საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დავით უსუფაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა
2016/06/08 20:00:08

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტი, ქვეყნის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან, ნორბერტ ლამერტთან შეხვედრით დაიწყო.  


შეხვედრისას, ბუნდესტაგის პრეზიდენტმა საქართველოში სტუმრობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ვიზიტისას მიღწეული შეთანხმება ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის კავშირების გაძლიერების შესახებ, წარმატებით სრულდება და დღეს საქართველოს პარლამენტი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგი  ყველა დონეზე აქტიურად თანამშრომლობენ.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დელეგაცია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას კონკრეტული გზავნილით ეწვია - რომ საქართველო მზად არის, მაქსიმუმი გააკეთოს, რათა სასარგებლო პარტნიორი იყოს გერმანიისთვის.


დავით უსუფაშვილის განცხადებით გერმანიის განსაკუთრებული წვლილი ყველა სფეროში შეიმჩნევა, მათ შორის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ასევე ეკონომიკური და განათლების მიმართულებით. როგორც  პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა,  ქართველმა ერმა იცის, რომ სხვადასხვა კონკრეტულ შემთხვევაში, გერმანია მაქსიმუმს აკეთებს მისი ქვეყნისთვის და ამ ყველაფერს ძალიან აფასებს.


საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. ვიზალიბერალიზაციაზე საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება ზედმიწევნით შეასრულა. 


„პატარა, მაგრამ მზარდი საქართველო არის და იქნება დიდი და ძლიერი გერმანიის ღირსეული პარტნიორი“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სადაც მხარეებმა განხილულ საკითხებზე ისაუბრეს და  ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.


„ჩვენ გავაგრძელეთ იმ თემებზე საუბარი, რომელზეც ვისაუბრეთ ჩემი ვიზიტისას გასულ წელს საქართველოში და მაშინაც და ახლაც, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს და გერმანიას ძალიან მჭიდრო პოლიტიკური და არა მარტო პოლიტიკური, პირადი, მეგობრული კავშირიც აქვთ, რაც საშუალებას გვაძლევს საკმაოდ რთული საკითხები საკმაოდ ღიად და კონსტრუქციულად განვიხილოთ და ვიპოვოთ ერთობლივი გადაწყვეტილება“,- აღნიშნა ბუნდესტაგის პრეზიდენტმა.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნორბერტ ლამერტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, უფრო მეტად დარწმუნდა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოსთვის მალე და დადებითად გადაწყდება. „შეხვედრის შემდეგ ვარ გაცილებით უფრო დარწმუნებული და ოპტიმისტური იმაში, რომ ყველა საკითხი გადაწყდება ისე, როგორც საქართველოს და ქართველ ხალხს გაუხარდება და რომ ეს ყველაფერი იქნება ისე გაკეთებული, რომ არანაირი კითხვა არ დარჩეს არც გერმანიაში, არც რომელიმე სხვა ქვეყანაში. ამისთვის ჩვენ ვმუშაობთ უწყვეტ რეჟიმში, პარლამენტის წარმომადგენლები, მთავრობის წარმომადგენლები და მე დარწმუნებული ვარ, რომ პროცესი მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე.

 

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ვართ მეგობრებთან, პარტნიორებთან, ამიტომ ყველა საკითხი განვიხილეთ ღიად და კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ის ვალდებულება, რაც მას ჰქონდა შესასრულებელი, თუმცა, არის საკითხები, რომელიც გადასაწყვეტია ევროკავშირის დონეზე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხებიც ძალიან მალე გადაწყდება. პატარა, მაგრამ მზარდი საქართველო არის და იქნება დიდი და ძლიერი გერმანიის ღირსეული პარტნიორი“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


ჟურნალისტის კითხვის პასუხად, როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდსტაგის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გერმანიის დეკლარირებული პოზიციაა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა გადაწყდეს. ნორბერტ ლამერტმა აღნიშნა, რომ 10 ივნისს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ და იმედი გამოთქვა, რომ მსჯელობის შედეგად, ნაპოვნი იქნება კონკრეტული მექანიზმები ვიზალიბერალიზაციის განხორციელების პირობების შესახებ.


„ჩვენ გვაქვს დეკლარირებული ინტერესი იმისა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ შეასრულა თავისი ვალდებულება და ეს ჩვენი პოზიციაც არის, რომ საქართველოს უკვე შესრულებული აქვს თავისი ვალდებულებები, უნდა ვიპოვოთ ისეთი გადაწყვეტილება არჩევნებამდე, ანუ საქართველოში არჩევნები არ ჩატარდეს ისეთ პირობებში, რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ ღიად იყოს დარჩენილი. ევროკავშირის შიგნით არსებული პრობლემები საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე.  მაგრამ აქაც მინდა ხაზი გავუსვა, რომ გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციის შესახებ უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ ვიდრე კონკრეტული თარიღი, როდესაც ეს გადაწყვეტილება შევა ძალაში.

 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვჭირდება ევროპული გადაწყვეტილება, რომელიც  უფრო ეხება სხვა ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციას და როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ისეთი მექანიზმი, რომელიც სხვებისთვისაც, მომავალში იქნება გამოსაყენებელი. პარასკევს იქნება ბრიუსელში შინაგან საქმეთა მინისტრები შეხვედრა და  გვაქვს დეკლარირებული მოლოდინი იმისა, რომ ამ შეხვედრაზე იქნება ნაპოვნი კონკრეტული მექანიზმები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გვექნება პრინციპული გადაწყვეტილება, მას შემდეგ, რაც საქართველომ უკვე შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, ჩვენ გვექნება უკვე ჩარჩო-პირობები იმისა, თუ რა პირობებში და როგორ უნდა განხორციელდეს ვიზალიბერალიზაცია“,- განაცხადა ნორბერტ ლამერტმა.


ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც განაცხადა, რომ არც საქართველო და არც გერმანია იზოლირებულად არ მოქმედებენ. როგორც დავით უსუფაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველომ ყველა ვალდებულება ზედმიწევნით შეასრულა და ახლა ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების ჯერი ევროკავშირზეა.  


„საქართველოში მიმდინარე არცერთი მოვლენა და პროცესი არ არის მაგიდაზე განსახილველი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. პირიქით, როგორც მოისმინეთ ბატონი თავმჯდომარისგან, საქართველოს შიდა პროცესები, ანუ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები, პირიქით, ეს ჩვენს პარტნიორებს მიანიშნებს იმაზე, რომ უფრო სწრაფად მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა უფრო დაგვიანებით. ანუ უშუალოდ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ჩვენს პარტნიორებს, პირიქით, იქით მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად იქნეს მიღებული. მეორე-ვიზალიბერალიზაციის საკითხში არათუ საქართველო და გერმანია და არამედ საქართველო და ევროკავშირიც არ ვმოქმედებთ იზოლირებულად სხვა პროცესებისგან და სხვა მოვლენებისგან.

 

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი, ვიზასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები სხვა ქვეყანებთან, მიგრაციის საკითხები, სხვა თემები, რომელიც ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ ქართველებმა, თუ გვინდა, გავხდეთ ოდესმე ევროპის სრულფასოვანი წევრი, უნდა ვისწავლოთ არა მხოლოდ ევროპული სიკეთეების გათავისება, არამედ ევროპული პრობლემების გადაწყვეტაში ჩვენი წვლილის შეტანაც. ამიტომ, ჩვენ ყურადღებით ვისმენთ ჩვენი პარტნიორების მოსაზრებებს იმ ნიუანსებთან დაკავშირებით, რომელიც იხილება სხვადასხვა დონეზე და ვართ ძალიან  ოპტიმისტური, რომ კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება იქნება მალე და იქნება დადებითი. ამასთანავე, ჩვენ ყველა თავს ვიკავებთ რაიმე კონკრეტული თარიღების დასახელებისგან, თუმცა განწყობა მოისმინეთ სრულიად მკაფიო, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ყველას გვინდა და ყველას ინტერესია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2542
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია