დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვერეს ხეობა ერთი წლის შემდეგ - თბილისის მერმა ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა
2016/06/08 19:41:37

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მდინარე ვერეს ხეობაში ერთწლიანი სამუშაოების შედეგები შეაჯამა. მერთან ერთად იმყოფებოდნენ ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი, ვაკისა და საბურთალოს რაიონების გამგებლები და თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი.


2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად მხოლოდ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარი დაიხარჯა.


სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ ავტომაგისტრალს (ჭ.ამირეჯიბის გზატკეცილი), აშენდა ახალი ხიდი, ნაპირდამცავი კედელი, აღდგა 6 გვირაბი, პანდუსებზე ასასვლელი და ჩამოსასვლელი გზების ასფალტის საფარი, განათების სისტემა, მოეწყო ახალი თვალამრიდები და გაბიონის ტიპის ნაგებობები, წყალამრიდი სისტემები და ცხაურები. გმირთა მოედანზე განახლდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ასფალტის საფარი, კუნძულები და მდ. მტკვრის მოაჯირები.


„სტიქიის შემდეგ ინტენსიურად მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები და დასრულდა ტერიტორიის გაწმენდა-დასუფთავება. ჩვენ სწრაფად დავიწყეთ ინფრასტრუქტურის აღდგენა. ყველაზე უმთავრესი, რაც გავაკეთეთ, იყო დაზიანებული გზის სხვადასხვა მონაკვეთების აღდგენა, იქ, სადაც ყველაზე დიდი იყო წყლის დარტყმა.

გზა და გვირაბი მთლიანად განადგურდა. გავაკეთეთ სახიდე გადასასვლელი, რომელიც არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ყველა გვირაბის სათავისი კეთილმოეწყო, რათა მათი მდგრადობა და უსაფთხოება გაუმჯობესებულიყო. სვანიძის ქუჩაზე დაიგო გზის საფარი, გაკეთდა სანიაღვრე სისტემა, მოწესრიგდა გმირთა მოედანი, ზოოპარკის უკანა ნაწილი, სადაც ასევე მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული და განადგურებული ინფრასტრუქტურა. ასე რომ, დღეის მდგომარეობით, ყველა სამუშაო არის დასრულებული, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ დამატებით განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტებს. შეიძლება, დღევანდელ დღეს ვუწოდოთ წყალგამყოფი დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და მეორეს მხრივ, სამომავლო განვითარებას შორის.

ჩვენ უკვე გვაქვს მზა კონცეფცია მზიურის და მიმდებარე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით. კეთდება კონკრეტული პროექტი მზიურის ტერიტორიის გამწვანებისა და მისი შემდგომი განაშენიანებისა, რომლის საფუძველზეც დაიწყება მზიურის განვითარება და მზიური იქცევა თანამედროვე, ძალიან გამწვანებულ და ლამაზ პარკად. ასევე მოხდება მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირება, რომელიც ერთის მხრივ, ადიდების შემთხვევაში მდინარის გადმოსვლას ხელს შეუშლის და მეორეს მხრივ, დაიცავს გარშემო ტერიტორიებს. ეს ორი პროექტი არის ის პროექტები, რომელსაც ჩვენ მომავალში განვახორციელებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 


მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა სალიკვიდაციო სამუშაოები გასული წლის 14 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებული უბნების გაწმენდა-გასუფთავების და შემოტანილი მასის (გრუნტი, ლამი, მერქანი) გატანით დაიწყო, რაც დედაქალაქის ბიუჯეტს ერთ მილიონ ლარამდე დაუჯდა. დაზიანებული შენობების დემონტაჟი, მათი გატანა და ლანდშაფტის მოწესრიგება, ახალი სანიაღვრე ქსელისა და წყალამრიდი ნაგებობების მოწყობა სტიქიის ზონაში - სვანიძის ქუჩაზე და მზიურის ტერიტორიაზე.


გასული წლის ივნისში დაიწყო სტიქიის შედეგად დაზიანებული სანიაღვრე კოლექტორების რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის სამუშაოები: ბაგების ელ.სადგურის ტერიტორიაზე, ძოწენიძისა და გრიშაშვილის (წყნეთი) ქუჩებზე.
ჭ.ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ (წყნეთის ქუჩის #3 -თან) აშენდა 220 მ. სიგრძის დამცავი ნაპირსამაგრი კედელი.


პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში კეთილმოწყობის სამსახურის მიერ განხორციელდა ჭ.ამირეჯიბის გზატკეცილზე მდ.ვერეს გამტარი გვირაბების აღდგენა რეკონსტრუქცია:
ვერეს ხეობაში სულ შვიდი ფოლადის გვირაბი არსებობდა. 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გვირაბები სხვადასხვა ხარისხით დაზიანდა. სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა გვირაბების სათავისების (მდინარის შესასვლელი და გამოსასვლელი) გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები. მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მეორე გვირაბის ნაცვლად (დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე) აშენდა ხიდი, რომლისთვისაც სპეციალურად დამზადდა 19 ცალი 60 ტონიანი კოჭა (ახალი ხიდის მშენებლობის ღირებულებამ 8 მლნ ლარს გადააჭარბა).


პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მდ.ვერეს ხეობაში მიმდინარე წელს აშენდება ნატანდამჭერი ცხაურები, რაც ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შემთვევაში, ვერეს ხეობას დაზიანებისგან დაიცავს.
მიმდინარეობს კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი 6 კმ-ანი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, წყნეთი-ახალდაბის გზის გაფართოების და სარეაბილიტაციო სამუშაოები, დასრულდა წყნეთის საავტომობილო გზაზე საყრდენი კედლების მშენებლობა, ასევე, წყნეთში მდებარე „მასწავლებელთა გადამზადების ცენტრთან“ დამცავი კედლის მოწყობა.


მიმდინარე წლის 13 ივნისს იხსნება ტენდერი და დაიწყება მუშაობა მდ.ვერეს კალაპოტის ფორმირებაზე - ნაპირდამცავი ჯებირების მშენებლობაზე.


თბილისის მერი სვანიძის ქუჩაზეც იმყოფებოდა, სადაც 13 ივნისის სტიქიით მეორე კატეგორიის დაზარალებულთათვის სახლების აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაზარალებულთა მეორე კატეგორიას 19 ოჯახი მიეკუთვნება. დასრულებულია 6 სახლის კეთილმოწყობა, ამ დროისთვის 6 სახლს აღდგენა-რეაბილიტაცია უტარდება. 4 ოჯახთან დაკავშირებით ხარჯთაღრიცხვის პროცესი გრძელდება, რომლის დასრულების შემდეგაც სახლების რეაბილიტაცია დაიწყება. 1 ოჯახთან დაკავშირებით ქონების ლეგალიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2736
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია