დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კვირიკაშვილი: პარტია ქართული ოცნება არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას
2016/04/01 01:37:15

მმართველ კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი პარტიები 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას და არა ერთიან ბლოკში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 31 მარტს.


მან ეს განცხადება პარლამენტის რესპუბლიკელ თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც მას შემდეგ შედგა, რაც რესპუბლიკურმა პარტიამ 31 მარტს რამდენიმე დღით ადრე მიღებული გადაწყვეტილება გამოაცხადა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ და ასევე აღნიშნა, რომ ის არჩევნებამდე კოალიციაში რჩება და ინარჩუნებს სამთავრობო და საპარლამენტო თანამდებობებს. 



„მოგეხსენებათ, რომ ქართულ ოცნებაში დიდი ხანია მიმდინარეობდა კონსულტაციები, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიური იყო კონსულტაციები არჩევნებზე გასვლის ფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის მისაღები ფორმა, რომ ქართული ოცნება გავიდეს დამოუკიდებლად არჩევნებში, შესაბამისად, გაკეთდა შესაბამისი განცხადება რესპუბლიკური პარტიის მხრიდანაც“, - განუცხადა ჟურნალისტებს კვირიკაშვილმა, რომელმაც მედიასთან განცხადებები უსუფაშვილთან ერთად გააკეთა.  

 

„მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე საჭიროა გავაგრძელოთ ჩვეულებრივად მუშაობა მთავრობაში. პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მთავრობის სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ ამ რეჟიმში მუშაობა გავაგრძელოთ არჩევნებამდე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

 

„არჩევნების შემდგომ თანამშრომლობის ფორმებზე დღეს საუბარი ალბათ ნაადრევია - საჭიროა, რომ საქართველოს მოსახლეობამ გააკეთოს შესაბამისი არჩევანი“, - განაგრძო მან, „არჩევნებში დამოუკიდებლად პარტიების მონაწილეობა არის ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკა ანუ ამაში განსაკუთრებული არაფერია და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ნორმალური, როდესაც არჩევნებში გავალთ დამოუკიდებლად პარტიები, ხოლო შემდგომში უკვე ხდება ასე თუ ისე გარკვეული კოალიციების შექმნა უკვე მას შემდეგ, რაც ჩატარდება არჩევნები“. 



5-სუბიექტიან მმართველ კოალიციაში პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსა და რესპუბლიკელებთან ერთად ასევე შედიან მრეწველები, კონსერვატოები და ეროვნული ფორუმი. ეს უკანასკნელი ყრილობას 3 აპრილს გეგმავს, სადაც არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე თავის გადაწყვეტილებას მიიღებს.  

 

კვირიკაშვილმა, რომლის ლიდერად არჩევასაც პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო აპრილში დაგეგმილ ყრილობაზე გეგმავს, იმ სხვაობას გაუსვა ხაზი, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდსა და ამჟამინდელ ვითარებას შორის არსებობს. 



„2012 წელს იყო სრულიად სხვა რეალობა, დღეს არის სხვა რეალობა. 2012 წელს იყო არჩევნები, როდესაც ბლოკის ფორმით გავიდა ქართული ოცნება არჩევნებზე; წინასაარჩევნო პროცესი, მოგეხსენებათ 2012-ში იყო ძალიან მძიმე, დღეს რეალობა სხვანაირია, დემოკრატიული განვითარება ამ პერიოდში მნიშვნელოვან ცვლილებებს განაპირობებს. დღეს საარჩევნო პროცესი არის გაცილებით უფრო გამჭირვალე და დემოკრატიული. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს [პარტიების ]არის ნორმალური გადაწყვეტილება, რომელშიც განსაკუთრებული არაფერი არ უნდა ვეძებოთ“, - განაცხადა მან.

 

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობის რესპუბლიკელი წევრები  - თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და  სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი - ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას და  „პოლიტიკური დღის წესრიგი დღესდღეობით, ყოველ შემთხვევაში, არ მკარნახობს არანაირად, რომ რაიმე ცვლილებები მოვახდინოთ მთავრობის შემადგენლობაში“.

 

„ამ კუთხით დღესდღეობით, ყოველ შემთხვევაში და არჩევნებამდე, ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ არ უნდა ველოდოთ ცვლილებებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა და იქვე დასძინა: „თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება იმ მცდელობის წარმატებაზე, რომ ჩვენ ნორმალურ რეჟიმში გავაგრძელოთ ურთიერთობა - პარტიათა შორის ურთიერთობას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა“.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თავის კომენტარში შექმნილ ვითარებას ასეთი შეფასება მისცა: „რესპუბლიკური პარტია და პარტია ქართული ოცნება დღემდე იყვნენ პარტნიორობის რეჟიმში, დღეიდან გადადიან პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში“.

 

„დღეს ბევრი სვამს კითხვას როგორ უნდა მოვახერხოთ მე და ბატონმა გიორგიმ [კვირიკაშვილი] ან რესპუბლიკელებმა და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა თან პარტნიორობა და თან კონკურენტობა? როგორ და ასე. იმიტომ, რომ სხვანაირად ევროპული დემოკრატია არის წარმოუდგენელი, სხვანაირად თუ ყველა კოალიცია არჩევნებს რომ მიუახლოვდება ჩამოიშლება, მთავრობა წავა-წამოვა, უმრავლესობა დაიშლება, მაშინ როგორ წარმოგვიდგენია მრავალპარტიული ცხოვრება, მაშინ მივექანებით ისევ ერთპარტიულობისკენ, რომ ერთი პარტია უნდა მართავდეს და სხვას არავის არსად არ უნდა ესაქმებოდეს. ამიტომ ამ გადმოსახედიდან ეს არის ის პროცესი, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს“, - განაცხადა მან.  

 

„არავითარ შემთხვევაში ჩვენი მოქმედებებით არ დავაზიანებთ ქვეყნის სტაბილურობას, არ გავაჩენთ არანაირ კითხვას ქვეყნის განვითარების ვექტორებთან დაკავშირებით, არ შევუშლით ხელს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას, რომ არცერთი კითხვა არ უნდა გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით ქვეყანაში რაიმე დესტაბილიზაციის საფრთხე ხომ არ არის. ეს არის პასუხი იმ კრიტიკოსებთანაც, რომლებიც ბრძანებენ, რომ რატომ დაუყოვნებლივ არ მიდიხართ ოპოზიციაში? არ მივდივართ. იმიტომ არ მივდივართ, რომ ერთად ავიღეთ პასუხისმგებლობა, ჩვენ ერთად ვმართავთ ქვეყანას და კარგად გვესმის ის, რომ ჩვენი ახლა პოსტებიდან წასვლა ან უმრავლესობის დაშლა პარლამენტში და ა.შ. რა სირთულეებს შექმნის“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

 

„ჩვენ გვექნება ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია, როგორ გვქონდა დღემდე მიმდინარე საკითხებშიც, სამთავრობო საკითხებშიც. პარლამენტში რაზეც  შევჯერდებით უმრავლესობასთან, გვექნება ერთიანი პოზიციები, რაზეც ვერ შევჯერდებით, არც დღემდე იყო ეს ახალი მოვლენა და გვქონდა ხოლმე განსხვავებული პოზიციები, შესაძლოა ეს იყოს უფრო მეტი. აი ამ რეჟიმში გავაგრძელებთ ჩვენ მუშაობას“, - განაცხადა უსუფაშვილმა.  

 

„მე დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი დასრულდება თავისუფალი და სამართლიანის არჩევნებით, რომელიც იმ სხვა კითხვებზეც გასცემს პასუხს ვინ და როგორ იქნება მომავალ ხელისუფლებაში  წარმოდგენილი“, - აღნიშნა მან.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ რესპუბლიკურ პარტიას არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილება მხოლოდ საკუთარი „გადმოსახედიდან“ არ მიუღია.

 

„ჩვენ გვქონდა ძალიან მჭიდრო კონსულტაციები ბატონ გიორგისთან, სხვა პირებთან, კოალიციის ლიდერებთან და ჩვენი გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენთვის ნათელი იყო, რომ პარტია ქართული ოცნების პრიორიტეტია უახლოეს არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა, როგორც პარტიის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 


 
„ამ რეალობაში, ჩვენ რა თქმა უნდა, ვიღებთ ამ გამოწვევას, ვიღებთ ამ რეალობას, რომელიც არის ნორმალური მოვლენა მრავალპარტიული ცხოვრებისთვის“, - განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ „მიღებული გადაწყვეტილება არის გარკვეულწილად ახალი სიტყვა ქართული პოლიტიკური დემოკრატიული სისტემის განვითარებაში და წინსვლაში“.



კითხვაზე, რა გავლენას იქონიებს რესპუბლიკურ პარტიაზე ეს გადაწყვეტილება, უსუფაშვილმა უპასუხა: „ჩვენ იმიჯს დააზარალებს სახელმწიფოს, ქვეყნის და ხალხის წინაშე უპასუხისმგებლო მოქმედება, ჩვენს იმიჯს გააძლიერებს ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიციები იმისთვის, რომ ჩვენი პარტიული პოზიციებიდან გამომდინარე კი არ ვავნოთ საქმეს, არამედ ვარგოთ საქმეს - ეს გააძლიერებს ჩვენს იმიჯსაც და ქართული ოცნების იმიჯსაც“. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5250
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია