საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები2016
ხუთი შეკითხვა გიგი წერეთელს
2016/10/06 20:16:04

ჩვენი რუბრიკის "არჩევნები 2016"–ის სტუმარია ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან, გიგი წერეთელი.


1.      ბატონო გიგი, რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

 –  ბოლო წლებია პრაქტიკულად ქუთაისში ვცხოვრობ. ჩემი ოჯახის სხვადასხვა თაობა მჭირდოდ იყო დაკავშირებული ქუთაისთან. წერეთლების გვარის წარმომადგენლებს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს და კონკრეტულად ქუთაისის პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სულიერი განვითარების საკითხში. ასე რომ, ბევრი მიზეზი მაქვს, რატომ შეიძლება მიმეღო ამგვარი გადაწყვეტილება, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც მაკავშირებს ქუთაისთან ბოლო წლებში, ეს არის იდეა ქუთაისის უმნიშვნელოვანეს, ქვეყნის ძირითად პოლიტიკურ ცენტრად და საპარლამენტო დედაქალაქად ქცევისა. მე ვიყავი სწორედ იმ რამდენიმე ინიციატორს და თანამოაზრეს შორის, რომელიც ამ პროექტს უჭერდა მხარს.

 

2.       ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

–   მოსახლეობასთან შეხვედრების  და „კარდაკარ“ კამპანიის დროს, რომლის ფარგლებშიც 5000-მდე ოჯახში პირადად ვიყავი მისული, გავეცანი  მათ სირთულეებს, მოსაზრებებს და სურვილებს. ქუთაისში მთავარი პრობლემაა უმუშევრობა, სიღარიბე, საბანკო დავალიანებები, ბევრ უბანში მოუწესრიგებელია წყალ-კანალიზაციის პრობლემა, არ არის 24 საათიანი წყალმომარაგება, პრაქტიკულად მოუწესრიგებელია შიდა საუბნო ინფრასტრუქტურა, თითქმის გაპარტახებულია  სპორტული მოედნების უმრავლესობა, საქალაქო ტრანსპორტის პრობლემაც მნიშვნელოვანია, მოსახლეობის დიდ ნაწილს გაურკვეველი მიზეზით ეხსნება სიციალური დახმარება. ეს პრობლემები შესაძლოა მოგვარდეს ქუთაისისთვის განსაკუთრებული საპარლამენტო სტატუსის შემთხვევაში, ქალაქის გაზრდილი ბიუჯეტით, მეტი ინვესტიციებით, გადასახადების შემცირებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის რეალურად ამოქმედებით, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტური და მიზნობრივი მუშაობით, მოსახლეობის საჭიროებებზე მორეგებული პროგრამების რეალიზებით, ადგილობრივ მოსახლეობაზე მორგებული, სამართლიანი სოციალური დახმარების სისტემის ფორმირებით.

 

3.       რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირება ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

 –  ჩვენი მთავარი სამოქმედო გეგმაა შევქმნათ 45 000 ახალი სამუშაო ადგილი, 1 მილიარდით შევამცირებთ ბიუროკრატიაზე გაწეულ სახელმწიფო ხარჯებს საქართველოში, 2017-წელსვე შევამცირებთ გადასახადებს, პენსიას გავზრდით 50 ლარით, საარსებო შემწეობას აღვუდგენთ ყველა იმ ოჯახს რომელსაც იგი უსამართლოდ გაუუქმეს. 2017 წელსვე გავზრდით სასკოლო ვაუჩერს 50%-ით, მასწავლებლის ხელფასი 650 ლარზე მეტი გახდება, 5000 სტუდენტით გაიზრდება გრანტებით მიღებული სტუდენტთა რაოდენობა, სოციალურად დაუცველი და დაბალ შემოსავლიანი ოჯახებისთვის გაუმჯობესდება ჯანდაცვის პაკეტები, სადაც  გათვალისწინებული იქნება მედიკამენტებიც.

 

4.       რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?

           –  ვგეგმავ , ქუთაისის როგორც საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის შესახებ კანონის ინიცირებას.

 

5.       გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა?

–   მე აქტიურად გამოვიყენებ ჩემს საერთაშორისო კონტაქტებს, ინვესტიციების მოსაზიდად და ქუთაისის დინამიური განვითარებისათვის. ის რაც ადგილობრივი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში შედის, გავუწევ მონიტორინგს, ვაპირებ მათთან აქტიურ  თანამშრომლობას და ინფორმაციის ანალიზსს. საკანონმდებლო დონეზე ქუთაისის, როგორც საპარლამენტო დედაქალაქის მხარდაჭერას, უფრო მეტი რესურსების მობილიზებისათვის.  რაც გააუმჯობესებს საბიუჯეტო თუ სატრანსფერო შესაძლებლობებს, ადგილობრივ ხელისუფლებას მეტ საშუალებას მისცემს პროგრამების შესასრულებლად. ასევე შესაბამისად მთავრობასთან აქტიური ურთიერთობით, ქუთაისის მხარდამჭერი პროექტების რეალიზაციას.

 

(R)

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3329
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია