საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დღეს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება
2016/10/30 13:44:46

 

დღეს ცესკოში 30 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა;              ცესკოს საინფორმაციო განცხადება 29 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებითაც გააკეთა.

დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები  50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება. ამავე დროს, დღესვე, პარლამენტის არჩევნებთან ერთად,  იმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურები აჭარის 6-ვე მაჟორიტარულ ოლქში.


გარდა ამისა, 30 ოქტომბერს ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურები ტარდება, ხოლო ლაგოდეხსა და სენაკში - საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.


ცსკო-ს განცხადებით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 8:00 სთ-დან გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.


არჩევნები საერთო ჯამში ტარდება 2 229 საარჩევნო უბანზე, მათ შორის, 9  გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა რაოდენობა ჯამში 2 478 042-ია.


ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე, ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ამომრჩეველს შეახსენა, რომ იქ, სადაც მხოლოდ პარლამენტის არჩევნები ტარდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით,  ისინი მიიღებენ 1 ბიულეტენს. აჭარის რეგიონში რეგისტრირებული ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის არჩევნების ბიულეტენის გარდა, ასევე მიიღებენ 1 ბიულეტენს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის. ასევე, იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ტარდება საკრებულოს შუალედური, მერისა და გამგებლის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები მიიღებენ დამატებით თითო ბიულეტენს.


30 ოქტომბრის არჩევნების დაკვირვების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაუგრძელა აკრედიტაციის ვადა სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს. ასევე, 7 მედია ორგანიზაციის 582-მა მედია წარმომადგენელმა,  10 საერთაშორისო ორგანიზაციის 221-მა და  44 ადგილობრივი ორგანიზაციის 12 122-მა დამკვირვებელმა გაიარეს რეგისტრაცია  მეორე ტურების დაკვირვების მიზნით.


დღეს, საღამოს 8:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.


შემოსული ოქმების მონაცემები ოპერატორების მიერ სპეციალურ პროგრამაში იქნება შეყვანილი და ცესკოში ოქმების შემოსვლის დაწყებიდან დაახლოებით 2 საათში, ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება პირველი წინასწარი შედეგები 50 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით. წინასწარი შედეგები ეტაპობრივად განახლდება შემოსული ოქმების მონაცემების მიხედვით.


დღეს, 07:00-დან 24:00-მდე  იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.


ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს მთელი დღის განმავლობაში მუდმივად ოგაწოდებთ ინფორმაციას არჩევნების დღის  მიმდინარეობის შესახებ.


შეგახსენებთ რომ, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, მხოლოდ  კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. 30 ოქტომბერს  აკრძალულია წინასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზისა და რადიოში; ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.


ანა მიქელაძემ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. „ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას,“ - აღნიშნა ცესკოს სპიკერმა.


ანა მიქელაძემ მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია 29 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტზე: დაახლოებით საღამოს 07:20 სთ-ზე, სამი პირი მივიდა მთაწმინდის #18-ე უბანზე, მათ დაცვის პოლიციას თავი წარუდგინეს როგორც საარჩევნო ოლქის წარმომადგენლებმა. ეს პირები უბანზე შევიდნენ, როდესაც უბანი იყო უკვე დაკეტილი მასალებთან ერთად და მათ დაიწყეს საარჩევნო მასალების დათვალიერება, გადაღება, უჯრების გახსნა, სადაც მასალა ინახებოდა, მათ შორის ცესკოს ინფორმაციით გადაიღეს სამაგიდო სიებიც, რომელიც შეიცავს ამომრჩევლის პერსონალურ მონაცემებს, პირად ნომრებს.


მოგვიანებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები არ იყვნენ ოლქის წარმომადგენლები, მათ ჰქონდათ დამკვირვებლის და პარტიის წარმომადგენლობის სააკრედიტაციო მოწმობები. დაცვის პოლიციამ მათ დაატოვებინა უბანი. ადგილზე მასალების გადასამოწმებლად მივიდნენ ოლქისა და ცესკოს წარმომადგენლები, ასევე უბნის თავმჯდომარე; შეტყობინება შევიდა 112-ზე და გამოძახებული იყო პოლიცია. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.


მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო მასალა და დოკუმენტაცია არის უბანზე სრულყოფილი და დაუზიანებელი, აღნიშნული წარმოადგენს დაკეტილ საარჩევნო უბანზე მოტყუებით შესვლას და უფლებამოსილების გადამეტებას.


შესაბამისად, მივმართავთ დამკვირვებლებს, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს იმოქმედონ კანონის ფარგლებში, არ გასცდნენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას საქმიანობის განხორციელებაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 19980
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია