსიც გავაცანით.  ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი გააკეთა საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა.


  „უპირველესად, უნდა აღინიშნოს, თუ რა არის საჯარო ინფორმაცია. საჯარო ინფორმაცია არის ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც დაცულია ადმინისტრაციულ ორგანოში. საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით მოქმედებს შემდეგი კანონი: თუ კი მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია დაცულია იმ ადმინისტრაციულ ორგანოში,რომელსაც პირმა მიმართა, მაშინ ის ვალდებულია, გასცეს ეს ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია მასთან არ არის დაცული, მაშინ  შემოსული განცხადება  თვითონ უნდა გადაამისამართოს კომპეტენტურ  ადმინისტრაციულ ორგანოში. ამგვარ ვალდებულებას ითვალისწინებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80-ე მუხლი.

ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებულია,რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება და ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლების მოვლა-შენახვა არის ადგილობრივი თითმმართველობის კომპეტენცია.

შესაბამისად, ისინი ვალდებული იყვნენ, მოეწოდებინათ თქვენთვის ეს ინფორმაცია და რა ნაწილშიც არ ჰქონდათ მათ წვდომა, თვითნ უნდა გადაემისამართებიათ  ეს წერილი პასუხში აღნიშნული სამინისტროებისათვის.“- განმარტა გიორგი სანტურიანმა.


 ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ გაქვს ლოგიკური დამატებითი კითხვები  ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურთან:


1. არის თუ არა ნამდვილად ზემოთაღნიშნული ინფორმაცია  ქალაქ ქუთაისის  შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში? და თუ არ არის, მაშინ,გამოდის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსაც არღვევენ.

 

2. თუ  კი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებულია,რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება და ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლების მოვლა-შენახვა არის ადგილობრივი  თვითმმართველობის მოვალეობა, როგორ შიძლება, რომ მათ არ იცოდნენ ამ ძეგლების ჩამონთვალი?. (როგორ უნდა მოუარონ და დაიცვან ძეგლები,  თუ არ იციან ამ ძეგლების ნუსხა?)


 და ბოლოს, თუ აღნიშნულ ინფორმაციაზე  მათ ხელი მიუწვდებათ, რატომ არ მოგვაწოდეს ეს ინფორმაცია და რატომ დაგვაკარგინეს 10 დღე ამ აბსურდული პასუხისათვის?


მიუხედავად ყველაფრისა, იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად მაინც კარგად წაიკითხავენ ზოგადადმინისტრაციული კოდექსის იმ მუხლებს, რომელიც საჯარო ინფორმაციის გაცემას ეხება და კიდევ 10 დღეს არ გვალოდინებენ კომპეტენტური პასუხისათვის... მითუმეტეს, რომ ჩვენი პირველი წერილის დედანი სავარაუდოდ, ფოსტამ ისევ მერიას მიუბრუნა, რადგან ჩვენამდე ჯერ კიდევ არ მოსულა.

 

ლიკა დევდარიანი

 

P.S. ამჯერად პასუხის გამოგზავნისთვის, ფოსტა აღარ შეაწუხოთ, ბიუჯეტის თანხასაც დაზოგავთ. თავად გესტუმრებით...

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3429
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია