დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მართალია თუ არა ენმ? ფაქტ–მეტრის დასკვნა წყალტუბოს ააიპ–ში დასაქმებულთა გაზრდილ რაოდენობაზე
2016/08/06 17:41:27

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მამუკა საღარეიშვილმა მუნიციპალიტეტში გაზრდილ ადმინისტრაციულ ხარჯზე ისაუბრა. მისი განცხადებით, წყალტუბოში “გაზრდილია ადმინისტრაციული ხარჯები. თუ ადრე კეთილმოწყობაში 35 ადამიანი მუშაობდა, ახლა 118 ჰყავთ დასაქმებული და ეს ადამიანები სამსახურში არ დადიან, ფულს ისე იღებენ”.

როგორც საღარეიშვილმა ჩვენთან საუბარში დააზუსტა, მისი განცხადება ა(ა)იპ “წყალტუბოს კეთილმოწყობის ცენტრს” ეხებოდა. საღარეიშვლმა ასევე აღნიშნა, რომ წყალტუბოს კუთვნილ თითქმის ყველა ა(ა)იპ-ში მსგავსი მდგომარეობაა და თანამშრომლები სამუშაო ოთახებშიც ვერ ეტევიან. მუნიციპალიტეტში სულ 12 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია.

ფაქტ-მეტრმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “წყალტუბოს კეთილმოწყობის ცენტრის” შესახებ შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა. ჯამში, წყალტუბოს ბიუჯეტში მუნიციპალური კეთილმოწყობის ღონისძიებებისთვის 637 ათასი ლარია გამოყოფილი. სწორედ ამ მუხლით ხორციელდება ა(ა)იპ “წყალტუბოს კეთილმოწყობის ცენტრის” სუბსიდირებაც.

მუნიციპალიტეტის მერიის მიერ “წყალტუბოს კეთილმოწყობის ცენტრის” შესახებ მოწოდებული დოკუმენტაცია 2012-2016 წლებს მოიცავს. როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, 2015 წლამდე მერიის ა(ა)იპ-ს “წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა” ერქვა და მასში 2012 წელს 47 თანამშრომელი, 2013 წელს – 50, 2014 წელს და 2015 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში კი 34 ადამიანი მუშაობდა.

ა(ა)იპ “წყალტუბოს კეთილმოწყობას” სახელი 2015 წლიდან შეეცვალა და ა(ა)იპ “წყალტუბოს კეთილმოწყობის ცენტრი” დაერქვა. სახელწოდების შეცვლასთან ერთად, შეიცვალა საშტატო ერთეულთა რაოდენობა. 2015 წლის ივნისიდან ა(ა)იპ “წყალტუბოს კეთილმოწყობის ცენტრი” უკვე 104 თანამშრომელს ითვლიდა. 2016 წელს აქ კიდევ ორი შტატი დაამატეს და ამჟამად, “წყალტუბოს კეთილმოწყობის ცენტრში” 106 თანამშრომელია. ასე რომ, 2015 წლის პირველი ნახევრის შემდეგ თანამშრომელთა რიცხვი 34-დან 106-მდე გაიზარდა.

ჩვენ ა(ა)იპ “წყალტუბოს კეთილმოწყობის ცენტრის” დირექტორს ვკითხეთ, რა იყო შტატების თითქმის სამჯერ ზრდის მიზეზი. მამუკა ქუთათელაძემ შტატების მკვეთრი ზრდა სამსახურების შეერთებას დაუკავშირა. კერძოდ, 2015 წელს ორი ა(ა)იპ – “წყალტუბოს კეთილმოწყობა” და “წყალტუბოს გარე განათება” შეერთდა და ერთ ა(ა)იპ-ად ჩამოყალიბდა. თუმცა, როგორც გავარკვიეთ, მაშინ “წყალტუბოს კეთილმოწყობაში” მომუშავე 34 თანამშრომელს “გარე განათებიდან” მხოლოდ 28 ადამიანი დაემატა. შესაბამისად, ორი სამსახურის შეერთებით ა(ა)იპ-ის თანამშრომელთა რაოდენობა 62 გახდა, რაც ახლანდელი რაოდენობის თითქმის ნახევარია. შტატების ზრდა კი, ამ პერიოდის შემდეგაც მოხდა.

ბუნებრივია, შტატების ზრდამ ადმინისტრაციული ხარჯის მკვეთრი ზრდაც გამოიწვია. თუ 2014 წელს დასაქმებულთა ჯამური წლიური ანაზღაურება (პრემიების და დანამატების ჩათვლით) 169.6 ათას ლარს შეადგენდა, 2015 წელს (სამსახურების გაერთიანებისა და დამატებით კიდევ 44 თანამშრომლის მიღების შემდეგ) სახელფასო ხარჯი თითქმის გაორმაგდა და 316.9 ათასი ლარი შეადგინა. 2016 წელს ა(ა)იპ-ში კიდევ ორი ახალი თანამშრომელი მიიღეს და 2016 წლის სახელფასო ბიუჯეტი ჯამში 462.4 ათასი ლარი გახდა, ანუ თითქმის სამჯერ გაიზარდა.

ასევე აღსანიშავია, რომ გარდა ა(ა)იპ “წყალტუბოს კეთილმოწყობის ცენტრისა”, წყალტუბოს მერიაში არსებობს ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურიც, რომელშიც 2012 წელს 7 ადამიანი იყო დასაქმებული, დღეისთვის კი, სამსახურში 12 საშტატო ერთეულია. შესაბამისად, გაზრდილია ხელფასის წლიური ჯამური მაჩვენებელიც.

საერთოდ, 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, საქართველოს მასშტაბით ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რიცხვი 8 ათასზე მეტი ადამიანით, ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება კი 4 მილიონი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ კვლევის შედეგები “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქარველომ” ივლისის ბოლოს გამოაქვეყნა. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ყველაზე მეტად ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა იმერეთის მუნიციპალიტეტებში (1 713 ერთეულით) გაიზარდა.

 

დასკვნა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ა(ა)იპ “წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრში” ბოლო ერთი წლის განმავლობაში თანამშრომელთა რიცხვი 34-დან 106-მდე გაიზარდა. შესაბამისად, საგრძნობლად გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯიც, რომლის გაღებაც ბიუჯეტს ამ სამსახურის სუბსიდირებისთვის უწევს.

სიმართლეს არ შეესაბამება “წყალტუბოს კეთილმოწყობის ცენტრის” განცხადება, თითქოს ა(ა)იპ-ში შტატების ზრდა ძირითადად სამსახურების გაერთიანებამ გამოიწვია, ვინაიდან ამ პროცესის შედეგად თანამშრომელთა რიცხვი მხოლოდ 28-ით გაიზარდა. ხოლო, მას შემდეგ აღნიშნულ ა(ა)იპ-ში კიდევ 44 ადამიანი დაასაქმეს.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, “ნაციონალური მოძრაობის” წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარის, მამუკა საღარეიშვილის განცხადება არის სიმართლე.

 

ირმა ბახუტაშვილი

factcheck.g

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 27413
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია