დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი მარგველაშვილი ვანო მერაბიშვილის შეწყალებას არ აპირებს
2016/06/28 09:40:43

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს შეიწყალოს რამდენიმე საქმეზე მსჯავრდებული ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომლის წინასწარი პატიმრობის საქმეზეც სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 14 ივნისს მიიღო. 

 

„არაერთი განცხადება გაკეთდა ჩვენი ადმინისტრაციიდან და პასუხი არის ძალიან ნათელი - ვანო მერაბიშვილის შეწყალებას მე არ ვაპირებ“, - განაცხადა მარგველაშვილმა 27 ივნისს პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც მას ამ თემაზე კითხვა დაუსვეს.

 

ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეფასეს, როგორც მერაბიშვილის "პოლიტპატიმრად" აღიარება და ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.



მერაბიშვილი დამნაშავედ არის ცნობილი და სასჯელს რამდენიმე დამოუკიდებელ საქმეზე იხდის. 2014 წლის თებერვალში მას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა ორ დამოუკიდებელ საქმეზე, ცნო რა დამნაშავედ 2012 წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მითვისება–გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის და ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის დარღვევის თაობაზე წაყენებულ ბრალდებებში.

 

ასევე თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის პირობებში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხებოდა ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. 2014 წლის ოქტომბერში მას 3 წლით პატიმრობა შეეფარდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით.

 

პრეზიდენტი მარგველაშვილი გასულ კვირას სასჯელაღსრულების მინისტრს კახა კახიშვილს შეხვდა და მისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გარანტირებული მათი უფლებების დაცვის კუთხით, როგორც ადმინისტრაციაში განაცხადეს, „პრობლემები არ არსებობს“.

 

მანამდე, 16 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი“ უწოდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას მერაბიშვილის საქმეზე და იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისკენ მოუწოდა, ვის ქმედებებსაც სასამართლოს მიერ აღმოჩენილი დარღვევები მოყვა. 21 ივნისს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მან გამოძიება დაიწყო.

 

სტრასბურგის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ 2013 წლის მაისში მერაბიშვილის თავდაპირველი წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ოთხი თვის შემდეგ, 2013 წლის სექტემბერში მიღებულ გადაწყვეტილებას წინასწარ პატიმრობაში მისი დატოვების შესახებ გონივრული საფუძვლები აკლდა. 



სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე–18 მუხლი და განაცხადა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იქნა არა მხოლოდ იმისთვის, რომ ის სხვადასხვა დანაშაულთან დაკავშირებით „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე პასუხისგებაში მიეცათ, „არამედ პროკურატურამ ის გამოიყენა, როგორც დამატებითი შესაძლებლობა ბერკეტის მოსაპოვებლად“ იმ გამოძიებებთან მიმართებაში, რომლებიც სხვა საქმეებზე მიმდინარეობდა, მათ შორის ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.



კონვენციის მე–18 მუხლის კონტექსტი 2013 წლის დეკემბრის ინციდენტიდან გამომდინარეობს, როდესაც მერაბიშვილი, მისი განცხადებით, გვიან ღამით გამოიყვანეს საკნიდან, მაშინდელ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან  შესახვედრად, რომელიც, მერაბიშვილის თქმით,  დაშინების გზით ცდილობდა, რომ გარკვეული ინფორმაცია მოეპოვებინა კავშირის არმქონე გამოძიებებთან დაკავშირებით, მათ შორის ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო საიდუმლო ოფშორულ საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით. სასამართლომ მერაბიშვილის ეს მონათხრობი სანდოდ და უტყუარად მიიჩნია. 

 

წყარო: http://www.civil.ge/geo/article.php?id=30427

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2980
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია