დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზაზა სოფრომაძე არ პასუხობს ტარიელ ფოცხვერიას მეუღლის ბრალდებებს, მისი პრესმდივანი კი აცხადებს, რომ სოფრომაძე ამ კომისიის თავმჯდომარე აღარაა..
ავტორი: ნატო გუბელაძე
2016/05/17 13:36:14

გუშინ  ჩვენი ინტერნეტპორტალით გავრცელდა კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრის, ტარიელ ფოცხვერიას მეუღლის,ირინა ასათიანის, ღია წერილი ქართული საზოგადოებისა და ხელისუფლების მიმართ, სადაც ის ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთობლივ კომისიას და მის ხელმძღვანელს, ბატონ ზაზა სოფრომაძეს უმძიმეს ბრალდებებს უყენებს და კომისიის სხდომის უსასრულოდ გაჭიანურების გამო, ღიად ადანაშაულებს  თავისი მეუღლის მიზანმიმართულად სიკვდილამდე მიყვანაში.


ჩვენ დავუკავშირდით ირინა ასათიანს და მან წარმოადგინა აბსოლუტურად ყველა დოკუმენტაცია, რამდენიმე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის, თავად კომისიის მოთხოვნით ჩატარებული სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტარიელ ფოცხვერია არის კრიტიკულად მძიმე ონკოლოგიური ავადმყოფი, ინკურაბელურია  და მიეკუთვნება მძიმე ავადმყოფთა მე-4 კლინიკურ ჯგუფს.


ტარიელ ფოცხვერიას დადგენილი აქვს დიაგნოზი: ხორხის კიბო  Cr (C32) pT3N1MO III (მესამე) სტადია, IV (მეოთხე) კლინიკური ჯგუფი - ჰისტომორფოლოგიური დასკვნით დადგინდა - ხორხის დაბალდიფერენცირებული ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა (C3). ძირითადმა  დაავადებამ სამწუხაროდ განიცადა პროგრესირება, კერძოდ, მეტასტაზები არის ორივე ფილტვსა და შუასაყარში.  ექიმების მიერ  2013 წლიდან ანუ მეტასტაზური კვანძების პირველი გამოვლენიდან, უარი ითქვა ქიმიოთერაპიულ  მკურნალობაზე, ვინაიდან პაციენტს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები ,,B,, ,,C’’ ,,D’’- დელტა ჰეპატიტების სახით და ღვიძლის ფიბროზი  ფიბროსკანით F3. აქვს ღვიძლის ციროზი და მეტასტაზები ღვიძლშიც.

პირადი ექიმის ინფორმაციით,  2016 წლის 7 იანვარიდან ტარიელ  ფოცხვერიას დაეწყო  აქტიური სისხლდენა  ფილტვში არსებული მეტასტაზური კვანძიდან, ალისფერი სისხლი და სისხლის კოლტები 10მლ ოდენობით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე გახდამიუხედავად ექიმების გატარებული ღონისძიებებისა, კვლავ გრძელდება სისხლდენა, პარალელურად, მატულობს რისკი სიმსივნური პათოლოგიით პროვოცირებული თრომბოზის, რომლის პრევენცია შეუძლებელია; კონსილიუმის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი გზა, რომლითაც შესაძლებელია ამ უმძიმესი ავადმყოფის სისხლდენის დროებითი შეჩერება და დარჩენილი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება, არის ბრონქიალური არტერიის ემბიოლიზაცია, რაც საქართველოში არ კეთდება და უნდა განხორციელდეს უცხოეთის კლინიკაში.


სამედიცინო დასკვნების მიხედვით, ცხადია, რომ პატიმარი სიკვდილს ებრძვის, ხოლო კომისია, რომლის ხელმოწერაზეა მისი სიცოცხლე დამოკიდებული, მეორე თვეა, არ იკრიბება და არ ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას.


შესაბამისად, პატიმრის მეუღლე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მოხელისგან ასეთი გულგრილობა მიზანმიმართული მკვლელობის ტოლფასია და ამ ბრალდებაზე შეწინააღმდეგება თითქმის შეუძლებელია.


„დარწმუნებული ვარ ამ ჩემს ღია წერილს ისინი გულთან კი არ მიიტანენ, არამედ, კიდე შეეცდებიან რაღაც გზების გამოძებნას, რომ კომისიის სხდომის მოწვევა რამენაირად კიდევ გააჭიანურონ. თუმცა, მე გაჩერებას არ ვაპირებ და აქ და ახლა თუ ვერ მივაღწევ  ჩემი მეუღლის კანონიერი უფლებების დაცვას, მაშინ ისევ ევროპულ სასამართლოს მივმართავ და პასუხს ვაგებინებ ყველას, ვინც ტარიელის სიკვდილის დაჩქარებაში ღებულობს მონაწილობას“ - განაცხადა ირინა ასათიანმა.


თუმცა ჩვენი, ჟურნალისტების უპირველესი მოვალეობა ფაქტების გადამოწმება  და მეორე მხარესთან გასაუბრებაა. შესაბამისად ჩვენი რედაქცია ორი დღეა, ცდილობს ბატონ ზაზა სოფრომაძესთან დაკავშირებას, მაგრამ პრესსამსახურის დახმარებით ეს ვერ მოხერხდა. უფრო მეტიც, დღეს დილით პრესსამსახურის წარმომადგენელმა ტატა გამყრელიძემ ჩვენს კიდევ ერთ თხოვნაზე, რომ ბატონ ზაზასთან როგორმე კომენტარის ჩაწერაში დაგვხმარებოდა, ასეთი პასუხი გაგვცა:

-          კი, აუცილებლად ვეცდები, მაგრამ ბატონი ზაზა აღარ არის ამ კომისიის თავმჯდომარე...

-         რას ამბობთ? - კომისიის წევრები მიზეზად იმას ამბობდნენ, რომ ბატონი ზაზა ხან მივლინებაშია, ხან ქვეყნის გარეთაა და ამიტომ ვერ ვიკრიბებითო. ე.ი. ტყუილს ამბობდნენ? ეს რამდენი ხნის ამბავია და ვინაა ახლა, აბა, კომისიის თავმჯდომარე?

-         ორი სამი კვირა იქნება ალბათ. ახლა კომისიის თავმჯდომარე ნინო ბერძულია, ისეც მინისტრის მოადგილეა...

-         მაშინ აუცილებლად ნინო ბერძულთანაც უნდა შემახვედროთ....

-         ვეცდები... და ტელეფონი გაითიშა


პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას, თუ ვინაა მართლაც ამჟამად ამ მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, ამჯერად კომისიის წევრთან, ქალბატონ თამთა დემურიშვილთან შევეცადე და ტელეფონზე დავურეკე. მისი საუბარი ფირზეც ჩავიწერე. ქალბატონი თამთა აცხადებს, რომ კომისიის თავმჯდომარე ზაზა სოფრომაძეა და რომ ის ჩამოვიდა მივლინებიდან და რომ კომისია ამ კვირაში აუცილებლად შეიკრიბება.


 ე.ი. რა გამოდის, რომ კომისიის წევრმა არ იცის, მისი უფროსი ვინაა? თუ ახლა, როცა ირინა ასათიანის ღია წერილი გავრცელდა, სამინისტრომ ახალი ხრიკი მოიფიქრა პროცესიის კიდე გასაჭიანურებლად და კომისიის წევრების გადაფრთხილება ჯერ ვერ მოასწრო?


ფაქტია, რომ ირინა ასათიანის ეჭვებიც იმასთან დაკავშირებით, რომ  კომისიის შეკრების გადასავადებლად რაღაც ახალ მექანიზმს მოიფიქრებდნენ, გამართლდა. ყოველივე ამის შემდეგ, პრინციპში, უკვე სოფრომაძის კომენტარებს დიდი მნიშვნელობა აღარც კი აქვს, ფაქტი თვალნათელია, რომ ისინი კვლავ უკანონო გზებით ცდილობენ დროის გაწელვას და კომისიის სხდომის გადადებას. შესაბამისად, ვერც კი გრძნობენ, როგორ ეფლობიან თავად იმ სისხლში, რომელსაც მათი გულგრილობისა თუ სამსახურებრივი უმოქმედობის შედეგად ყოველდღიურად კარგავს სიკვდილის პირას მყოფი პატიმარი, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი.


და ერთიც, განმარტებისათვის: როცა ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლეზეა საუბარი, ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას, ცხოვრების რა გზა განვლო მან. ჰუმანური და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ყველა ადამიანის სიცოცხლე ერთნაირად მნიშვნელოვანია...


თუმცა, საქართველოს სახელმწიფოებრიობას სამწუხაროდ დღემდე ეს პრობლემა აქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლე  არ არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ღირებულება!

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15226
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია