2016 წლის 4 თებერვალს პირველი სტუმარი ეწვია ზღაპართოთახს. ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის შშმ ბავშვთა დღის ცენტრი ,,ჯადოსნური სამყარო’’ განსაკუთრებულად არჩევდა სტუმარს, თუ ვინ იქნებოდა წარმატებული პროექტის ახალი მეზღაპრე. დღეს შედგა პირველი ზღაპრის საათი და ჩვენი სტუმარი სახალხო დამცველის რწმუნებული იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის რეგიონში მადონა ბასილაძე გახლდათ.
პროცესი შთამბეჭდავად წარიმართა, ბავშვები როლური თამაშისათვის ემზადებოდნენ. სტუმარს გააცვნეს თემატიკა, თამაშის არსი და რადგან წითელქუდას გმირების სახეები უნდა მოერგოთ, სთხოვეს ზღაპართმთხრობელს მათთვის წითელქუდა წაეკითხა. ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ შემოქმედებით პროცესში.
ქალბატონმა მადონამ დღის ცენტრს საჩუქრად სულხან–საბას იგავ არაკების კრებული გადასცა და კრებულიდან ერთ–ერთი იგავი წაიკითხა. გამორჩეულმა მეზღაპრემ ორ ახალ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი, ტრადიციად დამკვიდრდა ზღაპართან ერთად ერთი იგავარაკის გაცნობა ყოველ ახალ სტუმართან ერთად და მომდევნო სტუმარიც თვითონ შეარჩია, სახალხო დამცველის რწმუნებულმა მოწვევა თოჯინების სახელმწიფო თეატრის მსახიობს გადასცა.
ზღაპართოთახი 2016 წლის ღონისძიებების პროგრამას სიახლეებით შეხვდა.