საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლამ ქართული ენის ისტორია გააცოცხლა - დასაბამიდან დღემდე!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/04/15 19:26:48

„აბა,სკოლას სხვა რა როლი აქვს ამ ქვეყანაზე, თუ პატრიოტული სულისკვეთებით არ აღვზარდეთ მოსწავლეები“ - ამბობს მე-7 სკოლის დირექტორი ენდი ნემსვერიძე

 

ეს დაიწყო უფრო ადრე, ვიდრე 1978 წლის 14 აპრილის მასობრივი გამოსვლები იქნებოდა, უფრო ადრე, ვიდრე ილია იტყოდა „მამული, ენა, სარწმუნოება“, უფრო ადრე, ვიდრე იაკობ გოგებაშვილი „დედა-ენას“ დაწერდა. ეს დაიწყო მაშინ, როცა მოიხაზა პირველი ასო,როცა წამოირთქვა პირველი ბგერა, როცა პირველად ამღერდა ქართველი ქართულად... ეს ის ისტორიაა, გააზრებული არსებობიდან რომ მოგვდევს. ის ისტორიაა, რომელშიც ასობით ადამიანს მიუღია ტალახი სახეში და ლახვარი სულში ქართული ენის დაცვისთვის, გაძლეიერებისა და განვითარებისთვის.



და მაინც, ქართული ენის დღის დაწესება სწორედ 1978
წლის 14 აპრილს უკავშირდება, როცა ერთ მუჭად შეკრული ქართველობა დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე გამოვიდა, ქართული ენის სიწმინდის დასაცავად და აიძულა საბჭოთა კომუნისტური მთავრობა, რომ უკან დაეხია...


წლებია, ამ დღეს,როგორც ყველაზე დიდ გამარჯვებას, ისე აღვნიშნავთ, ვამკობთ ქართულ ენას ქებით და ვუცხადებთ ერთგულებასა და სიყვარულს მას. გამოდიან დიდები,მოხუცები და, რაც მთავარია, გამოდიან ის პატარები, ახალი დაწყებული რომ აქვთ „ანი“ და „ბანი“



ამ კუთხით ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლა ყოველთვის გამორჩეულია, ახსოვთ ყოველი მნიშვნელოვანი დღე და მათ სათანადოდ აღნიშნავენ. ქართული ენისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სათავეში  დაწყებითი კლასის კათედრიდან 12 პედაგოგით დაკომლექტებული გუნდი ჩაუდგა (კათედრის ხელმძღვანელი ნანა ხარჩილავა, პედაგოგები:მ. კოხოძე, მ.ტოფაძე, ი. ლევიძე, ი. ჩხიკვაძე, ც.სინატაშვილი, ლ.გაჩეჩილაძე, ქ. კოსტავა, მ, აფხაიძე, ხ. ხუბულავა, მ. შარაბიძე, მ. გოზალიშვილი;) და 14 აპრილი დიდ ზეიმად აქცია. 


მე-7 სკოლამ წელს „დედაენის“ დღე გრანდიოზულად, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, მშობლებთან, მასწავლებლებთან, მეგობრებთან და ქართულ ენაზე შეყვარებულ ხალხთან ერთად აღნიშნა - „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“.

 

 მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები სკოლიდან ოპერის თეატრამდე მსვლელობით მივიდნენ, მოჰქონდათ ტრანსფარანტები ქართული ენის შესახებ: „ვიცავთ ქართული ენის სიწმინდეს!“, „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!“ „ ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა“ და ისმოდა შეძახილები: „ბარბარიზმებს არა!“ „ჩვენ ვიცავთ ქართული ენის სიწმინდეს!“

 

 

 ბავშვებმა სცენაზე გააცოცხლეს ისტორია დასაბამიდან დღემდე, ქართული ენის წარმოშობიდან -  მის საბოლოო სახეცვლილებამდე. გაითავისას ყველა იმ ადამიანის სახე, ქართული ენის დანვითარებასა და შენარჩუნებაში დიდი როლი რომ მიუძღვით და ერთ რჩეულ საღამოს 7,8,9  წლის ბავშვებში გაიღვიძეს: ილიამ, აკაკიმ, იაკობმა, შოთამ, ზვიადმა, მერაბმა, მეფე თამარმა,წმინდა ნინომ, მწერლებმა, მეფეებმა, გმირებმა. გააცოცხლეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები  ქართული ენის იტორიიდან, ასახეს საქართველოს მრავალგზის დაშლა და გამთლიანება. წაიკითხეს ლექსები ქართველის ტკივილსა და ბედიერებაზე.  კულმინაციისას კი ქართული „მრავალჟამიერი“ ერთხმად დააგუგუნეს

 


მე-7 სკოლის მოსწავლეთა მიერ ქართული ენის გრანდიოზულ აღნიშვნას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი შოთა მურღულია, განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ვაშაკიძე, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ვაჟა ჯუღელი, რომლებმაც ძალიან მაღალი შეფასება მისცეს სკოლის მიერ ორგანიზებულ "დედაენის" დღესასწაულს.



„მოგეხსენებათ, დაწყებითი სკოლა ის უბანია,სადაც ხდება მოსწავლის ძირითადად ფიზიკური, სულიერი, გონებრივი, ერთი სიტყვით, მისი ჰარმონიული ჩამოყალიბება. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობს დაწყებითი კლასის ყველა წარმომადგენელი,აქ ჩვენი მიზანია, აღვნიშნოთ ენის დღე ისე, როგორც ეკადრება ეს მას. ჩვენს კათედრაზე უამრავი მსგავსი ღონისძიება ტარდება. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს დირექტორს ენდი ნემსვერიძეს და სასწავლო ნაწილს, რომ გვაძლევს ასეთ შესაძლებლობებს. მადლობა ყველა პედაგოგს, განსაკუთრებით ლელა გაჩეჩილაძეს, რომელიც გამოირჩევა რეჟისურის საოცარი ნიჭით,თუმცა ამაზე არასდროს საუბრობს. ეს დღე არცერთ მოსწავლეს არ დაავიწყდება და ისინი ნამდვილი ქართველები გაიზრდებიან,“ - გვითხრა ქალბატონმა ნანა ხარჩილავამ, დაწყებითების  კათედრის ხელმძღვანელმა.



პატარებმა სიმღერითა და ცეკვით გაიხსენეს ქართული კულტურა, ტრადიციები. ხალხური მელოდიები გაშალეს ხმებში, აამღერეს ქართული ანბანიც. მე-7 სკოლას გვერდით ედგა მარინა მარჯანიშვილი,რომელიც ბავშვებს დაეხმარა, უკეთ გაითავისებინათ თითოეული როლი და დიდ სცენაზე ეთამაშათ ისე, როგორც დიდ მსახიობებს.


„ამაზე სრულყოფილი ენა, როგორც ორთოგრაფიულად, ისე - მეტყველების თვალსაზრისით, იშვიათია. ეს არის ის ენა, რომელიც 14 ენათა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. მე ძალიან მიხარია,რომ მე-7 სკოლამ ასეთი მასშტაბით, ასეთი პომპეზურობით აღნიშნა დღევანდელი დღე. სწორედ ამ პატარა ბავშვებმა იგრძნეს ქართული ენის ხიბლი, ქართული ენის ძლევამოსილება და შეძლეს მისი გასხივოსნება სცენიდან. მე წელიწადში 3-4ჯერ მიწევს ამ სკოლასთან ურთიერთობა, ეს არის ის სკოლა, რომელიც ყველა ეტაპზე აკეთებს ღონისძიებებს მთელი წლის განმავლობაში. მე მინდა, სხვა სკოლებმაც მიბაძონ მე-7 სკოლას. მოდი, არ მოვასვენოთ ბავშვი,მათ მივცეთ სცენიდან სულიერი საზრდო“,- ამბობს მარინა მარჯანიშვილი,რეჟისორი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ხელმძღვანელი.



პატარები იყვნენ სცენაზე და იყვნენ მაყურებელთა რიგებშიც. გულშემატკივრობნენ და აფასებდნენ თავიანთ  მეგობრებს.
„ჩვენ, პატარებს, გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ უნდა დავიცვათ და არ უნდა დავაბინძუროთ ქართული ენა ჟარგონებით,დიალექტებითა და ბარბარიზმებით. დღეს ზეიმის საყურებლად ვარ მოსული და ვგულშემატკივრობ ჩემს მეგობრებს,მინდა,რომ ძალიან კარგი ზეიმი გამოვიდეს.პირველ კლასელებს და პატარებს კი მოვუწოდებ, რომ არ დააბინძურონ ქართული ენა“,- გვეუბნება ღონისძიების დაწყებამდე 9 წლის საბა ბენდელიანი.



„ძალიან მოწონთ და უხარიათ ბავშვებს მსგავსი ღონისძიებები. ისწავლეს ბევრი რამ, განსაკუთრებით - ლექსები. გაიგეს, რა არის „ვეფხისტყაოსანი“, შეექმნათ მასზე შთაბეჭდილება. მართალია, ძალიან დავიღალეთ,მაგრამ ბედნიერები ვიქნებით მაშინ,როცა ამ მუშაობის შედეგს ვნახავთ“- თავის ემოციას არ მალავს ნონა მიროტაძე,მშობელი.

 

ამ დღის ისტორიას იხსენებს  და ქართული ენის მნიშვნელობაზე  საუბრობს სკოლის დირექტორი ენდი ნემსვერიძე. იგი მსგავს ღონისძიებებში მისი სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებს.


„ერი, როცა კარგავს ბრძოლის უნარს, ეს იმას ნიშნავს, რომ ერი მკვდარია. მე ბედნიერი ვარ და ალბათ, ყველა ქართველი, რომ 1978 წლის 14 აპრილს ქართველმა ერმა  ყველას დაანახა,რომ  ის ცოცხალი იყო და მიუხედავად საბჭოთა იმპერიის სიძლიერისა, მაინც ხმა აიმაღლა. ჩვენ ყოველთვის უნდა აღვნიშნოთ ეს დღე, იმიტომ, რომ ენის გარეშე ერი არ არსებობს და ქართული ენის გარეშე ქართული სახელწიფო ვერ იარსებებს. მე-7 სკოლა თავისი  მასწავლებლებითა და მოსწავლეებით ყველა ეროვნულ დღესასწაულში არის ჩართული. აბა, სკოლას სხვა რა როლი აქვს ამ ქვეყანაზე, თუ პატრიოტული სულისკვეთებით არ აღვზარდეთ მოსწავლეები?“ - სიამაყით აცხადებს  ენდი ნემსვერიძე, მე-7 სკოლის დირექტორი.



რომ არა ტკივილი, სასოწარკვეთა, დაკარგვის შიში, ასე ტკბილი არ იქნებოდა ქართული ენა. ასე შეუპოვრად არ დავიცავდით მის თითო ასოს, მის თითო ბგერას. არ იმღერებდნენ ჩვენი შვილები ქართულად,რომ არა 1978წლის 14 აპრილი, რომ არა ქართველების ერთად დგომა და ქართული ენის თავდაკარგული სიყვარული.



 

მარუსა ხურციძე



'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9201
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია