საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„შერეკილთა ლოზუნგების ქვეყანა“ და ივდით კუხიანიძის სახალისო ნოველები
2016/05/06 11:08:07

პროფესიით ფილოლოგს, ლიტერატორს ივდით კუხიანიძეს, მართალია, ბევრი იცნობს, მაგრამ მან სოციალურ ქსელში, ფეისბუქ პოსტებით მოიპოვა უფრო მეტი პოპულარობა. მისი პირველი ნოველების კრებული სახელწოდებით “საკნატუნო ანტიდეპრესანტები” სწორედ მისგან საოცრად გადმოცემული პატარ პატარა ამბებით და მოგონებებით შეკოწიწდა. 

 

-თქვენ ისე  სახალისოდ და  ლამაზად გადმოსცემთ ამბებს სოციალურ ქსელში  მერე გამოვიდა წიგნი, რომელმაც დიდი მოწონება მოიპოვა და როგორც ვიცი “წეროს” კონკურსშიც  მოხვდა,  მოგვიყევით  როგორ იყო....


-ჩემი მთავარი გატაცება წერაა. იქიდან მოყოლებული, რაც შევისწავლე ინტერნეტი, ასე ვთქვათ, ძალიან გამიტაცა და ჩემთვის ვხალისობდი, გადმოვცემდი ამბებს ჩემებურად, ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი ამბავი დამიგროვდა, თანდათანობით მკითხველიც მომიმრავლდა, კომენტარებიდან იგრძნობოდა, რომ მე ამ ჩემი ჩანახატებით თუ ჩანაწერებით დიდ სიხარულს ვანიჭებდი  ბევრ ადამიანს, დაწყებული ახალგაზრდებიდან ასაკოვნებით დამთავრებული.

 

ამ  მიწერ-მოწერებში გავიცანი ჟურნალისტი და ასევე პროფესიით ლიტერატორი როლანდ ხოჯანაშვილი, სწორედ მისი წაქეზებით გადავწყვიტეთ წიგნად გამოგვეცა ეს ყველაფერი. მე არც მიფიქრია ამაზე, მაგრამ ეტყობა ჩემმა ე.წ.-მა “ფრენდებმა” იმდენად სხვა თვალით წაიკითხეს ეს ჩემი ნამდვილი ამბები, ოღონდ გამხატვრულებული, რომ წიგნის სახე მიიღო ბოლოს და ამბობენ, რომ ძალიან კარგი გამოვიდა. აი მაგალითად ერთი ასეთი პატარა ამბავი:

 

-ჩემს ეზოში ერთი ქალი ცხოვრობდა, მუსიკის მასწავლებელი. დედაჩემს შეუჩნდა, გინდა თუ არა, ბავშვი უნდა გიმეცადინოო. "ბავშვი", რა თქმა უნდა, მე ვიყავი . ჰოდა, მე კი დავდივარ , მაგრამ თუკი რამე ბოღმა აქვს ლილი მასს, ერთიანად ჩემზე ანთხევს - დასტაცებს ხელს იქვე მომზადებულ სახაზავს და მირტყამს ხელებზე, აკაკი წერეთლის “ჩემი თავგადასავლისა "და ქუთაისის გიმნაზიაში გამეფებული რეჟიმის არ იყოს! მეც გეგმებს ვაწყობ, როგორ გადავუხადო სამაგიერო სწავლების ამ ძერჟავული მეთოდების გამო!

 

ლილი მასს ერთი ჩვეულება ჰქონდა: რამდენჯერაც მივიდოდი, იმდენჯერ კარტოფილს იწვავდა, გამოიტანდა მერე თეფშით, ჩამოისხამდა ტყემლის საწებელს,მომიჯდებოდა გვერდით სკოლიდან დაბრუნებულ ამ მშიერ ბაღანას და თან ჭამდა და თან მირტყამდა!

 

თუ რამეს ვერ გავიგებდი და ვიკითხავდი "რა, ლილი მას"? "ბნედაო!"-მომაძახებდა. ჰოდა, რა მევიოლინოსგასაღებებოდა და მეგამებოდა ერთი,თქვენი ჭირიმე! თან, ისე მიგრეხდა თითებს ხელის დაყენების დროს, რომ ვიოლინო-ბანის გასაღებებთან ერთად, ჩვენი სახლის გასაღებიც შემჯავრდა, ზოდელავებისაც და ცხონებული გლინკაც თავისი ეტიუდებიანად!

 

ფისო ჰყავდა ერთი,ისიც პატრონივით ბოროტი. ჩამოუსკუპდებოდა კალთაში და როცა ლილი მასი სახაზავს ასწევდა, ეს ძუნძგლიანი ფისოც მაშინ იწყებდა ზმორება-კრუტუნს! ეჭვი არ იყო, მასაც ისევე სიამოვნებდა ჩემი წამება, როგორც პატრონს, თორემ არა მგონია, გამებისა სცოდნოდა რაიმე, და ასე შეხმატკბილებლურად მაუფლებდნენ დიდ ხელოვნებას ფისო და ლილი მასი!

 

ერთხელაც მივედი, ქალბატონი მუსიკოსი მეორე ოთახში ტელეფონზე ლაპარაკობს,შემწვარი კარტოფილით გავსებული თეფში კი პიანინოზე დაუდევს და იქვე ფისო თვლემს...აბა, მიდი დაიწყე, აქედან გისმენო!- გამომძახა მეორე ოთახიდან.დავიწყე და დავიწყე ! ვეცი კარტოფილს, თან ვილუკმები, თან ვუკრავ ! ნუუუუ, დაკრულზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ჭამა კი კარგად გამომდის!

 

ლილი მასი კი ოთახიდან მიყვირის:"ერთი, ორი, სამიიი... დაიცა , მოვიდეეეე, რას გიზააააამ !!! ოთხი, ხუთი, ექვსიიი, დაააა!.."შემოსცხებს თუ არა ამ " დაა"-ს, დავტაცებ ერთ ხელს შემწვარ კარტოფილს, გავიქანებ პირში, ხოლო მეორე ხელით კლავიშებს ჩამოვცხებ, ფეხებით კი კატა მყავს მომწყვდეული და თან გლინკას გამომეტყველებით ვითვლი: "ერთიიი...ორიიი, სამიიი...! დაააა.... ოთხი, ხუთი, ექვსიიიი... შვიდი, რვააა ! "... და ჩუმად ვაყოლებ:" ბნედააა და საცვალი გაგერღვააააა! "

 

როგორ აუსრულდა ჩემი წყევლა და გაერღვა თუ არა საცვალი, არ ვიცი, მაგრამ ეს რომ უკანასკნელი მუსიკალური გაკვეთილი იყო ჩემს ცხოვრებაში, ეს ნაღდია! 


ბოლოს ისევ ფეისბუქ-პოსტი, რომლითაც ქალბატონი ივდითი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას გამოეხმაურა, აი ისიც:

“შერეკილთა ლოზუნგების ქვეყანაში კიდევ ერთი ახალი ლოზუნგი აღმოცენდა :" მე მაქვს სექსი, მქონდა და მექნება კიდეც!" ხოლო ვაი იმას, ვისაც არ ჰქონდა, ან არ აქვს, ან მომავალში არ ექნება! ... აი, მაგალითად, ჩემი ბავშვობის მეგობარი თინიკო, რომელიც არასოდეს გათხოვილა და დღესაც ქალწულია! წეღან მობილურზე დამირეკა და შემომჩივლა, რა ვქნა, რა გზას დავადგე და კიდევ რა წყალში ჩავვარდე, ხომ იცი ჩემი ქალწულობის ტრაგიკული ამბავი, მეც ხომ მინდა  ავყვე ქვეყნის ფეხის ხმას, ეგებ შენ მიშველო, მწერალი ქალი ხარ, ქვეყანას იცნობ სოცქსელშიც და ისე ქსელშიც, ვინმე ხომ არ გეგულება, ნამუსი რომ ამხადოსო! მასეთი ობობას ქსელში თუ იქნება ვინმე, თორე აქაურ ქსელებში ერთი მონტიორი ჯემალა ვიცი და იმას კაი ორი პირი ცოლ- შვილი ჰყავს და კიდევ ახალგაზრდა საყვარელი, არა, გენაცვალე, არ გამოვა ეგ საქმე- მეთქი! თინიკომ ღრმად ამოიოხრა და ყურმილი დაკიდა...

 

ამ დროს ქალაქის ტელეფონზე მამიდა ზეინაბმა დამირეკა, ყურმილში ჩამკიოდა, თქვენ გამო ვარ უსექსო, თქვენ შემოგწირეთ ჩემი ახალგაზრდობა, თქვე ოხრებო, ქვეყანაში ამისთანა სასიკეთო ძვრებია და მე ქალიშვილი უნდა მივებარო მიწასო? !


რა ვქნა ახლა , მე რა ვუშველო თინიკოსა და ზეინაბ მამიდას? 


და უცებ გონება გამინათდა !დღევანდელი გამოსვლა ჩვენი თავკაცისა და საზეიმო ფიცი !სექსუალურად შეჭირვებული ერის წინაშე დადებული - თქვენ გვერდით მიგულეთ, ჩაგრულნო,თითოეული ჩემი მოქალაქის გვერდით ვდგავარ, იცოდეთ, რომ მე აქამდეც მქონდა და ამიერიდანაც მექნება მდიდარი სექსუალურიი ცხოვრებაო!!! ვაშააააა და შვებით ამოვისუნთქე !..

 

ჰოდა, მე რას მირეკავთ, თქვე კაი ქალწულნო,აგერ პრეზიდენტის პატიოსანი სიტყვა და საქვეყნო- მამულიშვილური საქმე!გეშველათ, ქალწულნო თინათინ და ზეინაბ და ეგაა, გეშველათ!!!


ლაურა აბრამია

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 25283
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია