საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სტუმრად იაგოს მარანში
2016/08/26 10:44:43

მცხეთის რაიონის პატარა ისტორიული სოფელი ჩარდახი მუხრანის ველზეა გაშლილი. სწორედ ამ სოფლის მკვიდრია იაგო ბიტარიშვილი. იგი ამ საუკუნის წარმატებული მეღვინეა არა მარტო საქართველოში არამედ - მის საზღვრებს გარეთაც. სოფელ ჩარდახს, კერძოდ კი იაგოს მარანს , ყოველდღიურად მრავალი ტურისტი სტუმრობს, მეც ერთ-ერთი მათგანი აღმოვჩნდი ჩემს მეგობართან ერთად.


ჭიშკრის შეღებისთანავე გრძნობ, რომ სრულიად განსხვავებულ გარემოში ხვდები. ჭიშკრიდან მარნის კარებამდე გასავლელი მანძილი ტალავერითაა დაჩრდილული. ხელმარჯვნივ კი ვენახია გაშენებული. თვალს ისიც ხვდება, რომ ვენახის დასაწყისშივე დიდმუცლიანი ქვევრებია დევებივით მხართეძოზე წამოწოლილი - თითქოს ამ სიმდიდრეს დარაჯობენ. 

 

მარანში შესულს თავბრუდამხვევი ღვინის სურნერლი მადას გიღვიძებს. მარნის თეთრ კედლებზე სხვადასხვა ეროვნების სტუმართა ავტოგრაფი და სურვილებია აღბეჭდილი. 15 ქვევრის განლაგება, საბოთლე დახლები და მეღვინესთვის საჭირო სხვა ნივთები, იაგოს მარანს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. მარნის დათვალიერებისას ბატონი იაგო საინტერესო თემებზე გვესაუბრა. მან თქვა, რომ _ ოჯახს შთამომავლობით მოჰყვება ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი. თუმცა აქტიური დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ 1999 წლიდან გაუჩნდა, როდესაც ვენახი " ბიო" მოვლაზე გადაიყვანეს. ეს ის პერიოდია, როცა " ბიო" ღვინოსთნ დაკავშირებით ცნობიერება საკმაოდ დაბალი იყო. 

 

2003 წელს პირველად ჩვენი მოსავალი ბოთლში ჩამოვასხით _ ამბობს ბ. იაგო. ამგვარად, ავირჩიეთ მეღვინეობაში ეკოლოგიური მიმართულება და 2005 წელს საქართველოში პირველი " ბიო" სერთიფიკატი ავიღე.

 

_ რას ნიშნავს" ბიო" ღვინო?

_ პირველ რიგში -ეკოლოგიურად სუფთა ყურძენს. არანაირი ქიმიური სასუქები, შხამ-ქიმიკატები, ამასთანავე ღვინის დაყენების პროცესში არანაირად არ ვერევი. საწარმოში, სადაც ღვინოს აყენებენ ყველაფერი მეღვინის კონტროლის ქვეშ ხდება (დუღილი, დაწმენდი, ფილტრაცია, დავარგება და ა შ) ჩვენს შემთხვევაში კი ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი იყოს ბუნებრივად. ქვევრი ამაში ძალიან გვეხმარება არ ვხმარობთ საფუარს, ფილტრაციას, არ ვიყენებთ კონსერვანტებს. ღვინის ამგვარ დუღილს სპონტანურ ანუ- არაკონტროლირებად დუღილს უწოდებენ. ჩვენ არ ვიცით როგორი ღვინო გვექნება , რა საფუარები დომინირებენ, ამიტომ ჩვენი ყოველი წლის მოსავალი განსხვავდება წინა წლის მოსავლისგან. ღვინის ვარგისიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ მეღვინეზე, არამედ - მის მოსავალზე . 

_ თქვენი ღვინო პირველად როდის გავიდა საზღვრებს გარეთ?

_ 2006 წელს ჩვენი ღვინო გავიტანეთ იტალიაში. ეხლა კი მრავალ ქვეყანაში იყიდება:- საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, იაპონია, ამერიკა და ა შ. 

_ რამდენ ჰექტარზეა გაშენებული თქვენი ვენახი და წლიურად რამდენ ბოთლ ღვინოს ასხამთ?

_ წლიური ბრუნვა 5000 ბოთლია. ძირითადად "ჩინური" ჯიშია გაშენებული 2 ჰექტარზე. მე თვითონ, ინდივიდვალურად ვმუშაობ ვენახში. ნაკლებად ვფიქრობ მის კიდევ განაშენიანებაზე. საკმაოდ შრომატევადი საქმეა ვენახის სწორად მოვლა-დამუშავება. 

ნატურალური ღვინო არ გახლავთ მასიური წარმოების ღვინო. ჩემთვის მთავარია, მომხმარებელს მივაწოდო სუფთა ეკოლოგიური ღვინო და ნაკლებად ვფიქრობ მარკეტინგზე. 

_ სულ ახალახან ქვევრში ღვინის დაყენების ქართულმა წესმა იუნესკოს ძეგლის სტატუსი მიიღო. თქვენ, როგორც მეღვინე, როგორ შეაფასებდით ჩვენებური ქვევრის მნიშვნელობას?

_ ნატურალური და ტრადიციული ღვინო ასოცირდება მის ბუნებრივად დადუღების პროცესთან. ქვევრში ჭაჭა-კლერტზე დუღილის დროს საკმაოდ კარგი ტემპერატურაა, ფილტრაციაც დამოუკიდებლად ხდება. ჭაჭა-კლერტი თვითონ ფილტრავს და ქვემოთ მიაქვს ნალექი.. შეიძლება ითქვას, რომ ქვევრი ზედგამოჭრილია ნატურალური "ბიო" ღვინისთვის. 

***

ტრადიციული ქართული მეთოდით ქვევრში დაყენებული "ჩინური" და თვითონ გარემო იაგოს მარანში ღვინის ტურიზმისთვის ერთ-ერთი საუცხოო ადგილია. ის მრავალ უცხოელს აღაფრთოვენებს, შენ კი, ქართველს, გმატებს სიხარულს და სიამაყის განსაკუთრებულ შეგრძნებას. აქვე ხედავ ქართლი ტრადიციული ქვევრის ღვინის უკვდავყოფას, რაც ზოგადად საქართველოში 8000 წლის წინ დაიწყო და დღემდე უწყვეტ ჯაჭვშია თანამედროვეობასთან.

 

მირანდა დოლაბერიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 16066
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია