დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მაგდა ყურაშვილის ბლოგი:"იმ წუთიდან უკვე მეც ყველა მიცნობდა - მესამე სკოლის მე-11 კლასელი გოგო, რომელიც ლევან აბაშიძეს იცნობს."
2016/05/23 13:19:50

"პირველად „ფესვებში ‘’ ვნახე და ვერ დავიჯერე , რომ ქართველი იყო ... 


მერე გავიგე ლევან აბაშიძე ყოფილა ეს უფლისწულის გარეგნობის ბიჭი. ჰოდა , ასე მოხიბლული ერთხელაც მოვდივართ სკოლიდან და აქვე არ დგას , „კინო -კომუნას“ წინ ტყავის გრძელი პიჯაკით და მაღალი ჩექმებით?! „ზვარაკს“ იღებდნენ მაშინ ქუთაისში. მივედი და ავეტუზე წინ, ჟურნალისტიკაზე ვაბარებ და ინტერვიუ უნდა ჩამოგართვათ-მეთქი. გაიღიმა მისი განუმეორებელი ღიმილით და კარგიო, ხვალ შევხვდეთო, მითხრა....


იმ წუთიდან უკვე მეც ყველა მიცნობდა - მესამე სკოლის მე-11 კლასელი გოგო, რომელიც ლევან აბაშიძეს იცნობს. 


მეორე დღეს ერთი გაკვეთილით ადრე გავიქეცი სახლში, რომ დედაჩემის ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩამეცვა და ისე შევხვედროდი ლევანს.
წულუკიძის ბაღის კიდეზე სკამები იდგა და იქ ჩამოვჯექით. 


მე და ლევან აბაშიძე ვზივართ . ვცდილობ , მშვიდად დავუსვა კითხვები . ჩემს უკან კიდევ მთელი პირველი და მესამე სკოლელი გოგონები დგანან და ყველას ჩემი შურს . ვიჯექით მთელი საათი . მიყვებოდა ამ ფილმზე და საკუთარ თავზე. 


.... რომ დაწერ, წამაკითხეო, კიდევ ერთხელ შევხვდეთო, მითხრა. 


მეორე დღეს კიდევ უფრო მაგარი რამ მოხდა: სკოლის ფანჯრიდან გადავიხედეთ და ვხედავთ, ჩვენს წინ , პუშკინის ჩიხში იღებენ ლევანს. ლამის გადავვარდით ფანჯრიდან, ამოიხედა, ხელი დამიქნია, როგორ ხარო და გამიღიმა. 


სკოლის მერე ისევ გავიქეცი, გადავირბინე თეთრი ხიდი, დედაჩემის ქუსლიანები ისევ ჩავიცვი და დათქმულ დროს მივუტანე ჩემი ინტერვიუ მესამე და პირველი სკოლის თითქმის ყველა გოგოს თანხლებით...ვიჯექით ისევ წულუკიძის ბაღში სკამზე.


შემაქო, გაიღიმა ისევ საოცარი ღიმილით. ღია ჭორფლი ჰქონდა მოკიდებული სახეზე ...


აღარ მახსოვს რა დავწერე და რა მოეწონა, მაგრამ რედაქციაში რომ მივიტანე, ზედმეტად ემოციური ეჩვენათ ჩემი ინტერვიუ. მთელი ჩემი „ბაღისკიდის“ განცდა და გულის აჩქარება ჩავატიე , ალბათ. 


გადააკეთეს და ისე დაბეჭდეს,მაგრამ ამას ვინ დაეძებდა? ლევან აბაშიძეს ვიცნობდი . მაშინ ჯერ კიდევ ლევან აბაშიძე იყო. 
2 თუ 3 წლის შემდეგ ლეგენდად იქცა. 


„ზვარაკის“ გადაღება ვერ დასრულდა....1990 წელი იყო მაშინ , ლევან აბაშიძე 27 წლის ...


22 მაისი მისი დაბადების დღეა."

 

მაგდა ყურაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3361
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია