დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საარჩევნო ადმინისტრაცია მაჟორიტარული ოლქების საზღვრებზე მუშაობს
2016/03/15 11:13:35

საარჩევნო ადმინისტრაციამ დაასრულა მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებზე მუშაობის პირველი ეტაპი. როგორც ცნობილია, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის უკვე დადგენილია მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები, გარდა ქალაქ თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავისა.


საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ზემოაღნიშნული ქალაქებისა და კანონით განსაზღვრული შესაბამისი ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნის და მათ საზღვრებს ადგენს  ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო). 


გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების უზრუნველსაყოფად, ცესკო განსახილველად წარმოადგენს პროექტს საარჩევნო ოლქებისა და მათი საზღვრების შესახებ, აგრეთვე შესაბამის რუკებს. აღნიშნული მოიცავს ოლქებში შემავალი ტერიტორიების, ქუჩების და მათი ნომრების შესახებ ინფორმაციას  30 მაჟორიტარული ოლქისთვის. კანონის თანახმად, თბილისში იქმნება 22 მაჟორიტარული ოლქი (მუხლი 1101  მე-2 პუნქტი), ქუთაისში 3 (მუხლი 1101 , 24-ე პუნქტი), ბათუმში 3 (მუხლი 1101  39-ე პუნქტი) და რუსთავში - 2 (მუხლი110 1  , მე-8 პუნქტი).


ცესკო მიმართავს საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, მათ შორის  პარტიებს, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, გაეცნონ სამუშაო დოკუმენტებს და წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები/რეკომენდაციები მიმდინარე წლის 21 მარტის ჩათვლით. კომისია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში, გეგმავს სამუშაო შეხვედრის ორგანიზებას დაინტერესებულ მხარეებთან, სადაც წარმოდგენილი რეკომენდაციები დამატებით განიხილება. 


აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით, საზღვრებზე მუშაობისას დამატებით იხელმძღვანელა საერთაშორისო პრინციპებითა და კრიტერიუმებით, როგორიცაა: გეოგრაფიულ-ფიზიკური მახასიათებლები, არსებული ადმინისტრაციული საზღვრები, ამომრჩეველთა თანაბარი რაოდენობა, ტერიტორიული სიახლოვე და მოსაზღვრეობა, კომპაქტურობა, პროპორციულობა, მომსახურების შესაძლებლობა და სიმარტივე. საზღვრების მუშაობის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები.


 

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები უნდა შექმნას და მათი საზღვრები და ნომრები განსაზღვროს არაუგვიანეს 2016 წლის 1 აპრილისა, ხოლო მათი დაზუსტება შესაძლებელია 2016 წლის  1 ივნისამდე.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5711
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია