დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტის სამი შენიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ სადავო კანონპროექტზე
2016/06/01 21:22:36

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ სადავო კანონპროექტი პარლამენტს უკან სამი შენიშვნით დაუბრუნა და ერთ-ერთის თანახმად, გადაწყვეტილების მიღების მაღალი კვორუმი „სპეციფიურ და მნიშვნელოვან“ საკითხებზე კვლავ შენარჩუნებულია.


ამ შენიშვნებში ვენეციის კომისიის წინასწარ მოსაზრებებში წარმოდგენილი რეკომენდაციები ასახულია, თუმცა არა სრულად. ვენეციის კომისია საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების 6 ხმამდე აწეული კვორუმის კვლავ დაწევისკენ მოუწოდებდა იმ მოტივით, რომ მოსამართლეთა უმცირესობას გადაწყვეტილების დაბლოკვის შესაძლებლობა არ მისცემოდა.

 

თუმცა ეს რეკომენდაცია პრეზიდენტის შენიშვნებში ნაწილობრივ არის გათვალისწინებული, რომლის თანახმადაც, რიგი საკითხების გადაწყვეტისას კვორუმი დაწეულია, ხოლო ოთხი ტიპის დავასთან მიმართებაში კვლავ მაღალი რჩება.

 

პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ვარიანტის მიხედვით, 9-წევრიანი პლენუმის სხდომას 7 წევრი მაინც უნდა ესწრებოდეს, რათა მან სულ ცოტა 6 ხმით მხარი დაუჭიროს ისეთი საკითხების გადაწყვეტას, როგორიცაა არჩევნებისა და რეფერენდუმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული დავა; ორგანული კანონების შესაბამისობა კონსტიტუციასთან; პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრის, გენერალური აუდიტორისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის იმპიჩმენტი; და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკითხები.   საქართველოში სულ 17 ორგანული კანონი მოქმედებს, რომელთა შორისაა ასევე კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ.

 

სხვა დანარჩენ საკითხებზე, პრეზიდენტის შენიშვნების თანახმად, პლენუმი გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 5 ხმით იღებს იმ პირობით, რომ სხდომას სულ ცოტა 6 წევრი მაინც უნდა ესწრებოდეს. მოქმედი კანონმდებლობით პლენუმს სულ ცოტა 6 წევრი უნდა ესწრებოდეს, რათა უფლებამოსილი იყოს, რომ გადაწყვეტილება დამსწრეთა ნახევარზე მეტით მიიღოს. 

 

სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ შედარებით დაბალი კვორუმით პლენუმის მიერ გადასაწყვეტ საკითხებს შორისაა კონსტიტუციური შეთანხმებების, არაორგანული კანონების, ნორმატიული აქტების; ასევე  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კონსტიტუციური კანონის, საერთაშორისო ხელშეკრულებათა კონსტიტუციურობის საკითხები და ასევე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება მანამ, სანამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება დადგება. 



მეორე შენიშვნა, რომელიც პრეზიდენტმა წარადგინა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციას სრულად ასახავს,  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უფლებამოსილების შეზღუდვას ეხება მათი მანდატის ბოლო სამ თვეში.

 

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, თავისი 10–წლიანი მანდატის ბოლო სამი თვის განმავლობაში, მოსამართლეებს ერთმეოდათ ახალ საქმეებში მონაწილეობის მიღების უფლება, გარდა იმ საქმეებისა, რომლებიც საარჩევნო დავებს, მაღალჩინოსნების წინააღმდეგ იმპიჩმენტს ან საქმეების დასაშვებად ცნობას უკავშირდება. ეს დებულება, რომლის შესაძლო არაკონსტიტუციურობის გამოც ვენეციის კომისია დაჟინებით ურჩევდა მის ამოღებას, პრეზიდენტის წარდგენილ ვარიანტში მთლიანად ამოღებულია კანონპროექტიდან.

 

მესამე შენიშვნა უკავშირდება 4-წევრიანი კოლეგიის ერთი წევრის უფლებას, რომ საქმის პლენუმის მიერ განხილვა მოითხოვოს, თუ ის მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისგან განსხვავდება. ვენეციის კომისიამ ამგვარი უფლებით მხოლოდ ერთი მოსამართლის აღჭურვას არათანმიმდევრული უწოდა და მისი შესწორებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის შენიშვნებში მართალია ერთი მოსამართლის ეს უფლება შენარჩუნებულია, თუმცა ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად დაწეულია გადაწყვეტილების მიღების კვორუმი. კერძოდ, პლენუმი ერთი მოსამართლის მიერ გადამისამართებული საქმის განხილვაზე უარს 5 ხმით ამბობს, ნაცვლად ვეტოდადებული კანონპროექტით გათვალისწინებული 6 ხმისა.

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, რომელიც ცვლილებების ინიციატორი იყო, 1 ივნისს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა პრეზიდენტის შენიშვნებს. კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას ასევე ხმა მისცა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა რესპუბლიკელმა დეპუტატმა, რომლის ფრაქციამაც 13-14 მაისს პარლამენტში კანონპროექტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა.

 

ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა, რომლებიც საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში არიან და საკომიტეტო მოსმენას არ დასწრებიან, გააკრიტიკეს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები, როგორც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან მეტწილად შეუსაბამო და მარგველაშვილი მმართველ კოალიციასთან შესაძლო გარიგებაში დაადანაშაულეს.

 

პრეზიდენტი ანალოგიური საბაბით გააკრიტიკა ზოგიერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და შენიშვნების შინაარსს პოლიტიკურად მოტივირებული გარიგების შედეგი უწოდა. მათ კვალავაც არ გამორიცხეს ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა.

 

უარყო რა ეს კრიტიკა, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელმაც ვეტოს დადების დროს განაცხადა, რომ შენიშვნების მომზადების პროცესში ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდთან, 1 ივნისს განაცხადა, რომ მმართველ უმრავლესობასთან მოლაპარაკებებში „ამოსავალი წერილი იყო სწორედ ვენეციის კომისიის დოკუმენტი“.


    
„სიტყვა-სიტყვით ის, რაც წერია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში, გათვალისწინებულია ჩემს ვეტოში“, - განუცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში, სადაც ის საქართველოში ვიზიტად მყოფ სლოვაკ კოლეგასთან ერთად იმყოფებოდა.

 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა 31 მაისს, რომ ისეთ მოდელზე მოხდა შეთანხმება, რომელიც „სრულ თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის მოთხოვნებთან და ამავე დროს, გათვალისწინებული იქნება ჩვენი [ქართული ოცნების] შენიშვნებიც“.

 

„მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ უმრავლესობა დაეთანხმოს ვეტოში გამოთქმულ შენიშვნებს და არ იყოს საუბარი დაძლევაზე“, -დასძინა მან.

 

ვეტოს საკითხს პარლამენტი 3-4 ივნისს დანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს და როგორც ჩანს, შესაძლოა გაიზიაროს პრეზიდენტის შენიშვნები, რაც არ იქნება პირველი პრეცედენტი ამ მოწვევის პარლამენტისთვის, რომელმაც 2014 წლის ოქტომბერში ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტ მარგველაშვილის ვეტოს დაძლევაზე ერთხელ უკვე თქვა უარი.

 

wyaro: http://www.civil.ge/geo/article.php?id=30353

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3446
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია