დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მეორე ტურში მონაწილეობაზე სანდრა რულოვსის უარს ნაციონალების ზოგიერთი წევრის უარყოფითი რეაქცია მოყვა
2016/10/24 19:00:48

ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას პირველ ტურში დამარცხების შემდეგ აღარ გააგრძელოს ბრძოლა მეორე ტურში ზუგდიდის 66-ე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის, მისი წარმდგენი პარტიის, ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი წევრის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოყვა.


ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი, რომელიც ასევე არის ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის მეორე ნომერი, ზუგდიდის მაჟორიტარული არჩევნების პირველ ტურში, მათ შორის 22 ოქტომბერს ამ ოლქის სამ უბანზე გამართული განმეორებითი კენჭისყრის შედეგების გათვალისწინებით, ხმათა 44.8%-ით დამარცხდა კონკურენტთან ქართული ოცნებიდან ედიშერ თოლორაიასთან, რომელმაც 48.63% დააგროვა და ასევე ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი.

 

სანდრა რულოვსმა „ოდიში ნიუსთან“ ინტერვიუში, რომელიც 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ მას „მოპოვებული გამარჯვება მოპარეს“ და თვლის, რომ „ამ უსამართლო ე.წ. დემოკრატიული არჩევნების ფონზე არ უნდა შევიდეს მეორე ტურში“.

 

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სანდრა რულოვსი პროპორციული სისტემით მოპოვებულ მანდატთან დაკავშირებით და შევა თუ არა ის პარლამენტში.  

 

ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა ყოფილი პირველი ლედის გადაწყვეტილებას „სამწუხარო“ და პარტიისთვის, რომელიც მეორე ტურებში ბრძოლას განაგრძობს, „დამაზიანებელი“ უწოდა.

 

„ქალბატონი სანდრას გადაწყვეტილება არის მიუღებელი, სამწუხაროდ; მეტიც, ის აზიანებს ზოგადად მეორე ტურების კამპანიას“, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გივი თარგამაძემ.

 

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ნიკა მელიამ რულოვსის გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც ამომრჩევლების „მიტოვება“.

 

ნაციონალური მოძრაობის სამივე ეს წევრი იმ ჯგუფში იყო, რომელმაც 11 ოქტომბერს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ახალ პარლამენტში შესვლისა და მეორე ტურებში მონაწილეობის გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით გაიტანა იმ ფონზე, როცა ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, მის მიერ დაფუძნებულ ნაციონალურ მოძრაობას მეორე ტურების ბოიკოტისკენ მოუწოდებდა. სააკაშვილის ამ პოზიციის გამზიარებელი პარტიის პოლიტსაბჭოზე გამართულ კენჭისყრაზე მხოლოდ 9 წევრი აღმოჩნდა 33-ის წინააღმდეგ, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.

 

23 ოქტომბერს თავის Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში მიხეილ სააკაშვილმა აქტივისტებს მისი მეუღლის გადაწყვეტილების პატივისცემისკენ მოუწოდა და განაცხადა: „მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ თითოეული კანდიდატის გადაწყვეტილებაა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას გაყალბებული არჩევნების მეორე ტურში. ყველას აქვს პირადი არჩევანის უფლება და მათ შორის სანდრამაც მიიღო გადაწყვეტილება, ჩემი ჩარევის გარეშე“.  

 

მოგვიანებით, Facebook-ით გამოეხმაურა თავად სანდრა რულოვსიც მის გადაწყვეტილებაზე „არაჯანსაღ სპეკულაციებს“ და განაცხადა, რომ პოლიტსაბჭო ამ განზრახვის შესახებ ჯერ კიდევ 11 ოქტომბერს ჩააყენა საქმის კურსში.

 

„ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ ეს არ იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ღრმად შეურაცხმყოფელია ჩემთვის... ნათელია, რომ ჩემს მეუღლეს არ სჭირდება ჩემი მეშვეობით თავისი პოზიციის გახმოვანება“, - განაცხადა მან, „ძალიან ცდება ყველა, ვინც ცდილობს ისე წარმოაჩინოს საქმე, თითქოს მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი, ბრძოლაზე უარს ნიშნავს“.

 

იმის მიუხედავად, რომ სანდრა რულოვსი მეორე ტურს გამოეთიშა, მისი გვარი 30 ოქტომბერს მოსალოდნელი კენჭისყრის დროს მაინც იქნება ბიულეტენში ქართული ოცნების კანდიდატთან ერთად.

 

საარჩევნო მარათონიდან რულოვსის გამოთიშვის შედეგად, ნაციონალურ მოძრაობას 44 ერთმანდატიან ოლქში მოუწევს, ძირითადად, ქართული ოცნების მაჟორიტარ კანდიდატებთან ბრძოლა კვირას დანიშნულ მეორე ტურში.

 

http://www.civil.ge/geo/article.php?id=30724

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 21317
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია