დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წილი ნაყარია, რუბიკონი... ?!
2016/10/08 16:16:48

კადრი ბავშვობიდან:  საზეიმოდ  გამოწყობილი ადამიანები, ოჯახებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან ერთად , ამაღლებული განწყობით მიემართებიან  საარჩევნო უბნებისკენ. პირველი შთაბეჭდილებაც არჩევნებთან დაკავშირებით ასეთია- არჩევნები დღესასწაულია!

კადრი უახლოესი წარსულიდან: ერთმანეთთან დაპირისპირებული ადამიანები, ბრძოლის ველად ქცეული საარჩევნო უბნები, გატაცებული ბიულეტენები,  საარჩევნო ბეჭდები, ყუთები, „კარუსელები“, გაყალბებული შედეგები... მეორე შთაბეჭდილება- არჩევნები ომია!

 

კადრი და შთაბეჭდილება აწმყოდან- სიმშვიდე.

ყოველ შემთხევვაში, იმ კონკრეტულ დროსა და სივრცეში,  სადაც მე გახლდით  დღეს, 8 ოქტომბერს, წყალტუბოს 57-ე საარჩევნო ოლქის  რამდენიმე უბანზე.

57-ე  მაჟორიტარულ ოლქში  53308  ამომრჩეველს ხმის მიცემა 68 უბანზე შეუძლია.   14 საათისთვის არცერთ ამ უბანზე საარჩევნო  პროცედურის რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა არ დაფიქსირებულა.

მე-20 უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ზურაბ ჟორჟოლიანი:

_  დილით, 8 საათზე , სრულ მზადყოფნაში   იყო ჩვენი საარჩევნო უბანი, პროცედურების დაცვით გავხსენით . რამდენიმე ამომრჩეველი კომისიის წევრებზე ადრეც კი იყო მოსული  უბანში.  894 ამომრჩეველია რეგისტრირებული ჩვენს უბანზე. 13 საათისთვის 300-მდე ადამიანმა მისცა ხმა . ეს არცთუ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა, 20 საათამდე კიდევ ბევრი დროა დარჩენილი  და იმედი გვაქვს, რომ მოქალაქეთა აქტივობა  გაიზრდება. ამ წუთას გადასატანი ყუთიც წაღებულია იმ ამომრჩევლებთან, ვისაც უბანში მოსვლა ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო არ შეეძლო და ამის შესახებ წინასწარ ჰქონდა განცხადებული.

 ჩვენი უბანი ადაპტირებულია შშმ პირებისთვისაც და უკვე ისარგებლა ამ შესაძლებლობით მხედველობადაქვეითებულმა ამომრჩეველმა. 

არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ამ პატარა ოთახში ამდენი პარტიის და  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია და  თავადაც ხედავთ, რომ არანაირი დაძაბულობა არ იგრძნობა.

საარჩევნო უბნის მახლობლად  ხალხით სავსე მიკროავტობუსი ჩერდება.  სხვადასხვა ასაკის ადამიანები უბნის შესასვლელთან რიგში დგებიან.

-          ვინ მოგიყვანათ ასე ორგანიზებულად?

-         ჩვენ მეზობლები ვართ, ზოგი მოხუცია, ზოგს სახსრები გვაწუხებს,  ცხელა, ამ უბნამდე კი 2 კილომეტრი მაინც უნდა გამოგვევლო, ამიტომ  შევიკრიბეთ და მეზობლის მიკროავტობუსით ერთად წამოვედით.

-         რას ელით ამ არჩევნებისგან?

-         მე უკვე  ასაკში ვარ, ტკბილ სიბერეს ველი, ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისთვის კი -  სამსახურს და ცხოვრების ნორმალურ პირობებს.

-         და თქვენი აზრით, ვის შეუძლია, რომელ პოლიტიკურ ძალას, ამ ყველაფრის მოცემა?

-         რაც თავი მახსოვს შვილო, ყველა არჩევნებში მთავრობას ვაძლევდი ხმას, ახლაც სხვებზე მეტად ისევ მთავრობის  იმედი მაქვს.

 

შუახნის ქალბატონი შეწუხებული  სახით მიახლოვდება:

-ჟურნალისტი ხართ, ხო??

-დიახ.

- თუ შეგიძლიათ, დამეხმარეთ, ხმის მიცემას ვერ ვახერხებ.

 -რატომ, ქალბატონო?

-         პირადობის მოწმობას ვადა ჰქონია გასული, აქ გაირკვა. ყველა მიცნობს კომისიის წევრები, მაგრამ მაინც არ მაძლევენ ხმის მიცემის უფლებას- ამბობენ, დარღვევაა, აგერ ჟურნალისტები გვაკვირდებიან და არ შეიძლებაო.

-         -სამწუხაროდ, ვერაფრით დაგეხმარებით, სავსებით კანონიერად მოქმედებენ კომისიის წევრები, ისღა დაგრჩენიათ, მომავალ არჩევნებამდე შეინახოთ თქვენი ხმა _ „ვამშვიდებ“ აღელვებულ ქალბატონს და ის დრო მახსენდება, მთელი ქუჩის ბიულეტენებს ერთი ადამიანი რომ ყრიდა საარჩევნო ყუთში.

 

უბნის  შორიახლო, სახელდახელოდ გამართულ მრგვალ მაგიდასთან, რამდენიმე ადამიანი შეკრებილა და რაღაც სიებს აზუსტებენ.

-         თუ საიდუმლო არააა, ვინ ბრძანდებით?

-         ერთ-ერთი პარტიის კოორდინატორები.

-         რას საქმიანობთ აქ?

-         ჩვენი პარტიის მხარდამჭერთა მოსვლას ველოდებით. თუ რომელიმეს  უბნამდე მოსვლის პრობლემა ექნება, შეგვიძლია მანქანით მოვიყვანოთ. ამით არც კანონს ვარღვევთ და არც არაფერს ვაშავებთ.

 

ეკა  მამაგეიშვილი, დამკვირვებელი:

-         ბევრჯერ ვყოფილვარ არჩევნების დროს დამკვირვებელი და წელს მართლაც გამორჩეულად მშვიდი სიტუაციაა. წინა წლებში , ფაქტობრივად, სულ 2 მთავარ სუბიექტს შორის მიმდინარეობდა ბრძოლა და დაპირისპირება, ახლა კი,  რამდენიმე პარტიას თუ საარჩევნო ბლოკს  აქვს პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსი, ყველა მათგანის დამკვირვებელია აქ, ქუჩაში მათ მომხრეებსაც ვხედავ, მაგრამ ყველაფერი ცივილურად მიმდინარეობს.

 

ბოლო კადრი : 57-ე მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრის მსურველთა  პორტრეტები სოფლის მოსაცდელში  ერთმანეთის გვერდითაა გაკრული,  რამდენიმე ახალგაზრდა კი, იქვე,  ჩვენი ქვეყნის მომავალზე მსჯელობს...

 

 

 



'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2653
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია