დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეუთოს საარჩევნო დამკვირვებლების შუალედური ანგარიში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/09/16 16:40:02

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის კამპანიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები ამ დრომდე „მცირემასშტაბიანი“ იყო და „ძირითადად მიტინგების სახით, საზოგადოებასთან მცირე შეხვედრებითა და კარდაკარ აგიტაციით შემოიფარგლებოდა“, განაცხადა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) გრძელვადიანმა სადამკვირვებლო მისიამ თავის შუალედურ ანგარიშში.

ანგარიშში, რომელიც 30 აგვისტოდან 19 სექტემბრის პერიოდს მოიცავს, ნათქვამია, რომ კამპანიის „გზავნილები ძირითადად სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზეა ფოკუსირებული“.

„არჩევნები ისეთ გარემოში იმართება, რომელზეც ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში არსებული არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე მოსახლეობის იმედგაცრუება პოლიტიკური ელიტის მიმართ“, – ნათქვამია ანგარიშში. 

OSCE/ODIHR–ის სადამკვირვებლო მისია, რომელიც საქართველოში მუშაობას 30 აგვისტოს შეუდგა, თბილისში განთავსებული 12–წევრიანი გუნდისა და 26 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც 7 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით არიან მივლენილნი.

შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ „მედიაში მთელი რიგი ინციდენტები გაშუქდა, როგორიცაა შეხლა-შემოხლა კამპანიის მონაწილეებს შორის, პარტიის ოფისების და კამპანიის მასალების დაზიანება“.

დოკუმენტის თანახმად, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა „ყველაზე აქტიური და ხილვადია კანდიდატებს შორის“.

„კამპანიის ტონი კონფრონტაციულია, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ერთმანეთს სდებენ ბრალს საარჩევნო პროცესში კონფრონტაციული გარემოს გამწვავებაში. ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიისთვის ცნობილი გახდა და, ასევე, მედიაშიც მთელი რიგი ინციდენტები გაშუქდა, როგორიცაა შეხლა-შემოხლა კამპანიის მონაწილეებს შორის, პარტიის ოფისების და კამპანიის მასალების დაზიანება“, – ნათქვამია ანგარიშში.

„იმის მიუხედავად, რომ ბევრ საქმეზე გამოძიება დაიწყო, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ღრმა უნდობლობა გამოხატა სამართალდამცავი უწყებების, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ მთელი რიგი ბრალდებები მოისმინა ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის შესახებ, რაშიც შედიოდა კამპანიის ღონისძიებებზე დასწრების მოთხოვნა და კამპანიაში მონაწილე პირების დაშინება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

„ამასთანავე საარჩევნო ატმოსფეროზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს პოლიტიკური დაძაბულობა ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის, 2016 წლის მაისში რიგგარეშე ადგილობრივი არჩევნების დროს კორცხელში მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირების ჩათვლით“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, „საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე მხარეები ნდობას უცხადებენ ცესკოს პროფესიონალიზმს და მის მუშაობას“.

„თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში ბევრი ბრალდება გამოითქვა საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართით ძირითადად იმის შესახებ, რომ ხსენებული საარჩევნო ადმინისტრაციები მიუკერძოებლად არ მოქმედებდნენ ქვედა დონის კომისიის წევრების დანიშვნისას. საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალური პირები მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის გამჭვირვალობის ხარისხი ამაღლებულიყო“, – ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება მედია გარემოს, ანგარიშში ნათქვამია, რომ „სხვადასხვა შეხედულებების წარდგენისას, მედიასაშუალებები, განსაკუთრებით კი სამაუწყებლო მედია, ხშირად პოლარიზებულად მიიჩნევა პოლიტიკური თვალსაზრისით“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1870
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია