დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მერიაში სამი სამსახური გაუქმდა
2009/10/05 12:26:47

ქუთაისის მერიაში სტრუქტურული რეორგანიზაციის პირველი ეტაპი სამი სამსახურის გაუქმებით დასრულდა. ინფრასტრუქტურის სამსახური გაუქმდა და ნაწილობრივ შეუერთდა კეთილმოწყობის სამსახურს. ასევე გაუქმდა იურიდიული სამსახური და ის, როგორც განყოფილება, მერიის აპარატს დაექვემდებარება. ამ დროისათვის უკვე გაუქმებულია კონტროლის საქალაქო სამსახური და ისიც, განყოფილების სახით, მერიის აპარატში შევიდა.

რაც შეეხება საგარეო ურთიერთობათა განყოფილებას, ის ეკონომიკურ სამსახურში შედიოდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ მერიის აპარატში გაერთიანდა. 

 

მორიგი რეორგანიზაციის შემდეგ მაინც უნდა გაერკვიონ მერიის თანამშრომლები საკუთარ ბუნდოვან ფუნქციებში.

დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კი მერიაში ისე მუშაობენ, რომ მათ შრომისნაყოფიერებას არავინ არკვევს, არც მისვლა-მოსვლის გრაფიკს. საქმის წარმოების გასაკონტროლებლად ცალკე სტრუქტურა - კონტროლის სამსახური ფუნქციონირებდა, თუმცა გაურკვეველია, რისი გაკონტროლება უწევდათ მათ, როცა თანამშრომლების მოვალეობები და სამუშაოთა აღწერებიც კი არ არის გარკვეული. რეორგანიზაციის შემდეგ თანამშრომლების მუშაობას უკვე კონკრეტული სამსახურის უფროსები გააკონტროლებენ.

რეორგანიზაციის შედეგად ქუთაისის მერიაში 17 სამსახურის ნაცვლად 14 სამსახური დარჩა: მერიის აპარატი, ადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, არქიტექტურის სამსახური, ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, დასუფთავების სამსახური, ეკონომიკური განვითარების სამსახური, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის და განათლების სამსახური, საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახური, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სამხედრო საქალაქო სამსახური, საფინანსო სამსახური, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა საქალაქო სამსახური.

ჯერჯერობით, რეორგანიზაცია არ შეხებია ქუთაისის მერიის ტერიტორიულ ორგანოებს, ის ისევ თორმეტი ერთეული რჩება. ქუთაისის მერიის სტრუქტურა საკრებულომ უკვე დაამტკიცა. რეორგანიზაციაზე მუშაობა მერის 2009 წლის 8 მაისის ბრძანებით დაიწყო და სამუშაო ჯგუფი ასეთი შემადგენლობით ჩამოყალიბდა: თენგიზ თოფურიძე - მერიის აპარატის უფროსი, თამაზ გიორგაძე, ხვიჩა დოღონაძე, ეთერ გვენეტაძე.

მერიის აპარატის უფროსი თენგიზ თოფურიძე გვიხსნის, რომ რეორგანიზაცია სამსაფეხურიანია. მეორე ეტაპზე ცალკეული სამსახურების სტრუქტურა ჩამოყალიბდება, მაგალითად - როგორი უნდა იყოს კონკრეტული სამსახური, რა კვალიფიკაციის და პროფესიის ადამიანებმა უნდა იმუშაონ ამ სამსახურებში, მესამე ეტაპზე მერიის საორგანიზაციო დოკუმენტები (საქმის წარმოება, შინაგან წესები) დაიხვეწება.

„თანამშრომლების გათავისუფლებასა და ერთი სამსახურიდან მეორეში გადანაცვლებაზე, რა თქმა უნდა, ნაფიქრია. მალე განისაზღვრება, რომელი თანმშრომლის მუშაობა სად სჯობია. უნდა ვაღიაროთ, რომ არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ტექნიკური მიმართულების სამსახურებში ჰუმანიტარები მუშაობენ, აქამდე მერიაში თანამშრომლების წახალისების ან დასჯის მექანიზმები არ არსებობდა“.

ამ დროისათვის ქუთაისის მერიაში 480 თანამშრომელია. ჯერ მერიის რეორგანიზაციაზე მომუშავე ჯგუფმა უნდა გაარკვიოს, რა სამუშაოა შესასრულებელი და მერე განსაზღვრავენ, 480 კაცი საამისოდ ცოტაა თუ ბევრი.

ანუ 480 თანამშრომლის შემცირების მოლოდინი გრძელდება... მანამდე კი კონკრეტული სამსახურების ფუნქციები უფრო გასაგები ხდება. მერიის აპარატის უფროსის განმარტებით, ტრანსპორტის სამსახურის ფუნქციები გაიზარდა, ის ახლა არამარტო სანებართვო მოწმობებს გასცემს, არამედ - გააკონტროლებს კიდეც. მას დაექვემდებარა ტრანსპორტის მოსაკრებელი. ამ სამსახურმა ტრანსპორტთან დაკავშირებით ყველა საკითხი უნდა მოიცვას.

ქრონიკული და აქამდე უშედეგო რეორგანიზაციების შემდეგ რესპუბლიკურ პარტიას მორიგი რეორგანიზაციისადმი უნდობლობა ჩამოუყალიბდა. საკრებულოს წევრი ვლადიმერ ნაკაშიძე თვლის, რომ სამსახურის სახელწოდების ან დაქვემდებარების შეცვლით ჯამური შედეგი არ იცვლება:

„თანამშრომელი 6 საათზე ადრე წავა თუ არა სამსახურიდან, რა, ამის გასაკონტროლებლად მაინცდამაინც ვიდეო-კონტროლის 10000 ლარიანი აპარატურაა საჭირო? სამსახურის უფროსი თანამშრომლების განრიგს ვერ უნდა აკონტროლებდეს? ან რომელიმე საიტის, თუნდაც odnokllasniki.ru-ს დაბლოკვაა  საჭირო,  რომ  შრომისნაყოფიერებამ  მოიმატოს?  დაუსრულებელი ექსპერიმენტები მენეჯმენტს სულაც არ გააუმჯობესებს,“ - თვლის ვლადიმერ ნაკაშიძე.

რეორგანიზაციის საბოლოოდ დასრულებას 2-3 თვეში ელიან და პოლიტიკურ პროცესებთან თანხვედრილადაც თვლიან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1701
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია