დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
"გვირილობა" თუ "ქუთაისობა" - საკითხავი აი, ეს არის...
2016/05/03 20:07:54

ქუთაისში დღეს "გვირილობა" აღინიშნა. ეს დღესასწაული მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე დაიბადა ევროპაში, ჭლექიანთა დასახმარებლად და შემდგომ საქართველოშიც აღინიშნებოდა. მათ შორის - განსაკუთრებულ ტრადიციად დამკვიდრდა ქუთაისში. თუმცა, რატომღაც ბოლო პერიოდში "გვირილობა" და ტრადიციული ორმაისობა-ქუთაისქალაქობა, რომელსაც გაცილებით მეტი ისტორია აქვს, თითქმის გაიგივდა და მხოლოდ "გვირილობის"  ზეიმად იქცა. წელს  ქუთაისში ხელისუფლების გადაწყვეტილებით,"გვირილობა" 7 დღეს გაგრძელდება. http://www.psnews.ge/index.php?m=68&news_id=59747


ალბათ, უპრიანი იქნება, კვირეულის ბოლოს დავთვალოთ, რისთვის უფრო მეტი თანხა დაიხარჯება ამ კვირაში - ე.წ. ტაშ-ფანდურისა და გართობისთვის თუ ტუბერკულოზით დაავადებულთათვის.

 

თუმცა მანამდე მოკლედ გეტყვით, რომ დღეს "გვირილობის" აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან, ქუთაისის დალოცვით დაიწყო. საზეიმო პარაკლისი ქუთათელ - გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ გადაიხადა. ბაგრატის ტაძარში, უცხოელ სტუმრებთან ერთად ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე იმყოფებოდნენ.

 

“ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის და ძირძველი ქუთაისელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ბევრს უყვარს ეს ქალაქი და ამიტომაც გვყავს უამრავი სტუმარი, რომლებსაც ღირსეულად ვხვდებით“- აღნიშნა შოთა მურღულიამ.


„გვირილობის“ აღნიშვნა ქალაქის ცენტრალურ ბულვარში გაგრძელდა, სადაც ქუთაისის ქორეოგრაფიული, საბალეტო ჯგუფების მიერ თეატრალიზირებული შოუ (ფლეშმობი) მოეწყო. საბალეტო ჯგუფების მოსწავლეებმა, ბუშტები ცაში გაუშვეს და რამდენიმე ცეკვით მიულოცეს "ქუთაისქალაქობა" დამსწრე საზოგადოებას.

 

შოუს უცხოელი დელეგატები მერიის შენობიდან ადევნებდნენ თვალს. 


****

 

უფრო კარგად რომ გაერკვეთ, რა საერთო აქვთ და რით განსხვავდება ერთმანეთისგან  "გვირილობისა" და "ორმაისობის" ტრადიცია. ამ თემაზე ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ ჟურნალისტ ნანული ცხვედიანის წერილი, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. და რომელსაც ახლა გთავაზობთ:


დიახ, სამწუხაროდ, ქუთაისის უახლოეს ისტორიაში ჩაუხედავი და დილეტანტი ადამიანების წყალობით, ჩვენი ქალაქის ეს ორი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-კულტურული ტრადიცია ერთმანეთშია აღრეული და ათქვეფილი!

 

ორმაისობა ქუთაისის გაცილებით ადრეული ტრადიცია იყო, იგი მეოცე საუკუნის პირველი წლებიდან აღინიშნებოდა. შემოტანილია საზღვარგარეთიდან, ევროპის ქვეყნებიდან, სადაც მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნებოდა მაისობა - მუშათა მოძრაობასთან დაკავშირებით. შედარებით მოგვიანებით ქუთაისშიც, როგორც დიდ საგუბერნიო ქალაქში, შემოვიდა და მან, ქალაქის ტრადიციებისა და ფასეულობების გათვალისწინებით, სულ სხვა კულტურული დატვირთვა მიიღო.

 

მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ორმაისობის ტრადიცია აღადგინა ქალაქის იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ: მუხნარის ტყეში იმართებოდა მასობრივი სეირნობა, შემოქმედებითი კოლექტივების გამოსვლები, ეწყობოდა ეთნოგრაფიული კუთხეები, სპორტული შეჯიბრებები... მაშინდელი კომუნისტურ-იდეოლოგიური ოფიციალური დღესასწაულების ფონზე, ორმაისობა ჭეშმარიტად სახალხო, პოპულარული დღესასწაული იყო და ათასობით ადამიანი დილიდანვე სიხარულით მიაშურებდა ხოლმე მუხნარის ტყეს.

 

რაც შეეხება გვირილობას, - ეს ტრადიცია მეოცე საუკუნის 10-იან წლებში გაჩნდა ქუთაისში. თავისი ფუნქცია-შინაარსით ისიც საზღვარგარეთიდანაა შემოტანილი და აქაურობას კარგად მისადაგებული. იგი ჭლექიანთა დასახმარებლად გამიზნული საქველმოქმედო კამპანია იყო, ხოლო გვირილა - თეთრი ყვავილი - მისი საერთაშორისო სიმბოლო.

 

"გვირილობა" ტარდებოდა გაზაფხულზე, აპრილის ან მაისის დასაწყისში. ენციკლოპედია "იმერეთზე" მუშაობის დროს ერთ-ერთმა მოქალაქემ მომიტანა მისი ბაბუას - ცნობილი ქუთათური ექიმის ვალერიან ლორთქიფანიძის არქივში შემორჩენილი უზარმაზარი ფოტო, რომელზეც დღევანდელი ისტორიული მუზეუმის შენობის წინ აღბეჭდილია სწორედ გვირილობის მონაწილეთა დიდი ჯგუფი. თარიღი კი ასე აწერია: 1912 წლის 20 აპრილი! (ეს ის ფოტოა, რომელიც სწორედ ჩემგან გავრცელდა სოციალურ ქსელში).

 

უხუცესი ქუთათური ქალბატონების: ვერა გვანცელაძე-ჯიქიასა და ნინო ხათრიძე-ფილიპოვის მოგონებებში აღწერილია და დაცულია ცალკეული დეტალები გვირილობისა. საზოგადოებრივი კომიტეტი, რომელშიც შედიოდნენ ქალაქის წარჩინებული, ავტორიტეტული მოქალაქეები, სამი დღის განმავლობაში ატარებდა ზეიმს. ბულვარში, ქალაქის ცენტრში, ულამაზეს ქალბატონს (სწორედ ერთ-ერთი მათგანი გახლდათ საშა ჩიქოვანი) უკან მოჰყვებოდა გვირილებით სავსე კალათით გიმნაზიელი ქალ-ვაჟი. მოქალაქეებს მათგან უნდა შეეძინათ გვირილა.

 

მშვენიერი ბანოვანი მათ მკერდზე დააბნევდა გვირილას, რომელიც სამი დღე უნდა ეტარებინათ იმის ნიშნად, რომ უკვე გაწეული ჰქონდათ ქველმოქმედება. მოგროვილ თანხას საღამოს კომიტეტს ჩააბარებდნენ, მეორე და მესამე დღეს კი სხვა დედოფალი და სხვა გიმნაზიელები განაგრძობდნენ საქველმოქმედო მუშაობას ბულვარში. სამი დღის შემდეგ კომიტეტი დააჯამებდა შემოწირულობებს და ამ მოგროვილ თანხას ჭლექიანთა დასახმარებლად გაანაწილებდა.

 

ამგვარად, საშა ჩიქოვანი, როგორც გამორჩეული გარეგნობის, აქტიური ქალბატონი, გვირილობის ერთ-ერთი დედოფალი გახლდათ და არა - "აქციის დამფუძნებელი", "ლიდერი" და ლამის ქუთაისში პირველი ქალთა "ენჯეოს" დამაარსებელი, როგორც ვიღაცამ დაწერა და ლამის მთელმა მასმედიამ აიტაცა ფაქტის გადაუმოწმებლად, საქმეში გაურკვევლად!" - წერს ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10197
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია