დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ალექსანდრე ჯეჯელავა: "მე ხომ განმანათლებელი ვარ?! ჩემი ამოცანაა, სხვების ცხოვრება შევცვალო"
2016/06/05 17:56:00

ორი დღეა, საქართველოს ახალი განათლების და მეცნიერების მინისტრი ყავს, ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა. 

მისი პიროვნების გასაცნობად ჩვენ გთავაზობთ, წაიკითხოთ ჟურნალ "ინდიგო"-ში ახლახანს გამოქვეყნებული ინტერვიუ, რომელშიც ბატონი ალექსანდრე ბევრ საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს ახალგაზრდების განათლების საკითხებთან დაკავშირებით. ის საკუთარ ცხოვრებაზე, წარმატებებზე, შეცდომებზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. 

 


"- სანდრო, როგორ ფიქრობ, ამ მომენტში რა არის ყველაზე აუცილებელი შენთვის პერსონალური და პროფესიული წარმატებისთვის?

-მე რომ ოქროს თევზი შემხვდეს, ვეტყოდი: შემომიფარგლე თბილისიდან 1000-კილომეტრიანი რადიუსი და ისე გააკეთე, რომ ამ ტერიტორიაზე ყველა მიცნობდეს – ეს პირველი; მეორე – არ მოვკვდე კიდევ 30 წელი; და მესამე – ფუნდამენტური ცოდნა მჭირდება! აი, ამ სამს ვეტყოდი და დამთავრდებოდა ჩემი შრომა და დაიწყებოდა მოღვაწეობა.



-რატომ მაინცდამაინც 1000-კილომეტრიანი ცნობადობა, რაში გჭირდება?

-რომ დამიჯერონ. მე ხომ განმანათლებელი ვარ?! ჩემი ამოცანაა, სხვების ცხოვრება შევცვალო. სხვების ცხოვრება რომ შეცვალო, უნდა იყო ცოცხალი, მაგარ რამეებს ლაპარაკობდე და გიჯერებდნენ! ცნობადობა სანთლის მაღლა დადგმის მცდელობაა. ანთებულ სანთელს მაგიდის ქვეშ არავინ დგამს, სანთელი რაც შეიძლება მაღლა უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გაუნათოს. მე რომ არავინ მიცნობდეს, დამიჯერებდა 10 კაცი, თუ ჩემს მეგობრებს, მეზობლებს და თანამშრომლებს დავუმატებთ – 100-ზე ავდივარ, მერე 1000-ზე და ა.შ. ახლა, ალბათ მიცნობს 10 ათასი ან 100 ათასი საქართველოში და მინდა 10 მილიონი. რატომაც არა?! აი, მომავალ წელს, მაგალითად, სტენფორდში ვაპირებ დოქტორანტურაში ჩაბარებას. 



-და რისი გაკეთება მოგიწევს სტენფორდში მოსახვედრად? 

-ყველაფრის! იმდენად მაღალი კონკურსია, რომ ერთადერთი შანსია, თუ რომელიმე იქაური მაგარი პროფესორი იტყვის: ეს კაცი მე მინდა დოქტორანტად. ამიტომ ახლა „ნეტვორკინგის“ ამოცანას ვჭრი, ვფიქრობ, როგორ მივაგნო საჭირო ტიპებს, იმ პროფესორებზე რომ გამიყვანენ, რომლებიც მე მაინტერესებს, რომ ჩავიდე და მოვხიბლო ეს ადამიანები.



-ამ ეტაპზეც მაინც გჭირდება სწავლის გაგრძელება?

-ბევრ ამოცანას, რომლის მიღწევაც მინდა, სჭირდება საერთაშორისო ავტორიტეტი. ჩემი ავტორიტეტი, ჯერჯერობით, მხოლოდ ქართულია. საერთაშორისო ავტორიტეტს 5 წელიწადში კავშირებით ვერ მოიპოვებ და, საერთო ჯამში, ეს 5 წელიწადიც არ გეხარჯება, თუ სტენფორდის დოქტორანტი ხდები. რა წამსაც ეს მოხდება, იმ წამს შეიძლება დააკაკუნო, მაგალითად, არაბული კომპანიის კარზე. ეს ერთი; და მეორე – მიმაჩნია, რომ სიღრმისეული ცოდნა არა მაქვს, რაღაც წიგნები რომ წამიკითხავს, ეგ არ ითვლება. ორგანიზაციული ქცევა მაინტერესებს: მოტივაცია, ზრდა, გუნდურობა, კულტურა, კონკურენცია ანუ ფსიქოლოგიისა და ბიზნესის გადაკვეთა. კონკრეტულად სტენფორდი კი იმიტომ მინდა, რომ მგონია, აქაურობას თუ გინდა დაეხმარო, ინოვაციების და ტექნოლოგიების კუთხით, „სილიკონის ველზე“ უნდა მოხვდე.



-საკმაოდ რთულად მისაღწევი მიზანი სრულიად რეალისტურად მიგაჩნია, რა არის ის, რაც თვითრწმენას გაძლევს? 

-ეს არის ჩემი დანიშნულების ძალიან ცხადი გააზრება. მე რომ განმანათლებლობა მინდოდა, პროფესორობა და ლექტორობა რომ მინდოდა და სულაც არ მინდოდა ბიზნესი და დირექტორობა – ეს ვიცოდი, ოღონდ ცხოვრება აირია და ამ არეული ცხოვრების რიტმში გავუყევი სხვა გზას, ფულის დინებას, სტატუსის დინებას, ოჯახის შექმნის დინებას.



შეიძლება ითქვას, რომ 20 წელი სხვისი ცხოვრებით ვიცხოვრე, ვაკეთებდი იმას, რასაც ჩემგან მოელოდნენ და არა იმას, რაც მინდოდა. ჰოდა, აი, ამ იდეასთან დაბრუნების პროცესში ვარ. ახლა რომ ვიყო 28 წლის, ვიფიქრებდი, რომ ძალიან ბევრი დრო მაქვს ამის გასაკეთებლად, არადა, 5 წელიწადში რომ დავბრუნდები, 48 წლის ვიქნები და ახლა ვითვლი, რამდენი პროდუქტიული წელი დამრჩა კიდევ, მაინტერესებს, ჯანმრთელობას რომ არ ვუვლიდი, ამ პირობებში რას მოვასწრებ.


იცი, როგორ არის, 40-დან 50 წლამდე თუ არ მოკვდი, მერე გაქვს 80-პროცენტიანი შანსი, რომ 80-ს მიუკაკუნო. ახლა 50-მდე უნდა მივაღწიო – ეს არის ამოცანა... მაგრამ ფუნდამენტური დასაყრდენი, მაინც ღმერთის რწმენაა. ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება – კარგიც და ცუდიც – დაკავშირებულია ღვთის ნებასთან, აი, ასე. პირდაპირ. მე რომ ღმერთის არ მჯეროდეს, ვერ ვხვდები, როგორ გავუმკლავდებოდი რთულ გამოწვევებს. თუ ისეთ რამეს აკეთებ, რაშიც ღმერთის ხელშეწყობა გაქვს, მაშინ საშიში აღარაფერია – თუ ღმერთი შენკენაა, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, შენ წინააღმდეგ ვინ იქნება?!



-კონკრეტულად მართლმადიდებლობაა შენთვის ღირებული?

-იცი, ასე ვიტყოდი: სწორედაც რომ მართლმადიდებლობაა ღირებული, მაგრამ ეს შეიძლება მარკეტინგის შედეგი იყოს. შეიძლება, სხვა ბაზარს დაქვემდებარებული რომ ვყოფილიყავი, მაგალითად, მეცხოვრა იტალიაში, კათოლიკეც ვყოფილიყავი. იცი რა, სახარებაში ყოველ მეორე სტრიქონში წერია – შენს თავს მიხედე, შენს თავს უშველე! ჰოდა, რატომ უნდა გამოვიძიო, ვინ არის მართალი და ვინ არა? იყო დრო, უეკლესიო მორწმუნეც ვიყავი, ახლა მამა ლევანთან დავდივარ და ასე მირჩევნია, მაგრამ ისეც არ ვიყავი ცუდად: ღმერთის მჯეროდა, პატიოსნების, მოკლედ, ბევრი კარგი რამის მჯეროდა და მჯერა.



-ამბობ, რომ საერთაშორისო ავტორიტეტი და გავლენა გჭირდება. რისთვის, რა არის ამ ეტაპზე შენი მამოძრავებელი ამოცანები? 

-პირველი – დარწმუნებული ვარ, ისეთი დრო დადგა, როდესაც ქართველს ყველაზე მაღალი შესაძლებლობები აქვს მსოფლიო მასშტაბით. ძალის ეკონომიკა შემცირდა, ტვინის ეკონომიკა გაიზარდა, ნავთობი გაიაფდა, ტვინი გაძვირდა. ამიტომ მგონია, რომ ახლა ნიჭიერ ტიპებს საწვავი რომ ჩაუსხა, შესაძლებელი იქნება გლობალური სიკეთეები გავიდეს ამ ქვეყნიდან ჯართის ნაცვლად.



მეორე – ტექნოლოგიები, დღეს ისეთი რამეები ხდება შესაძლებელი, როგორიც წინათ წარმოუდგენელი იყო. მაგალითად, შეგვიძლია კომაროვის შაბათის სკოლა საერთაშორისო პროდუქტი გავხადოთ და არაბ ბავშვებს მათემატიკა ვასწავლოთ.



მესამე – მილენიალები, ანუ ახალი თაობა. ეს მილენიალები სასწაული ხალხია, ესენი არიან, ვინც ქმნიან ფეისბუკებს და ვირტუალურ რეალობებს. მოკლედ, ნამდვილი გენიოსები. ჩვენთან ეს არის ყველაზე მცირერიცხოვანი თაობა ბოლო 50 წელიწადში, 90-იანებში რომ აირია ქვეყანა, შობადობა შემცირდა და დემოგრაფიული ორმო გაჩნდა. 600 ათასი ადამიანი გვაკლია 5-25 წლის ასაკის შუალედში. და, თუკი ესენი არიან ჩვენი იმედი და ეს იმედი არის რაოდენობრივად ცოტა, მაშინ მათ ძალიან მაგარი ხელშეწყობა სჭირდებათ. მე, სხვა რამეებთან ერთად, ხელშეწყობაში ვგულისხმობ ეთნიკური ქართველების, ან თუნდაც არაქართველების, მოზიდვას შედარებით ღარიბი ქვეყნებიდან.



მოკლედ, დავით აღმაშენებელმა რაც გააკეთა, მსგავსი რამე გვაქვს გასაკეთებელი – მაშინ მას მებრძოლები სჭირდებოდა, ახლა ჩვენ გვინდა ინტელექტუალური ლაშქარი. ისეთი ღრმა რწმენა მაქვს ამ ტიპების, რომ მგონია, მათ თუ გახსნაში დავეხმარებით, სასწაულებს ჩაიდენენ.
მეოთხე – სასაკოლო განათლება, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას და მგონია, რომ თუ განათლების სისტემის ცვლილება არ მოხდა, დაიღუპებიან, გაუბედურდებიან ეს მილენიალები. უნდა შევქმნათ სასკოლო განათლების ალტერნატივები.



მეხუთე – სოციალურ იდეაზე დაფუძნებული ბიზნესის პოპულარობის გაზრდა. ფეისბუკი, ამაზონი, სხვები, ვისაც უნდათ მსოფლიოს შეცვლა, ამბობენ: დღეს ფულის კეთება არ შეიძლება იყოს მთავარი მიზანი, თუ ჩვენ ხალხს უკეთეს ცხოვრებას მოვუტანთ, ფული გაკეთდება და მეც გულწრფელად მჯერა ამ იდეის. ამის პროდუქტია მართვის აკადემიაც. 



დაბოლოს, ჩემი მეექვსე მამოძრავებელი იდეა. რაღაც პერიოდია, ვფიქრობ, რა კონკურენტული უპირატესობა აქვთ ქართველებს, რაღაც ხომ უნდა ჰქონდეთ განსხვავებული? ჰოდა, ჩემი აზრით, ქართველები განსაკუთრებული მეწარმეები, ანტრეპრენიორები არიან. როდესაც მტკიცებულებებს ვეძებ, ვხედავ, რომ ყველანი, ვინც საქართველოს გარეთ წარმატებულები გახდნენ, ანტრეპრენიორები იყვნენ. ანუ აუცილებელი პირობა მაქვს – იმისათვის რომ ანტრეპრენიორი გახდეს, ქართველს ძალიან მრავალფეროვან გარემოსთან უნდა ჰქონდეს შეხება. მის წინ რუსები, ამერიკელები და იაპონელები უნდა დადიოდნენ ბლომად. იმ დღეს ვფიქრობდი, 17 მაისის ცნობილ ფოტოზე ორი ტიპი რომ არის გამოსახული, ძალიან მრავალფეროვან გარემოში რომ ჩამასმევინა, მგონია, რომ ცოტას „წაუგრუზინებდა“, ცოტა ხანში კი იტყოდა: „რა კაი პონტია კაცო, აქ შეიძლება მეც რაღაც სასარგებლო მოვაკვარახჭინო!“ და ტოლერანტი გახდებოდა, მაგრამ თავისიანებში რომ დამებრუნებინა, ისევ დაიბოღმებოდა.

 

-შენ განათლების სისტემის ალტერნატივებს ეძებ, რას გულისხმობს ამაში? 

-ვფიქრობ, რომ სკოლის პარალელურად გვჭირდება რაც შეიძლება ბევრი სივრცე, სადაც ბავშვებს მივცემთ ინტერნეტს, ტექნოლოგიებს და მენტორებს. ეს ბავშვები ამ სივრცეებში თვითონ ისწავლიან. შენ ეუბნები: გამარჯობა ბავშვებო, ჩვენ გვაქვს პრობლემა – ვაკის პარკი ძალიან დანაგვიანებულია და უნდა გავასუფთაოთ. მოკვლევა, გეგმა და მერიისთვის წინადადების შეთავაზება – მათი ამოცანა იქნება. ხვალ მოდიან იგივე ბავშვები და ვაძლევთ ახალ დავალებას: რიგებია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ანუ დიდების პრობლემებია, აქვთ საშუალებები და გენიალური თავები აბიათ, ჰოდა, უნდა გადაჭრან! მგონია, რომ ასეთი „თვითსწავლის“ სივრცეები ჩვენს ბავშვებს მისცემს იმას, რასაც ვერ აძლევს განათლების სისტემა.

 

-თავად როგორ ზრდი შვილებს?

სრულად წაიკითხეთ ამ ლინკზე http://indigo.com.ge/articles/people/mcvrtnelis-misia

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5496
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია