დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჯანდაცვის სამინისტრო ტარიელ ფოცხვერიას ოჯახს ურჩევს, სასჯელის გადავადება მოითხოვონ სასამართლოს გზით
2016/05/24 12:11:05

რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ინტერნეტგამოცემამ გამოაქვეყნა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პატიმრის, ტარიელ ფოცხვერიას მეუღლის, ირინა ასათიანის ღია წერილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის მისამართით და მას ბრალი დადო, რომ შესაბამისი კომისია, რომელიც ვალდებულია, მოახდინოს ასეთი პატიმრის გათავისუფლება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, სპეციალურად არ იკრიბება, აჭიანურებს გადაწყვეტილების მიღებას და ამით რეალურადაჩქარებს მის სიკვდილს.


ჩვენ რამდენიმე დრე ვცდილობდით, რომ მიგვერო ჯანდაცვის სამინისტროს და ბატონ ზაზა სოფრომაძის კომენტარი ამ ბრალდებებტან დაკავშირებით და გაგვეგო, როდის შეიკრიბება სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისია, თუმცა ჩვენს მიერ დასმულ  კონკრეტულ შეკითხვებზე დღემდე პასუხი არ მიგვიღია.


თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა ოფიციალური განცხადების ტექსტი ტარიელ ფოცხვერიას ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც არ არის ერთობლივი კომისიის დასკვნა და  კომისიის სხდომა პატიმრის აქტირებასთან დაკავშირებით,დღემდე არ გამართულა.


აქვე  სრულად გთავაზობთ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც ოჯახს ეძლევა შეთავაზება, რომ მიმართონ სასამართლოს, სასჯელის გადავადების შესახებ და თავიანთი ხარჯებით წაიყვანონ ავადმყოფი სამკურნალოდ უცხოეთში.


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადება


"ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ყველაადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მიუხედავად იმისა, მსჯავრდებულია იგი თუ – არა.

ჯანდაცვის სამინისტრომ დეტალურად შეისწავლა ტარიელ ფოცხვერიას ავადმყოფობის ისტორია და დაადგინა, რომ პაციენტს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი ყველა საჭირო პროცედურა უტარდება საქართველოში. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული და მისი ოჯახის წევრები გადაწყვეტენ, საკუთარი ხარჯებით საზღვარგარეთ მკურნალობის გაგრძელებას, მათ შეუძლიათ,მიმართონ სასამართლოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადების თხოვნით, და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ჯანდაცვის უწყება მზადაა, ჩაერთოს სამედიცინო დაწესებულებასთან კომუნიკაციაში და ხელი შეუწყოს პაციენტის საზღვარგერთ კლინიკაში მკურნალობას“.


ჯანდაცვის სამინისტროს ამ განცხადებით, გაურკვეველი რჩება, რატომ არ იკრიბება ერთობლივი კომისია და რატომ არ დებს საბოლოო გადაწყვეტილებას პატიმრის აქტირებაზე ან პირიქით – უარყოფით დასაბუთებულ დასკვნას. სამაგიეროდ, ნამდვილად აძლიერებს ეჭვებს, რომ კომისია დამოუკიდებელი არაა და სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად მისთვის ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის...


სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადებით კვლავ უკმაყოფილოა პატიმრის ოჯახი. ტარიელ ფოცხვერიას მეუღლე, ირინა ასათიანი აცხადებს:

„ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებული განცხადება არ არის კომისიის დასკვნა. კომისია ჯერ კიდევ აჭიანურებს შეკრებას და ათასგვარ მიზეზებს იგონებს.  ჩვენ ვითხოვთ, რომ დროულად, კანონის ფარგლებში შეიკრიბოს კომისია და მოახდინონ  აქტირება, რაც ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე ეკუთვნის ტარიელ ფოცხვერიას, ან თუ უარყოფითი პასუხი ექნებათ, დაასაბუთონ. ისინი ვერ იკრიბებიან იმიტომ, რომ არ სურთ ტარიელის გათავისუფლება, უარყოფით გადაწყვეტილებას კი ვერ დაასაბუთებენ, პატიმრის უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. დათუ მაინც უარს იტყვის კომისია აქტირებაზე, ეს იქნება ადამიანის სიცოცხლის უფლების უხეში დარღვევა, რადგან როცა ცოტაოდენი შანსი მაინც არსებობს სიცოცხლის გახანგრძლივების, ეს არ უნდა წაერთვას მას ხელოვნურად შექმნილი ბარიერებით.


სწორედ ამიტომ, კიდევ დროის გაყვანის მიზნით მოიფიქრეს ეს გადავადების შემოთავაზება, რაც აბსურდია... გამოდის, რომ სიკვდილის გადავადების თხოვნით უნდა მივმართოთ სასამართლოს? რატომ, რისთვის? როცა პატიმარს ეკუთვნის აქტირება და კანონი ამას კომისიას ავალდებულებს, სასამართლო რა საჭიროა?


ან კიდევ, იმას რომ წერენ, მოვიკვლიეთ და გავარკვიეთ, რომ პატიმარს საქართველოში ყველაფერი უტარდებაო, ეს სიცრუეა. მას აქ ვერაფერი ვეღარ უტარდება, რაც მის მდგომარეობას გააუმჯობესებს. პირიქით, ამჟამად რა მეთოდსაც იყენებენ ფილტვიდან სისხლდენის შესაჩერებლად, ამით ტარიელის ორგანიზმი უფრო დაზიანდა. უბრალოდ, სხვა შესაძლებლობები აქ არ არსებობს და სხვა ვერაფერი მოიფიქრეს.


ჯანდაცვის სამინისტრო ამ წერილით ისეთ მდგომარეობაში მაყენებს, რომ არჩევანი გავაკეთო, ავყვე მაგათ თამაშს, რადგანაც კომისია, როგორც ჩანს, დასკვნის დადებას არ აპირებს და იძულებული გავხდე, რომ გადავადებაზე შევიტანო განცხადება. მაგათ კი ამით დრო მოიგონ, პასუხისმგებლობა აიცილონ და უარეს შემთხვევაში, მერე ისიც განაცხადონ, რომ კომისიამ იმიტომ არ განიხილა, ოჯახმა გადავადებაზე შეიტანა განცხადება სასამართლოშიო...


ჩვენი მოთხოვნა კვლავ ძალაში რჩება: შეიკრიბოს კომისია და გამოაცხადოს გადაწყვეტილება!"


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 14332
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია